პანდემიის დასაწყისი: კორონავირუსის დეტექტივების რთული მისია
2 წლის ემილე უამაიუნოუ, ორდღიანი ავადმყოფობის შემდეგ, 2013 წლის 28 დეკემბერს მოკვდა. 8 დღის შემდეგ მისი 3 წლის და ფილომენაც დაიღუპა. შვილების კვალდაკვალ, 2014 წლის 11 იანვარს მათი დედა, სიაც მოკვდა. ოჯახის ყველაზე უხუცესი წევრი, ბებია კუმბაც 3 დღეში გარდაიცვალა. უამაიუნოუების ოჯახი გვინეის სამხრეთ რეგიონში მდებარე სოფელ მელინდუში ცხოვრობდა. 31 ოჯახით დასახლებულ ამ მცირე ტერიტორიას გარს მაღალი ლერწამი და პალმის ზეთის პლანტაციები აკრავს და იგი ე.წ. "ცხელ ზონაში" მდებარეობს — გვინეის, ლიბერიისა და სიერა-ლეონეს საზღვართან. მეზობელი სახელმწიფოები ამ რეგიონში არსებული რესურსებისთვის ერთმანეთს, პერიოდულად, ამ დრომდე ებრძვიან. მძიმე კონფლიქტური სიტუაციის გამო, ჯანდაცვის რესურსებზე წვდომა გართულებულია, რის გამოც უამაიუნოუს ოჯახის ამოწყვეტამ სოფლის მაცხოვრებლები განსაკუთრებით დააფრთხო და ადგილობრივი ექიმები საგონებელში ჩააგდო. მათ პატარა ემილეს სიცხე ვერაფრით დაუგდეს და პირღებინება ვერ შეუჩერეს: დაავადების ასეთი მიმდინარეობა და სიმპტომატიკა ექიმებს აქამდე არ ენახათ. შესაბამისად, განგაშის ზარებიც არავის შემოუკრავს. ერთი ოჯახის ტრაგედია მალევე საგანგაშო მასშტაბებამდე გაიზარდა: დაავადება 3 ქვეყანაში გავრცელდა და მან 3 800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემია დაიწყო.
სოფელ მელინდუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები 2014 წლის აპრილში ჩავიდნენ. მათ შორის ერთ-ერთი გერმანელი ვეტერინარი, ფაბიან ლეენდერცი იყო. ემილეს მეგობრების გამოკითხვით, მან მალევე დაადგინა, რომ პატარა ხშირად სახლიდან 50 მეტრის დაშორებით მდებარე ხესთან თამაშობდა. როგორც აღმოჩნდა, სოფლის მოსახლეობამ მათ თავს დატეხილი ტრაგედია ამ ერთ კონკრეტულ ხეს დაუკავშირა და მათ 24 მარტს მისი დაწვა სცადეს. ამას "ღამურების წვიმა" მოჰყვა, ამბობდნენ მელინდუს მცხოვრებნი.
WHO-ს ოთხკვირიანმა ექსპედიციამ ებოლას ეპიდემიის პირველი დღეები საოცარი სიზუსტით აღადგინა. როგორც გაირკვა, სოფლის ირგვლივ არსებული ტკბილი ლერწამი და პალმის ზეთის პლანტაცია ხილისმჭამელ ღამურებს იზიდავს, რომლებიც ჯგუფებად, ხის ფესვებში იდებენ ბინას. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ებოლას ვირუსის გადამტანები იყვნენ და სწორედ მათთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა პატარა ემილე. ამ მოვლენიდან 7 წლის თავზე, ფაბიან ლეენდერცი კორონავირუსის პანდემიის პირველ დღეებში გარკვევას ცდილობს.
