ქალაქები, ფაქტობრივად, საკუთარი წონის ქვეშ იძირებიან, ამის პარალელურად კი, გლობალური დათბობა ზღვის დონეს მაღლა სწევს.

ჟურნალ AGU Advances-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, გეოფიზიკოსმა ტომ პარსონმა აღმოაჩინა, რომ ისეთი ქალაქები, როგორიცაა სან-ფრანცისკო, შეიძლება 80 მილიმეტრამდე ჩაიძიროს.

თუმცა, პარსონის გამოთვლებში ადამიანები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა არ შედის. შესაბამისად, შეიძლება ქალაქები უფრო ღრმადაც ჩაიძიროს.

ეს ცუდის მანიშნებელია, განსაკუთრებით მეტროპოლისებისთვის. ამავდროულად, რისკი ზღვის დონის მომატების გამო ორმაგად იზრდება.


მოსახლეობა

"მოსახლეობა სანაპიროებზე საცხოვრებლად არაპროპორციულად და მასობრივად გადადის. ეს ზღვისპირა ქალაქებზე დამატებითი დაწოლაა, რამაც შეიძლება დიდი წყალდიდობები გამოიწვიოს", — ამბობს პარსონი.

მაგალითად, სან-ფრანცისკოს წონა, სავარაუდოდ, 1.6 ტრილიონ კილოგრამსაც აღემატება. ამ წონას დედამიწის ლითოსფეროს დაზიანებაც კი შეუძლია.

ნაშრომში პარსონსი ამტკიცებს, რომ სატელიტები და საჰაერო ფოტოსურათები უნდა იქნას გამოყენებული, რათა წყალდიდობების ზონებში უფრო დეტალური ანალიზი გაკეთდეს.

"წყალდიდობები სწორედ ზღვის დონის მატებას და ქალაქების კოლოსალურ წონას უკავშირდება", — ამბობს ის.

გლობალური დათბობის გამო ყინული დნება, წყალი მატულობს, შედეგად, სანაპირო ქალაქები, ფაქტობრივად, ჩაძირვის საფრთხის წინაშე არიან. თუ ქალაქები თავის წონის გამო ქვემოთ იწევენ, ბუნებრივია, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება.