როგორ დაიხარჯა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 172 მილიონზე მეტი

ფოტო: On.ge

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

მთავრობის ადმინისტრაციის განკარგულებებისა და საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებების საფუძველზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2016 წელს 172 872 655 ლარი დაიხარჯა. თანხის გადასარიცხად ჯამში 61 განკარგულება და ბრძანება გამოიცა.

On.ge-მ გადარიცხული თანხა პირობითად 18 კატეგორიად დაყო. დაყოფილ კატეგორიებს შორის ჯანდაცვაზე ყველაზე მეტი თანხა - 35 მილიონი ლარი გამოიყო, სპორტულ ღონისძიებებზე - 31,5 მილიონზე მეტი, კულტურულ ღონისძიებებზე (მათ შორის დამოუკიდებლობის დღეზე) - 29,5 მილიონზე მეტი, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სახით სუბსიდირებაზე - 24 მილიონზე მეტი.

ყველაზე ნაკლები თანხა კი კატეგორიების მიხედვით, თავდაცვის საკითხებს - დაახლოებით 253 ათასი ლარი და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებს - 300 ათასი ლარი - მოხმარდა.

ტურიზმი და მეწარმეობის ხელშეწყობა

ფოტო: metekhiuni.edu.ge

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2016 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 5,5 მილიონი ლარი გამოეყო. ამ თანხით ტურიზმის ადმინისტრაციას საქართველოს შემოდგომისა და ზამთრის კომპლექსური მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები უნდა ეწარმოებინა.

განკარგულებაში, რომელიც თანხის გადახდის საფუძვლად არის მითითებული, კიდევ ერთი ხარჯის შესახებ წერია. ამ განკარგულების მიხედვით, მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების საფასურის ნაწილის დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 719 200 ლარი უნდა გამოყოფილიყო.

სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში შეუფერხებლად განსახორციელებლად, სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს 8 799 932 ლარი გადაეცა. კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა ამ თანხით - განკარგულებაში მითითებული არ არის.

კულტურული ღონისძიებები

კულტურული ღონისძიებებისთვის 2016 წლის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 770 637 ლარი გადაირიცხა. ამ თანხიდან ყველზე დიდი ნაწილი, 22 824 887 ლარი, კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდისთვის იყო გათვალისწინებული, თითქმის მეხუთედი - 4 404 512 ლარი კი - რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამისთვის. შედარებით ნაკლები თანხა გაითვალისწინეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის (282 408 ლარი), საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრისთვის (136 543) და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების მართვისთვის (128 199).

კიდევ უფრო ნაკლები დაიხარჯა ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასისთვის (93 500), ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურული ცენტრისთვის (60 397), საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლებისთვის - ერისიონისთის (15 725) და რუსთავისთვის (14 092). მათგან ყველაზე ცოტა კი - ანსამბლ ბასიანზე – 9 950 ლარი.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 67 732 ლარი რუსეთის ფედერაციაში დაცული 4 ქართული ფილმის ასლის დამზადებისთვის მიიღო. ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი 254 ათასი ლარი წიგნის – საუკუნის ტრილოგია ნათელი ქრისტესი საქართველოს, მე-3 ტომის – მზიანი ღამე პატრიარქი - გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა.

დამოუკიდებლობის დღე

კულტურულ ღონისძიებებს შორის ცალკე გამოვყავით 26 მაისის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის 1 488 692,9 ლარი დაიხარჯა.

ამ ღონისძიებისთვის თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 435 678 ლარი მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო. ამ თანხით, მთავრობა ვალდებული იყო მოეგვარებინა ბეჭდვითი, სარეკლამო და ოფიციალურ მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოები.

შედარებით ნაკლები თანხა ერგო საზოგადოებრივ მაუწყებელს. 318 426 ლარად მაუწყებელს თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები უნდა გადაეღო და პირდაპირ ეთერში უნდა გადაეცა.

299 060 ლარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს გადაეცა. ამ თანხად ფიცის დადების ღონისძიებისთვის თბილისსა და 5 რეგიონში თავისუფლების მოედანსა და ხუთ რეგიონში ტექნიკური საკითხები უნდა მოგვარებულიყო.

თითქმის იმავე რაოდენობის თანხა - 295 124 ლარი იყო გამოყოფილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის, რომელსაც 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამა უნდა შეემუშავებინა.

მთავრობის მიერ 26 მაისის ღონისძიებისთვის გადმოცემული განკარგულებით ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები - 110 405 ლარის ოდენობით და სამართალშემოქმედებისა, 30 ათასი კი - ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მართვის ხარჯი.

საგარეო ურთიერთობები

ფოტო: MFA of Georgia

2016 წლის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის 5 953 741 ლარი გამოიყო. ამ თანხის დიდი ნაწილი - 5 389 554 ლარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებით ღონისძიებებს მოხმარდა. დარჩენილი 564 187 ლარი კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატსა და საქართველოს საელჩოს ავსტრალიის თანამეგობრობაში გამოეყოთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 450 277 ლარი გერმანულ გაზეთებში (Suddeutsche Zeitung, Die WELT, Frankfurter Allgemeine Zeitung FAZ) საქართველოს მხარდამჭერი სტატიების, რუბრიკებისა და პუბლიკაციების განთავსების მიზნით გადაერიცხა. საქართველოს საელჩოს ავსტრალიის თანამეგობრობაში - 113 910 ლარი - რა მიზნით გადაერიცხა უცნობია. განკარგულება, რომელიც თანხის გადარიცხვის მიზნობრიობისთვის არის მითითებული, სხვა საკითხს ეხება.

მთავრობამ ევროპულ და ევრაოატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებისთვის 7 განკარგულება გამოსცა, რომლითაც ჯამში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხუთ მილიონზე მეტი გამოიყო.

ამ თანხიდან ყველაზე დიდი ნაწილი - 2 756 859 ლარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მიიღო. 1 683 254 ლარი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, 2016 წლის განმავლობაში კომპანია Cambre Associates-ის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას მოხმარდა. 254 930 ლარი ბათუმში 2016 წლის 14-15 ივლისს საერთაშორისო კონფერენციას - საქართველოს ევროპული გზა. დარჩენილი - 818 675 ლარი კი 2016 წლის სექტემბერში საქართველოში გამართული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას.

2016 წლის სექტემბრის ღონისძიებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატმა, თავდაცვის სამინისტრომ, ანსამბლმა რუსთავი და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ჯამში მათ 103 776 ლარი შეხვდათ.

ამავე ღონისძიებისთვის საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ 290 734 ლარი მიიღო. 100 743 ლარი კი - 2016 წლის 4-17 აპრილს ნატოს კვირეულისა და 2016 წლის 8-24 მაისს ევროპის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

სარეზერვო ფონდიდან 2 137 442 ლარი საქართველოს მთავრობის ადმინსიტრაციას გამოეყო. მთავრობის განკარგულებით, ადმინისტრაციას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები - 2 041 034 ლარი - დაუფინანსდა. თუმცა განკარგულებაში #212, რომელიც მითითებულია გადარიცხული თანხის საფუძვლად, გამოყოფილ თანხად 216 334 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია მითითებული.

მთავრობასვე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურებისთვის, სარეზერვო ფონდიდან 96 408 ლარი გამოეყო.

2016 წლის არჩევნები

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

2016 წელს სხვადასხვა საარჩევნო ღონისძიებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 12 083 691 ლარი გამოიყო. ყველაზე დიდი თანხა - 4 421 392 ლარი - 2016 წლის 30 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და თვითმმართველი ქალაქის − ახალციხის მერიისა და თვითმმართველი თემების − ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურების ჩასატარებლად გამოიყო. 2 460 000 ლარი კი - 2016 წლის ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორივე ტურის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ.

არჩევნების ჩასატარებლად და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთა დაფინანსებისთვის 1 461 666 ლარი გამოიყო. ამ თანხიდან 479 420 ლარი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე გაწეული ხარჯია, 720 700 ლარი კი - 2016 წლის 22 მაისს დაინიშნული გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების ხარჯების დასაფინანსებლად. თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც განკარგულებაში წერია, უფრო ნაკლები თანხა 1 200 120 ლარი უნდა გამოყოფილიყო.

დარჩენილი - 3 740 633 ლარი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არჩევნების მოხელეთა მომზადებისთვის და საარჩევნო სუბიექტების კამპანიებისთვის დაიხარჯა.

სპორტთან დაკავშირებული ღონისძიებები

ფოტო: all2need.com/

ქართული სპორტის მხარდასაჭერად 2016 წლის სარეზერვო ფონდიდან 32 240 291 ლარი გამოიყო. თანხის ერთი ნაწილი - 14 796 829 ლარი ააიპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის ხარჯების დასაფინანსებლად გამოეყო.

თანხის ნახევარზე მეტი - 15 879 275 ლარი 2015 და 2016 წლებში სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული სპორტსმენების, მწვრთნელების, ექიმებისა და სხვა თანამშრომლების პრიზებს მოხმარდა.

ყველაზე ნაკლები თანხა, ერთი მილიონი თანაბრად გადანაწილდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციასა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციას შორის. ამ თანხით ქ. თბილისში, ახალგაზრდა ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის 2016 წლის მსოფლიო პირველობის ჩატარების ხარჯები დაიფარა.

რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები

ფოტო: AP/Gregorio Borgia

საქართველოს მთავრობამ საქართველოში რომის პაპის ვიზიტისა და სამების ტაძრის რესტავრაციისთვის სარეზერვო ფონდიდან 891 525 ლარი გამოყო.

საქართველოში რომის პაპის - ფრანცისკეს ვიზიტის ორგანიზება 198 999 ლარი დაჯდა. შესაბამისი თანხა სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაერიცხა.

ფოტო: intermedia.ge

3-ჯერ უფრო მეტი თანხა - 692 526 ლარი დაიხარჯა სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია - აღდგენისათვის. მთავრობის 2016 წლის 5 მაისის განკარგულებით, სადაც ამ თანხის გამოყოფაზეა საუბარი, მითითებულია, რომ სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის 3 737 400 ლარი უნდა გამოყოფილიყო. მოგვიანებით საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შემცირდა.

თვითმმართველი ერთეულების ტრანსფერი

ფოტო: booking24.ge

თვითმართველი ერთეულებისთვის გადასარიცხად სარეზერვო ფონდიდან სულ 3 140 000 ლარი გამოიყო. ამ თანხიდან ყველაზე დიდი ნაწილი - 1,5 მილიონი ლარი მესტიაზე მოდის.

შედარებით ნაკლები - ჯამში 840 ათასი ლარი მიიღეს ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებმა.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს მთავრობამ 300 000 ლარი გამოუყო. 2016 წელსვე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს ნახევარი მილიონი შეხვდა.

ენერგეტიკის სფერო

ფოტო: BPN.ge

ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, 2016 წლის სარეზერვო ფონდიდან, 4 596 324 ლარი მოხმარდა. ამ თანხის დიდი ნაწილი - 3 807 851 ლარი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირებაა. შესაბამისი თანხა სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაერიცხა.

სარეზერვო ფონდიდან 363 461 ლარი კი კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებისთვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აპარატს გამოეყო.

ენერგეტიკის სამინისტროს აპარატს 2016 წლის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში, 788 473 ლარი გადაერიცხა. თანხის გადარიცხვა მთავრობის 3 განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის 10 ბრძანების საფუძველზე მოხდა. თუმცა, On.ge-სთვის მხოლოდ განკარგულებები გახდა ხელმისაწვდომი.

კახეთის მოსახლეობის გადასახადების სუბსიდირების გარდა, სარეზერვო ფონდიდან 50 500 ლარი სახელმწიფო კომპანია - შპს მარსისთვის გაზისა და ელექტროენერგიის მიყვანას მოხმარდა. კიდევ ერთი განკარგულება (#6), რომლის საფუძველზეც ენერგეტიკის სამინისტროს 37 496 ლარი გადაერიცხა, სავარაუდოდ, არასწორადაა მითითებული.

დარჩენილი 10 ბრძანების საფუძველზე გადარიცხული თანხა ჯამურად 451 456 ლარს შეადგენს.

სუბსიდირება სოფლის მეურნეობაში

ფოტო: Shutterstock

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტებში სარეზერვო ფონდიდან 24 055 069 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხიდან 20 მილიონზე მეტი რთველისა და ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებებს მოხმარდა. რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 11 055 069 ლარი დაიხარჯა, 9 მილიონი კი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებას მოხმარდა.

