ისწავლე რისკების მართვა აქ.ახლა — თიბისი აკადემიამ ახალ პროგრამაზე სტუდენტების მიღება დაიწყო
ჩვენი ცხოვრება რიცხვებშია მოქცეული — ასაკი, დრო, რაოდენობა — ყველაფერს ვითვლით და შემდეგ ქაოსური სახით ვფანტავთ გონებაში. ყველაფერი მარტივდება, როცა მონაცემების დამუშავება და ანალიზის საშუალებით ვიზუალურად გადმოცემა ხდება — ინფორმაცია მოწესრიგებულ ფორმას იძენს და ტვინის უჯრებში ლაგდება, ამის მეშვეობით ადვილი ხდება, როგორც საერთო სურათის აღქმა, ასევე დეტალებზე კონცენტრირება. საბოლოო ჯამში კი, სტატისტიკიის შინაარსობრივი ანალიზით სამომავლო მოქმედების გეგმის სტრატეგიულად შედგენაა შესაძლებელი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის დინამიკურ ურთიერთობებში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რისკების მართვა — მათი ამოცნობა, ანალიზი, შეფასება და გამოსავლის პოვნა — ტექნიკური მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად დარგად იქცა. უახლესი ტენდენციების კვალდაკვალ, თიბისიც აგრძელებს მზარდი და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნას, რის საშუალებასაც კომპანიას თიბისი აკადემია აძლევს. აკადემია, რომელიც IT მიმართულებით ხუთ სხვადასხვა პროგრამაზე ახორციელებს სწავლებას, წარმატებული გამოდგა. ამჯერად კი კომპანიამ, კვლავაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით ახალი აკადემია დააფუძნა.
რას და როგორ ისწავლი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რისკების მართვა ტექნიკური მიმართულების დარგია და ენათესავება ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროს, ამდენად, გარდა თეორიული მეთოდისა, მნიშვნელოვანია პრაქტიკული სწავლება და რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შეძენაც, შესაბამისად, სამთვიანი პროგრამა, რომელიც ვიდეოსაკონფერენციო პროგრამა Zoom-ის მეშვეობით წარიმართება, არ მოიცავს მხოლოდ მენტორების ლექციებს. ამასთან, თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის როლი ერთ-ერთი მოტივატორი გახდა პროგრამის პრაქტიკული ნაწილის შედგენისას.
"პროგრამის პრაქტიკული ნაწილი დიდწილად არის, ასე ვთქვათ, მოტივირებული თიბისის საქმიანობისგან", — აღნიშნავს თაზო ლეჟავა, თიბისის მოდელების რისკების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, On.ge-სთან საუბარში, — "სწავლისას ხშირად ჩნდება შეკითხვა — 'როგორ შევძლებ ამ მასალის გამოყენებას მომავალში?' — ამრიგად, მიზნად დავისახეთ, რომ სტუდენტებს ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებაც ვაჩვენოთ, არა მხოლოდ მაგალითის, ან დავალების სახით, არამედ უშუალოდ კომპანიის, ამ შემთხვევაში თიბისის, საქმიანობაში".
როგორც თაზო აღნიშნავს, თიბისი მუდმივად ცდილობს, მიმართოს უახლეს ტენდენციებსა და თანამედროვე პრაქტიკას, განსაკუთრებით, რისკების მართვის მიმართულებით, ამდენად, ახლადშექმნილი პროგრამის კურიკულუმიც დიდი დოზით მოიცავს ინოვაციურ მეთოდოლოგიას. ამგვარი მიდგომა სტუდენტს საშუალებას აძლევს, აღიჭურვოს არა მარტო მშრალი ინფორმაციით, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და თანამედროვე საქმიანობის მოთხოვნების შესაბამისად.
ნიშანდობლივია თაზოს ნახსენები "პრაქტიკის ჩვენების" როლი, რადგან პროგრამით გათვალისწინებულია, როგორც მაღალკვალიფიციური მენტორების მიერ სტუდენტებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ასევე შეხვედრები თიბისის რისკების მიმართულების ხელმძღვანელებთან.
რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო თემატიკას, იგი მრავალფეროვანია და მოიცავს რამდენიმე კომპიუტერულ პროგრამაში — Excel, SQL, Power BI — მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას. რადგან მუშაობა, მეტწილად, ციფრულ სივრცეში ხდება, პანდემიის გამო შემუშავებული დისტანციური სწავლების მეთოდი პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოწვეულ ლექტორებს ონლაინრეჟიმში სწავლების გამოცდილებაც აქვთ, რაც თანამშრომლობის პროდუქტიულობაზე, ცხადია, დადებითად აისახება.
კვირაში ლექციები სამჯერ გაიმართება და მათი ხანგრძლივობა თითო ჯერზე 2 საათი იქნება. რაც შეეხება განყოფილების ხელმძღვანელებთან შეხვედრას, იგი ერთი ან ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, როგორც თაზო აღნიშნავს, მას ნაკლებად ექნება ლექციის ფორმა და საუბარიც წინასწარ გაცნობილი თემის ირგვლივ, დისკუსიის ფორმატში წარიმართება.
მიუხედავად სწავლების დისტანციური მოდელისა, დასკვნითი გამოცდა აპრილში ფიზიკურ სივრცეში გაიმართება.
როგორ შეგიძლია გახდე სტუდენტი?
სტუდენტების რეგისტრაცია ახალ პროგრამაზე უკვე დაწყებულია. ნებისმიერ მსურველს, რომელიც მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტია (ან კურსდამთავრებული), სწავლობს ტექნიკური მიმართულებით და მნიშვნელოვანი ცოდნისა და გამოცდილების მიღება სურს, შეუძლია, აპლიკაცია აკადემიის ვებგვერდზე შეავსოს.
რეგისტრაციას მოყოლებული პროცესი რამდენიმეეტაპიან პროცედურას მოიცავს — 1 დეკემბრიდან 3 დეკემბრამდე გაიმართება ონლაინტესტირება. ტესტირება მოიცავს გამოცდას ინგლისურ ენაში, უნარ-ჩვევებში (ასევე ინგლისურად), ალბათობასა და სტატისტიკაში და ლოგიკაში. რადგან ინტენსიური პროგრამა კომპიუტერულ უნარებსაც მოითხოვს, შემოწმდება აპლიკანტის MS Excel-ში მუშაობის საბაზისო ცოდნაც.
შერჩეულ აპლიკანტებს ტესტირების გარდა მოუწევთ ორი გასაუბრების გავლაც — ჯერ თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდთან, შემდეგ კი ტექნიკური გასაუბრება განყოფილების წარმომადგენლების ჩართულობით. პოტენციურ სტუდენტებს მიცემული დავალების შესრულება, მისი პრეზენტაცია და მასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. როგორც თაზო აღნიშნავს, ტექნიკურ გასაუბრებაზე უნივერსიტეტში ან სხვაგან შეძენილი წინარე ცოდნის ნაცვლად შეფასდება ის, თუ როგორ შეასრულა წინასწარ მიცემული დავალება აპლიკანტმა, შესაბამისად, კითხვებიც ამ თემასთან დაკავშირებული იქნება.
შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ, აპლიკანტი უკვე აკადემიის სტუდენტად მიიჩნევა და 18 იანვარს ინოვაციურ პროგრამაზე სწავლას დაიწყებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — თიბისის სრული დაფინანსებით — თიბისი 100 პროცენტით აფინანსებს აკადემიის ყველა სტუდენტის სასწავლო პროგრამას.
აკადემიის შემქმნელებს პროგრამის წარმატებისა და მისი სამომავლოდ გაგრძელების იმედიც აქვთ.
"აკადემიის შექმნის მოტივაცია ის იყო, რომ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შექმნაში დავხმარებოდით", — ამბობს თაზო, — "აკადემიის დაარსების უპირველესი მიზანიც ბაზარზე ადამიანური კაპიტალის კვალიფიკაციის ამაღლება იყო. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ პროგრამა წარმატებით გაგრძელდება მომავალშიც, შევძლებთ მეტი სტუდენტის მიღებასა და მათთვის საინტერესო პროგრამების შეთავაზებას. ბენეფიციარებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება კი ორმხრივად სარგებლიანია — როგორც სპეციალისტისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის".
თიბისი აკადემიაში რისკების მართვის პროგრამაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრასაც, რომელიც 27 ნოემბერს, 15:30-ზე გაიმართება Zoom-ის საშუალებით.
კომენტარები