აშშ-ს მთავრობამ 2009 წელს უცნობი ვირუსების კვლევის პროგრამა PREDICT წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ისეთ ვირუსებს შეისწავლიდნენ, რომელთაც ადამიანებში გავრცელება და პანდემიების გამოწვევა შეეძლოთ. პროგრამა 31 ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და მასში ჩინეთიც აქტიურად იყო ჩართული. მიუხედავად ამისა, ეს ვირუსებზე დაკვირვების საერთაშორისო ღონისძიებების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა და ირონულია, რომ მან არსებობა 2019 წლის სექტემბერში შეწყვიტა — USAID-მა მისი დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მონიტორინგის ასეთი მექანიზმების პირობებშიც კი მეცნიერებს კორონავირუსი თვალთახედვის არედან მაინც გაეპარათ. ამის მიზეზი დაკვირვების დიდ ქსელში არსებული ხარვეზებია. ექსპერტები ამას დაზიანებული ბადით თევზაობას ადარებენ: თუ ბადე კარგად არ არის მოქსოვილი, დაჭერილი თევზი მეთევზეს აუცილებლად გაუსხლტება. მსგავს პროგრამებში ყოველთვის ცოტა ადამიანია დასაქმებული და მათთვის გამოყოფილი ფინანსებიც მწირია. ამის პარალელურად, შესასრულებელი საქმე კოლოსალური მასშტაბებს აღწევს: ამჟამად მკვლევარების მიერ ცხოველებიდან ადამიანებში გავრცელების პოტენციალის მქონდე დაახლოებით 600 000 უცნობი ვირუსია აღწერილი. ვირუსის დეტექტივები მათ ველური ბუნებისა და ადამიანების კვეთის წერტილებში ეძებენ. ასეთი სივრცეები გარეული ცხოველების ფერმები, ბაზრები და საყოფაცხოვრებო სივრცეებია. მკვლევარები განსაკუთრებული ყურადღებით ისეთ სახეობებს აკვირდებიან, რომლებიც ვირუსების რეზერვუარებს წარმოადგენენ: ღამურებს, ვირთხებს და მაიმუნებს. ახლად აღმოჩენილი პათოგენები სპეციალურ ლაბორატორიულ შემოწმებას გადიან, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ცდილობენ გაერკვნენ, შეუძლიათ თუ არა ამ უცნობ გამომწვევებს ადამიანების ინფიცირება.
ვირუსთა დეტექტივები კორონავირუსებს კარგად იცნობენ. 2002 წელს ამ პათოგენმა მწვავე რესპირატორული ვირუსის (SARS) ეპიდემია გამოიწვია და მისი სამშობლო ჩინეთი იყო. 2007 წელს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თავიანთ სამეცნიერო სტატიაში SARS-CoV ვირუსები "წამზომიან ბომბს" შეადარეს. ამის თქმის საშუალებას მათ ისიც აძლევდა, რომ სამხრეთ ჩინეთში ისეთი ეგზოტიკური ცხოველების ჭამის კულტურა აქვთ, რომელთაც ვირუსის აღება ღამურებიდან შეუძლიათ. მეცნიერთა თქმით, ასეთი პრაქტიკა ადამიანებს უცნობი პათოგენების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდიდა.
ამჟამად, მეცნიერთა ჯგუფი შემდეგ კითხვებზე ცდილობს პასუხების მოპოვებას:
- რა აჩვენა ვუხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებულმა ნიმუშებმა?
- არსებობს თუ არა ეპიდემიოლოგიური მონაცემები ყველაზე ადრეულ შემთხვევებზე? ჰქონდათ თუ არა მათ მოგზაურობისა და ცხოველებთან კონტაქტის ისტორია? შენახულია თუ არა სისხლისა თუ ცხვირ-პირხახის ღრუდან აღებული ნიმუშები?
- რამდენად აგრესიული იყო ეპიდემიოლოგიური კვლევები კორონავირუსის გამოჩენამდე?
- ტარდებოდა თუ არა ვირუსოლოგიური სკრინინგი ღამურებზე, პრიმატებზე, ირმებსა და მღრღნელებზე?
- ჩატარდა თუ არა ვირუსის მიმართ მოწყვლადი მოშინაურებული ეგზოტიკური ცხოველების სკრინინგი?
- ცხოველთა ფერმებიდან აღებული ანალიზები თუ არის ხელმისაწვდომი?
- ჩატარდა თუ არა ფართომასშტაბიანი სკრინინგი მოსახლეობის იმ ჯგუფებში, რომელთაც ღამურებთან და სხვა ეგზოტიკურ ცხოველებთან მჭიდრო შეხება აქვთ?
- არსებობს თუ არა რაიმე სახის რეპორტი, რომელიც პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე შესაძლო ინფიცირებაზე მიანიშნებს?
