COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკვე დაწყებულია, რამაც პანდემიის პირობებში იმედი გააჩინა. თუმცა, მსოფლიოს ზოგ წერტილში, ეპიდსიტუაცია მაინც ძალიან მძიმეა და მოვლენების ახალი განვითარება არც ისე სახარბიელოა. ბრიტანეთში, წინა კვირას განგაში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა აღმოჩინეს, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, რის გამოც ვირუსი შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად გავრცელდეს.

ამ შემთხვევის საპასუხოდ, ბრიტანეთში ამ დრომდე ყველაზე მკაცრი პრევენციული ზომები მიიღეს. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორინ ჯონსონმა განაცხადა, რომ "როცა ვირუსი თავის თავდასხმის მეთოდს ცვლის, ჩვენ თავდაცვის მეთოდი უნდა შევცვალოთ". რკინიგზები ხალხით გაივსო, რათა ადამიანებმა სახლში დაბრუნება მოესწროთ, სანამ ახალი შეზღუდვები ამოქმედდებოდა.

როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსი მსგავს მუტაციებს სამხრეთ აფრიკაშიც განიცდის. უნდა ითქვას, რომ მეცნიერებისთვის ვირუსის მუტაცია გასაკვირი არ არის და ისინი სცენარის მსგავს განვითარებას ელოდნენ. პანდემიის დაწყებიდან მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მსოფლიოში გავრცელებასთან ერთად, კორონავირუსმა ათასობით მცირე მუტაცია განიცადა.

ვირუსის ზოგი ვარიაცია პოპულაციაში, უბრალოდ, ალბათობის პრინციპით ვრცელდება, თუმცა რაც უფრო მეტი ადამიანი ხდება იმუნური ვირუსისადმი და რაც უფრო გახშირდება ვაქცინაცია, ვირუსი სავარაუდოდ, მისი გადარჩენისთვის სასარგებლო მუტაციებს განიცდის.

ვირუსის ბრიტანულ ვარიანტს 20 მუტაცია აქვს, ზოგი მათგანი ადამიანის უჯრედთან მიმაგრებას და ინფიცირებას ამარტივებს. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად და "ეფექტიანად" გავრცელდეს. მაგალითად, ნავარაუდებია, რომ ბრიტანეთში მუტირებული ვირუსი 70%-ით უფრო "გადამდებია". ეს რიცხვი in silico მოდელირებიდან გამომდინარეობს და არა ლაბორატორიული კვლევებიდან.

ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი და სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექსპერტი, მუჯე ცევიკი ამბობს, რომ ახალი შტამის ინფექციურობის ზუსტი შეფასებისთვის მეტი ექსპერიმენტული მონაცემია საჭირო. შესაძლოა, რომ ბრიტანეთში ვირუსის დაჩქარებული გავრცელება, ნაწილობრივ, ადამიანური აქტივობითაა განპირობებული.

ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, ვირუსი ვაქცინისადმი რეზისტენტული გახდება, ამასთან გასამკვლავებლად კი ახალი ვაქცინის შემუშავება იქნება საჭირო. მთელი ეს შრომა კი, რომელიც ვაქცინების შექმნისთვის დაიხარჯა, ფუჭი აღმოჩნდება. თუმცა, მეცნიერები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ისეთი ტიპის მუტაცია, რომელიც ვირუსს ვაქცინისადმი და ანტისხეულებისადმი რეზისტენტულს გახდის, ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. მსგავსი რამ რამდენიმე თვეში ვერ მოხდება და ამ პროცესს წლები დაჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით როგორ მუტირებს ვირუსი და რამდენად საშიშია ბრიტანეთში აღმოჩენილი ვარიაცია, ევროპის არაერთმა ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრები ჩაკეტა, მაგალითად ჰოლანდიამ და იტალიამ. ბელგიის მთავრობამ კი გაერთიანებული სამეფოდან მგზავრობა 24 საათის მანძილზე შეზღუდა. გერმანია სპეციალურ რეგულაციებზე მუშაობს, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან და ბრიტანეთიდან გერმანიაში მგზავრობას ნაწილობრივ შეზღუდავს.

სხვა ქვეყნები, მაგალითად საფრანგეთი, ავსტრია და ირლანდია, ისევე როგორც აშშ, ბრიტანეთიდან ფრენების შეწყვეტას განიხილავენ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ.

საქართველოს NCDC-ისა და მთავრობას, ბრიტანეთიდან საქართველოში წამოსული ადამიანებისთვის დამატებით შეზღუდვაზე ან გაერთიანებული სამეფოდან მომავალი ფრენების შეჩერებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიცია გაერთიანებული სამეფოს ქუჩებში და სადგურებზე გადაადგილებას უფრო მკაცრად გააკონტროლებს. მისი თქმით, ჯონსონის მიერ შემოღებული შეზღუდვები, შესაძლოა, თვეების მანძილზე გაგრძელდეს.

მეცნიერები შიშობენ, რომ ვირუსის მუტაციების სიხშირე კიდევ უფრო საგრძნობლად გაიზრდება, როცა მასობრივი ვაქცინაციის პროგრამები გლობალურად დაიწყება. უახლეს სამეცნიერო კვლევებში ნაჩვენებია, რომ კორონავირუსს მუტირება ისე შეუძლია, რომ მონოკლონური ანტისხეულებისგან თავი დაიცვას. თუმცა, რაც არ უნდა სწრაფად მუტირებდეს ვირუსი, სხეულის თავდაცვის მექანიზმების სრულად აცილება მისთვის ძალიან რთულია.

"ფაქტი ისაა, რომ ჩვენ სხეული ვირუსს ათასობით სხვადასხვა იარაღს უმიზნებს", — ამბობს ალბერტ აინშტაინის სახელობის მედიცინის კოლეჯის ვიროლოგი, კარტიკ ჩანდრანი. "არ აქვს მნიშვნელობა, ცდილობს თუ არა ვირუსი გამოძრომას, ისეთი გენეტიკური თავდაცვის მექანიზმის პოვნა, რომელიც მას სხეულის იმუნიტეტისგან ბოლომდე დაიცავს, რთული იქნება".

მაგალითად, გრიპის ვირუსს 5-7 წელი სჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ ადამიანის იმუნიტეტს სრულად დაემალოს. ექიმები ამბობენ, რომ მომდევნო წელს მოსახლეობის 60%-ის აცრით და ვირუსის გავრცელების შემცირებით, "აპოკალიფტური" სცენარის თავიდან აცილება მარტივი იქნება. ამასთანავე, Moderna-ს და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების განახლება, ახალ გამოწვევებთან ერთად, სავსებით შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე სცენარი შეიძლება არც არასდროს ვიხილოთ, მეცნიერებმა განვითარებულ სიტუაციას ძალიან ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი.