ასტრონომებმა დააფიქსირეს გალაქტიკა, რომელიც კვდება
ასტრონომებმა (ALMA) დააფიქსირეს, რომ შორეული გალაქტიკა სიკვდილს იწყებს. საუბარია, ID2299-ის სახელით ცნობილ გალაქტიკაზე.
ამ პროცესზე დაკვირვება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და კოსმოსის შემეცნებაში კიდევ უფრო დაგვეხმაროს.
გალაქტიკები "კვდებიან" მაშინ, როდესაც წყვეტენ ვარსკვლავების წარმოქმნას. ასტრონომებს აქამდეც შეუნიშნავთ მომაკვდავი გალაქტიკები, მაგრამ ამ პროცესის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ ბოლომდე არ იციან.
ახლა ასტრონომები ამ პროცესს უფრო მკაფიოდ ხედავენ და გაჩნდა იმედი, რომ “სიკვდილის“ წარმომქნელ მიზეზებს უკეთ გავიგებთ.
დაფიქსირებული გალაქტიკა ყოველწლიურად კარგავს 10 000 მზის ღირებულების გაზს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ახალი ვარსკვლავების წარმოებისთვის “საწვავი“ ეწურება. გალაქტიკამ უკვე დაკარგა გაზის თითქმის ნახევარი. ამასთან, ის ჩვენს გალაქტიკასთან შედარებით, ასჯერ უფრო სწრაფად ქმნის ვარსკვლავებს, შესაბამისად, რამდენიმე მილიონ წელში, გაზი სრულად ამოიწურება და მოკვდება.
აღსანიშნავია, რომ გალაქტიკა ჩვენგან 9 მილიარდი სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. შესაბამისად, ეს პროცესი რამდენიმე მილიარდი წლის წინ მოხდა. ამ დროისთვის სამყარო მხოლოდ 4,5 მილიარდი წლის უნდა ყოფილიყო.
ასტრონომები ფიქრობენ, რომ დრამატული სიკვდილი სხვა გალაქტიკასთან შეჯახებამ გამოიწვია. შეჯახების მტკიცებულება დაფიქსირდა “მოქცევითი კუდის“ სახით, რაც თავის თავში ვარსკვლავების და გაზის გრძელ ნაკადს გულისხმობს.
როგორც წესი, შორეული გალაქტიკებიდან მსგავსი მტკიცებულებების დანახვა ძალიან რთულია. მკვლევარებმა ის შემთხვევით დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ გალაქტიკის სიკვდილის პროცესი მაშინ იწყება, როდესაც ვარსკვლავის წარმომქმნელი მასალა კოსმოსში იფრქვევა და გალაქტიკას ახალი ვარსკვლავების შესაქმნელად საჭირო მასალის გარეშე ტოვებს. ამ პროცესის ასახსნელად მეცნიერებს ორი მიზეზი აქვთ. ეს შეიძლება იყოს ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი, ან გალაქტიკის ცენტრში მყოფი გიგანტური შავი ხვრელები.
ახალი კვლევის თანახმად, ეს ორი მოვლენა შეიძლება ერთმანეთში აგვერიოს. ვარსკვლავიდან გამოტყორცნილი გაზი შორიდან შეიძლება ჩანდეს, როგორც შავი ხვრელის მიერ შთანთქმული მატერია, ისევე როგორც პირიქით. ამან შეიძლება მეცნიერებს ბევრი რაღაცა გადააფასებინოს.
ერთი რამ ფაქტია, მილიარდობით წლის წინ დაღუპული გალაქტიკის სიკვდილის პროცესზე დაკვირვება მეცნიერებს ნამდვილად გამოადგებათ.
კომენტარები