- ხელმისაწვდომია თუ არა კანალიზაციის ვირუსოლოგიური ანალიზები?
- რა ექსპერიმენტები ტარდებოდა ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში?
ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში დეტექტივებმა ლოკალური ეკოლოგია და ცხოველთა დისტრიბუციის რუკები უნდა შეისწავლონ. ისინი ასევე კარგად უნდა გაერკვნენ ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობის თავისებურებებში, ჩაუღრმავდნენ მათი ვაჭრობის კულტურულ და ეკონომიკურ მრავალფეროვნებას. ეს ყოველივე საოცრად რთულად ჟღერს და ასეც არის: მეცნიერთა ჯგუფს დამღლელი და რთული სამუშაოს ჩატარება უწევს.
ვირუსის დეტექტივთა ჯგუფის შემადგენლობა ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ რჩებოდა. სპეციალისტები WHO-ს ეპიდემიების გლობალური აღმოჩენისა და პასუხის ქსელიდან (GOARN) შეარჩიეს. ეს ერთგვარად დახურული და ვიწრო სამეცნიერო საზოგადოებაა, რომელშიც ეპიდემიებთან გამკლავების გამოცდილების მქონე სპეციალისტები არიან გაწევრიანებულები. WHO-ს მიდგომა მკაცრად გააკრიტიკა კრისტიან დროსტენმა, კორონავირუსთან ბრძოლის გერმანულმა სახემ და ბერლინის შარიტეს ჰოსპიტლის ვირუსოლოგმა. მისი აზრით, საყოველთაო ინტერესის გათვალისწინებით, ბევრი კომპეტენტური სპეციალისტი უშანსოდ დარჩა. მათ შორის აღმოჩნდა თვითონ დროსტენიც, რომელსაც მიწვევის მეილი კი მიუვიდა, მაგრამ წაკითხვა ვერ მოახერხა — იგი ამ დროს ოჯახთან ერთად ისვენებდა.
დეტექტივთა ჯგუფს პიტერ ბენ ემბარეკი ხელმძღვანელობს, დანიელი მეცნიერი, რომელიც საკვებისა უსაფრთხოებისა და ზოონოზური დაავადებების ექსპერტია. პანდემიის წარმომავლობას მასთან ერთად მერიონ კუპმანსი იკვლევს, მოლეკულურ ეპიდემიოლოგიაში სპეციალიზირებული ვირუსოლოგი, რომელმაც 2013 დაამტკიცა, რომ ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) გამომწვევი ვირუსის შუალედური მასპინძელი აქლემები იყვნენ. იგი მაშინ კორონავირუსის მკვლევართა ჯგუფის სხვა წევრთან, ელმუბაშერ ფარაგთან ერთად მუშაობდა. კუპმანსი პანდემიის მართვაშიც აქტიურად იყო ჩართული: სწორედ მან გამოიკვლია SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელება ევროპის ქვეყნების წაულების ფერმებში. გარეული ცხოველების ჩინურ ბაზრებში ვირუსების გავრცელების თავისებურებებზე ჰანგ ნგუენი იმუშავებს. წარსულში მან დეტალურად შეისწავლა ვიეტნამისა და სამხრეთ აზიის ბაზრებსა თუ სასაკლაოებში სალმონელასა და სხვა ბაქტერიების გავრცელება. ვუხანის ვირუსოლოგიურ ინტიტუტთან მჭიდრო კოლაბორაციას ჯგუფი პიტერ დაშაკის დახმარებით გეგმავს. იგი კორონავირუსებს ათწლეულებია, რაც იკვლევს და მას უშუალოდ ვუხანში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. დეტექტივთა შემადგენლობაში ასევე არიან მეცნიერები დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და იაპონიიდან.