სარეზერვო ფონდიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვისთვის 3,5 მილიონი დაიხარჯა, დარჩენილი ნახევარი მილიონი კი - ციტრუსის მოსავლის აღებას მოხმარდა. კერძოდ, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ არასტანდარტულ ციტრუსზე დამატებით 10 თეთრი გაიცა.

საგამოძიებო უწყებები

ფოტო: სუს

2016 წელს საგამოძიებო უწყებებმა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 649 996 ლარი მიიღეს. თანხიდან დიდი წილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაერიცხა. 3 999 987 ლარი სუს-ს შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით შეხვდა, დარჩენილი თანხა კი - საქართველოს მთავარ პროკურატურას.

პროკურატურას 650 009 ლარი იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვისთვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარებისთვის, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიებაში დახმარებისა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევისთვის ერგო. ამ თანხათვე ამ პროცესში ჩართული პირების ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაეფარა.

სასამართლოები

ფოტო: Shutterstock

სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხებს 2016 წლის სარეზერვო ფონდიდან 2 142 854 ლარი მოხმარდა. ამ თანხის ერთი ნაწილი - 1 112 118 ლარი სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წარმოების და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების შესყიდვას მოხმარდა.

დარჩენილი ნაწილი - 1 030 736 ლარი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მიიღო. ამ თანხიდან 438 838 ლარი, 2016 წლის 20 თებერვლიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების მხარდასაჭერად გამოეყო. დარჩენილი თანხა - 591 898 ლარი კი - თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა (20), მოსამართლის თანაშემწეების (20) და სხდომის მდივნის (20) რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

დიასპორის საკითხები

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 2016 წლის სარეზერვო ფონდიდან 392 034 ლარი შეხვდა. ამ თანხიდან ნახევარზე მეტი - 201 366 ლარი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოსაცემად გაწეული სანოტარო და საადვოკატო მომსახურების, აგრეთვე ფისკალური გადასახადებისა და კომუნალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა.

დარჩენილი თანხა კი - 2016 წლის 27-28 მაისს ქართული დიასპორის დღის ფარგლებში მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებებსა და 2016 წლის 17-18 ნოემბერს, დიასპორული ფორუმის ქართული დიასპორა, დღევანდელობა და გამოწვევები გამართვას.

გარემოს დაცვის საკითხები

2016 წელს ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის - გარემო ევროპისათვის - ჩატარებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო სამუშაოების პირველი ეტაპის დაფინანსების მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სარეზერვო ფონდიდან 2 822 942 ლარი მიიღო.

ჯანდაცვა

მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 35 მილიონი ლარი გადაერიცხა.

თავდაცვა

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის სარეზერვო ფონდიდან 253 186 ლარი გამოიყო. აქედან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის - 136 434 ლარი, ხოლო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტასთვის 116 752 ლარი.

სამოქალაქო თანასწორობის საკითხები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2016 წლის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარი მიიღო. შესაბამისი თანხის გადასარიცხად მთავრობამ 2 განკარგულება გამოსცა.

განკარგულებებიდან ერთ-ერთი, რომლითაც უწყებამ 240 ათასი ლარი მიიღო, არც საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი და არც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულა. დარჩენილი 60 ათასი ლარი კი თანაბრად გადანაწილდა გაზეთების - ვრასტანისა და გურჯისტანის ფინანსურ მხარდასაჭერად.

სხვა მომსახურებები

სხვა მომსახურებებში გაერთიანდა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ის მომსახურებები, რომლებიც სხვა სფეროებს ვერ მიეკუთვნა. ამ კატეგორიაში მოხვდა სახელმწიფო საპრივატიზაციო ობიექტების აღრიცხვისა და შეფასების ხარჯი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ქირის ხარჯი და განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის გადარიცხული თანხა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფისთვის 746 004 ლარი გადაერიცხა, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ოფისის ქირისთვის კი - 90 636 ლარი გამოიყო. უცნობია, რა მიზნით გადაერიცხა განათლების საერთაშორისო ცენტრს 8 098 ლარი. შესაბამისი განკარგულების მოძიება ვერ მოხერხდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…