დანაწევრებული იდეოლოგია - საბჭოთა მოზაიკები საქართველოში
მოზაიკას საბჭოთა კავშირში ყველგან შეხვდებოდით: სამთავრობო შენობებზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, მატარებლის სადგურებსა თუ უზარმაზარ ქარხნებზე. პატარა, ფერადი ნატეხებისგან შემდგარი კომპოზიციები 1930 წლიდან მოყოლებული იმ მშვენიერ ცხოვრებასა და ნათელ მომავალს გადმოგვცემდნენ, რომელსაც საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკები აშენებდნენ "ხალხისათვის ხალხისვე დახმარებით". დრო გადის და მოზაიკებიც თანდათან ხუნდება, როგორც წარსული ცხოვრების მოგონებები.
მოზაიკა ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის გარე კედელზე გვაჩვენებს მუშებს, რომლებიც იმ დროისათვის თანამედროვე ტექნოლოგიას ქმნიდნენ. ქარხანა ძირითადად ნავთობის სატუმბ ტექნიკას აწარმოებდა. ფასადმა 1990-იანი წლებიდან ჩამოშლა დაიწყო.
მოზაიკებით შენობების მოპირკეთება პირველად მოსკოვის მეტროში დაიწყო, 1930-იან წლებში, და 1960-იანი წლებისთვის უკვე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გავრცელდა: სკოლების შენობებიდან პიონერები გვიღიმოდნენ, ქარხნების კედლებზე კი კუშტი საბჭოთა მუშები შრომობდნენ.
საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი პროგრესის აღწერა არა მხოლოდ ქარხნის კედლებზე, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადზეც ხდებოდა. მაგალითად, ქუთაისში ერთი ჩვეულებრივი შენობის ფასადზე ასეთ მოზაიკას იხილავთ.
ჩაქუჩი და ნამგალი თითქმის ყველა მოზაიკაში ჩანს, როგორც ცალკე მდგომი სიმბოლო ან როგორც კომპოზიციის ნაწილი.
მოზაიკებს ყველა ქვეყანაში საერთო თემა ჰქონდა, ბალტიისპირეთიდან დაწყებული, ყირგიზეთამდე. თუმცა ზოგჯერ ნახატები კონკრეტული ქვეყნისთვისაც იქმნებოდა. მაგალითად, ამ მოზაიკაზე, რომელიც მახინჯაურის საჯარო სკოლის კედელზეა ასახული, ქართველი მოსწავლეები არიან გამოსახული.
რადიშ თორდია, თავისი თაობის გამოჩენილი ხელოვანი, მეტროსადგურ ტექნიკური უნივერსიტეტის კომპოზიციის ერთ-ერთი ავტორია. ეს მოზაიკა 1979 წელს შეიქმნა და მას შემდეგ რადიშ თოდრიას სხვა მოზაიკაზე აღარ უმუშავია. 80 წლის ხელოვანს დღემდე შენახული აქვს მონახაზები. "გრძელი, ბიუროკრატიული პროცესი იყო," - იხსენებს თორდია.
ტექნიკური მეტროსადგურის გაფორმება უნიკალურია, რადგან მოზაიკისა და სმალტის სკულპტურების ნაზავია. თორდია ჩანაფიქრის სრულყოფაზე იდენ ტაბიძესა და აპოლონ ხარებავასთან ერთად მუშაობდა.
ათასობით ფეხით მოსიარულე ისე ჩაუვლის გვერდს მოზაიკას, რომ არც კი გაიხედავს მისკენ. ავტორს აღელვებს ის საკითხი, რომ პანოს შესაბამისად არ ანათებენ და კაშკაშა ფერებს მტვრის სქელი ფენა ადევს.
41 წლის ნინი ფალავანდიშვილი ათეულობით წელია, საბჭოთა ხელოვნებას სწავლობს. ნინიმ სხვა მოყვარულებთან ერთად Google Maps-ზე საქართველოს მოზაიკების რუკის მონაცემთა ბაზა შექმნა. მისი აზრით, მოზაიკა საბჭოთა კავშირში ქუჩის ხელოვნების ეკვივალენტი იყო.
მოზაიკები ხშირად ასახავდნენ რელიგიურ და ისტორიულ სცენებს.
ეს დეკორატიული კედელი ორთაჭალაში შუა საუკუნეების ნადირობას გადმოგვცემს.
ფალავანდიშვილის აზრით, საბჭოთა მოზაიკა ყოველთვის პროპაგანდა არ იყო:
ზოგ შემთხვევაში შენობის დაგეგმვისთანავე იყო გათვალისწინებული მოზაიკის ფასადი. მაგალითად, სავაჭრო კულტურის ცენტრისა და ლაგუნა ვერეს საცურაო აუზის შემთხვევაში. ორივე ჯერზე უზარმაზარი ფასადური მოზაიკა თავიდანვე იყო ჩაფიქრებული.
ფალავანდიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში მოზაიკა და არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის და ორგანულ სტრუქტურას ვიღებთ. იქ, სადაც მოზაიკა მოგვიანებითაა დამატებული, საბოლოო შედეგი იმდენად მომხიბვლელი ან შინაარსიანი არ არის.
თბილისის ტელეგადამცემი ანძის ქვეშ ფალავანდიშვილის ერთ-ერთი საყვარელი მოზაიკაა.
დღეისთვის მოზაიკების უმრავლესობა სავალალო მდგომარეობაშია.
ბათუმის დელფინარიუმი
ბიზნეს ცენტრი აღმაშენებლის გამზირზე, თბილისი
რვაფეხა, ბათუმში წარსულში არსებული კაფე
რვაფეხა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოზაიკური კონსტრუქციაა. ის ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ჩახავამ და მხატვარმა ზურაბ კაპანაძემ დააპროექტეს. მის აგებაზე კი პროფესიონალები მუშაობდნენ, მაგალითად, გზების ინჟინერი პაატა დობორჯგინიძე. ეს მშენებლობა ბათუმის ბულვარში 1975 წელს დასრულდა. ქანდაკება რვა ფეხზე დგას და რვა თაღისებური შესასვლელი აქვს.
შენობის ძირითადი სტრუქტურა სპეციალური ლითონის ხელით გაღუნვით შეიქმნა, შემდეგ კი თხევადი შუშით შეივსო. ექსტერიერი ფერადი ნატეხებითა და ზღვისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმებით შეივსო.
2014 წელს საზოგადოება რვაფეხას დასაცავად გაერთიანდა. ფალავანდიშვილი ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი იყო. მან კაფე "ფანტაზიის" წარსული დღეების ამსახველი გამოფენა მოაწყო. ნაგებობა გადარჩა, მაგრამ მისი რეკონსტრუქცია მაინც არ მომხდარა.
კომენტარები