კორონავირუსის პანდემიის დასაწყისის ძიება საკმაოდ გაჭიანურდა, რისი მიზეზიც ადამიანური რესურსის სიმწირეა: WHO-ს 7 000 თანამშრომელი 150 ქვეყანაშია განაწილებული და მიმდინარე პანდემიის პირობებში მათი ყურადღება სხვა მხარეს იყო მიქცეული. მსგავსი სრულმასშტაბიანი კვლევის ჩასატარებლად დიდი საველე სამუშაოებია ჩასატარებელი, რაშიც მკვლევარებს დახმარება ქვეყნებმა და ქვეყნის შიგნით მომუშავე მეცნიერებმა უნდა გაუწიონ. დაკარგულ დროსთან ერთად დაიკარგა ძვირფასი ეპიდემიოლოგიური ინფორმაციაც, რასაც პანდემიის პირველი დღეებისთვის ნათელი უნდა მოეფინა. მაგ: ვუხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში სრული დეზინფექცია ჩატარდა, 2020 წლის იანვარში ეპიდემიოლოგიური კონტაქტების გამოკვლევა კარდაკარ სიარულით იყო საჭირო, მაგრამ ამ დროს ქალაქში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა, ერთ-ერთი ყველაზე პირველი პაციენტები მოკვდნენ და რამდენად ჯეროვნად გამოკითხეს ისინი ჩინელმა ექიმებმა, უცნობია. თუმცა, 1 წლის თავზე კი რაღაც კვალის მოძიება მაინც შესაძლებელია. შედარებისათვის: 2003 წელს SARS-ის გამომწვევი ვირუსის პირველწყაროს მოსაძიებლად დეტექტივები ჩინეთში 3 თვის დაგვიანებით ჩავიდნენ, მაგრამ ეპიდემიის დასაწყისში ჯეროვნად გარკვევა მაინც მოახერხეს.
კორონავირუსის გენომის გასაჯაროებიდან მალევე გასაგები გახდა, რომ იგი ჩვენთან, დიდი ალბათობით, ღამურებიდან მოხვდა. თუმცა, ვირუსს ადამიანებამდე მოსაღწევად, სავარაუდოდ, შუალედური მასპინძელი დასჭირდა. შუალედური რგოლის როლი პანგოლინებს ერგოთ. უცნაურად დაქრცვინული ეს ეგზოტიკური ცხოველი სინამდვილეში ყველაზე კონტრაბანდული არსებაა მთელ დედამიწაზე: მის ხორცს საჭმელად იყენებენ, ხოლო გარქოვანებულ საფარველს — ჰომეოპათიურ ჩინურ მედიცინაში.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პანგოლინის ქერცლი სამედიცინო თვალსაზრისით სრულიად გამოუსადეგარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარეული ცხოველი ვუხანის თევზის ბაზარში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ნაპოვნი ვერ იქნა, გამორიცხული არ არის, რომ იგი იქ არალეგალურ გაყიდვაში მაინც ყოფილიყო. იმის ზუსტად გასაგებად, თუ როგორ "გადმოხტა" ვირუსი სახეობებს შორის, პირველი პაციენტის (Parient Zero) პოვნაა საჭირო. მის მოსაძებნად დეტექტივები ეპიდემიოლოგიურ და გენეტიკურ კვალს უნდა გაყვნენ, როგორც ამას ბიოლოგი ლინფა ვანგი შენიშნავს. იგი ღამურებში მოცირკულირე კორონავირუსებს SARS-ის ეპიდემიიდან მოყოლებული იკვლევს, რის გამოც მას კოლეგები The Batman-ს ეძახიან. მისი თქმით, პანდემიის შესახებ გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისგან განსხვავებით, რეალური სამუშაო Powerpoint-ის პრეზენტაციებითა და იდეების გაცვლა-გამოცვლით უფრო კეთდება, ვიდრე საველე პირობებში ჩატარებული კვლევებით.
მეცნიერთა ჯგუფი ჩინეთში 2021 წლის იანვარში ჩავიდა, თუმცა, მათ ვიზიტს უხმაუროდ არ ჩაუვლია. როგორც აღმოჩნდა, მკვლევართა ნაწილს ვიზა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული, რამაც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ბიუროკრატიული გაურკვევლობა მალევე მოგვარდა და დეტექტივები ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ მუშაობასაც შეუდგნენ. უპირველეს ყოვლისა, მათ ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს მიაშურეს, რადგანაც ეს უკანასკნელი საყოველთაო ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. ამ დაწესებულებას აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ღიად ადანაშაულებდა ვირუსის გავრცელებაში და აღნიშნავდა, რომ ამის დასამტკიცებლად დაზვერვის ინფორმაციაც გააჩნდა. ვირუსის დეტექტივებმა ამ საკითხს წერტილი საბოლოოდ დაუსვეს: ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორია "უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა". ამ განცხადების შემდეგ, გამოცემამ Тhe Washington Post სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა და აშშ-ს ხელისუფლებას დაზვერვის განკარგულებაში არსებული ინფორმაციის გასაჯაროება მოსთხოვა, რათა პოლიტიკური სპეკულაციებისა და დეზინფორმაციისათვის ადგილი აღარ დარჩეს.
