ვინ იქნებიან Startup Grind-ის ქართველი სპიკერები
10-12 დეკემბერს, საქართველო საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიება Startup Grind-ს ონლაინ უმასპინძლებს. სამდღიანი ღონისძიება გააერთიანებს 5,000-ზე მეტ მონაწილეს, 100-ზე მეტ სპიკერსა და სტარტაპებს 35-ზე მეტი ქვეყნიდან. სპიკერების უმრავლესობა სილიკონ ველიდან არის, თუმცა, მათ შორის ქართველი გამომსვლელებიც არიან.
მოდით, გადავავლოთ თვალი, თუ ვინ იქნებიან ქართველი სპიკერები.
ზაზა ფაჩულია - NBA-ს ორგზის ჩემპიონი, Golden State Warriors ბიზნეს კონსულტანტი, ანტრეპრენერი და Angel ინვესტორი. სკოლიდან დაწყებულმა თავდადებულმა შრომამ იგი ევროლიგის ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელად ჩამოაყალიბა, სამ წელიწადში კი უკვე NBA-ის დრაფტზე დადგა.
საკალათბურთო კარიერის პარალელურად მისი ინტერესის სფერო ბიზნესი გახდა. ამ კუთხით უნარების განვითარება დაიწყო და დღეს უკვე საკუთარ, როგორც ანტრეპრენერის გამოცდილებას გვიზიარებს. იგი დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივ ბიზნესში ინვესტირებას - ის არქის, სნეპ ფიტნესისა და Crosty Shoes-ის პარტნიორია. ზაზა ხშირად საუბრობს შეცდომების დაშვების, გამბედაობის, ძლიერი გუნდის ყოლის და თვითდაჯერებულობის მნიშვნელობაზე.
თამაზ გიორგაძე - პირველი ევროპული სადეპოზიტო ბაზრის, Raisin-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი. ფინანსური ონლაინ მომსახურების კომპანიის შექმნა საერთაშორისო ბაზარზე არცთუ ისე მარტივია, თამაზმა კი ეს ბერლინში, ფინანსური ტექნოლოგიების ერთ-ერთ ჰაბში მოახერხა.
თამაზ გიორგაძე 10 წელი McKinsey-ში პირადი დეპოზიტებისა და საინვესტიციო პროდუქტების მიმართულებით მუშაობდა.
2008 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც ბანკები კერძო დაფინანსების მოძიებაზე გადავიდა, მას პლატფორმის შექმნის იდეა გაუჩნდა. მან კომპანია ორ პარტნიორთან ერთად სარდაფის ტიპის ოფისში დააფუძნა, დღეს კი ის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესია ევროკავშირის ბაზარზე. Raisin 2013 წელს დაფუძნდა, დღეს კი 160,000 მომხმარებელს აერთიანებს 31 ევროპული ქვეყნიდან.
ჯორჯ არისონი - სან ფრანცისკოში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მეწარმე და სტარტაპერი. მან 2014 წელს დააარსა კომპანია Shift Technologies და 4 წელიწადში $275,000,000-ზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. Shift-ი გაყიდვების ონლაინ პლატფორმაა მეორადი მანქანებისთვის.
საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე ჯორჯ არისონი, იგივე ირაკლი არეშიძე, Google-ში პროდუქტის მენეჯერად მუშაობდა. 2007 წელს იგი ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის წევრიც იყო. ამ ჯგუფში მუშაობისას, ხშირმა მივლინებებმა გაუჩინა კითხვა, რატომ არ შეიძლება ტაქსის ქუჩაში გაჩერების საკმაოდ პრობლემური პროცედურა ტელეფონში ერთი აპლიკაციით მოგვარებულიყო? საპასუხოდ, 2007 წელს იგი Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი გახდა ბობი რასელთან ერთად. ასე დაიწყო ირაკლი არეშიძის გზა ჯორჯ არისონობამდე.
ჯორჯი “სტარტაპ გრაინდს” 2018 წლის აგვისტოში, ღონისძიებაზე დასწრებისას დაუმეგობრდა და მას შემდეგ განაგრძობს თანამშრომლობას.
მოკლედ, Europe-Asia Connect-ის სპიკერები არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავად გაიარეს გზა სტარტაპიდან წარმატებულ კომპანიამდე, ახლა კი მზად არიან საკუთარი გამოცდილება მონაწილეებს გაუზიარონ. სტარტაპ გრაინდის ძირითადი მიზანი სწორედ ესაა — მსოფლიოს მასშტაბით ცოდნის გაზიარება, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება, სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე — startupgrind.ge
კომენტარები