იმის ფონზე, რომ ასეთი პროცესები მაქსიმალური გამჭვირვალობით უნდა მიმდინარეობდეს, ჩინეთის ნაბიჯები, ერთი შეხედვით, რთული გასაგებია. კორონავირუსის გამოჩენიდან დღემდე, ოფიციალური პეკინის განცხადებების ტონი და შინაარსი ბევრჯერ შეიცვალა. ამას ისიც ემატება, რომ ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, ჩინეთი მკვლევარებს ნედლ ინფორმაციაზე (Raw Data) წვდომას არ აძლევს. ეს ბევრ მეცნიერს აფიქრებინებს, რომ ჩინეთი ვირუსის დეტექტივებს მხოლოდ იმ ინფორმაციას გაუზიარებს, რაც მას თვითონვე აწყობს. კომუნისტური პარტიის მიერ მართული ქვეყნისთვის სამეცნიერო კვლევის შედეგები პოლიტიკური თვალსაზრისთ მგრძობიარე საკითხია და ამას იქ მომუშავე მეცნიერებიც კარგად იაზრებენ. მიუხედავად ამისა, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარი მართლაც ღამურები არიან, მაგრამ პროცესის პირველწყარო ნაკლებად სავარაუდოა ვუხანი ყოფილიყო. ეს სრულიად ლოგიკური მიგნება გამოდგა, რადგანაც ქალაქიდან 1 600 კილომეტრის დაშორებით, იუნანის პროვინციაში, მიწისქვეშა მღვიმეების ლაბირინთი მდებარეობს. სწორედ აქ მობინადრე ღამურების სხეულიდან აღებული მასალაში გამოვლენილ კორონავირუსს ენათესავება SARS-CoV-2. მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა ასევე აღნიშნა, რომ ვუხანში ვირუსი გაცილებით უფრო აგრესიული და გავრცელებული იყო, ვიდრე ეს ოფიციალურ წყაროებში ჩანდა. მისი თქმით, დეკემბრის თვეში აქ ინფიცირებულთა საშუალო რაოდენობა 1 000 ადამიანზე მეტი მაინც უნდა ყოფილიყო.
ვირუსის დეტექტივები მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგანაც მსგავსი კვლევები ერთი ამოსუნთქვით არ ტარდება და მას ზოგჯერ წლები სჭირდება. მიუხედავად ამისა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ოდესმე ბოლომდე გავიგებთ, თუ ზუსტად როგორ დაიწყო კორონავირუსის პანდემია.
2017 წლის 1 დეკემბერს ჟურნალში Nature ღამურების მადევარ ვირუსის დეტექტივებზე მოკლე სტატია გამოქვეყნდა. მეცნიერები იუნანის პროვინციაში, მღვიმეებში მობინადრე ცხვირნალისებრ ღამურებს იკვლევდნენ, რათა 2002 წელს კორონავირუსით გამოწვეული SARS-ის ეპიდემიის პირველწყაროს რაობაში კარგად გარკვეულიყვნენ. ღამურათა ორგანიზმში აღმოჩენილი ვირუსების სექვენირებით მკვლევარები ერთ დასკვნამდე მივიდნენ: გარეული ცხოველების ადგილი ბაზრებში არ არის, რადგანაც ამგვარად ვირუსული ინფექციების აღმოცენების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ SARS-ის ეპიდემიის შემდეგ ასეთი ბაზრების უმეტესობა დაიკეტა, კვლევის ავტორები მაინც ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ რისკი კვლავ ნარჩუნდებოდა.
"ვირუსის ადამიანებში გავრცელებისა და SARS-ის მსგავსი დაავადების გავრცელების რისკი არსებობს", — აღნიშნავდნენ ისინი სტატიაში. ირონულია, რომ მათი ეს წინასწარმეტყველება ზუსტად 2 წლის თავზე ასრულდა — 2019 წლის 1 დეკემბერს ვუხანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
კომენტარები