მარტოობის 12 დღე — კოვიდინფიცირებულის გზამკვლევი
PCR ტესტის პასუხს ლაბორატორია ელ. ფოსტაზე გიგზავნით.
წერილზე მიბმულ ფაილს თქვენი სახელი და გვარი აწერია. ფაილის გახსნამდე გული ოდნავ აგიჩქარდებათ. აი, დაახლოებით პირველი კოცნის შემდეგ რომ იცის ხოლმე. თუ კვლევის შედეგებში წერია, რომ კოვიდ დადებითი ხართ, ამ ინფორმაციის წაკითხვას თან ახლავს ცხელი ალმური, რომელიც ერთიანად დაგივლით ტანში - ეს ნორმალურია და შეგრძნება დაახლოებით ხუთ წამს გაგრძელდება.
როგორ ჩაივლის თქვენი და ინფექციის თანაცხოვრება, მარტივად შეეწყობით თუ არა ერთმანეთს და როგორი ბრძოლების გადახდა მოგიწევთ, ეს დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა განწყობას შეიქმნით დიაგნოზის გაგებიდან პირველ წუთებში.
ღრმად ჩაისუნთქეთ და თქვენს ორგანიზმში ინფექციის შემოჭრა მორიგ თავგადასავლად აღიქვით, რომელსაც აუცილებლად ბედნიერი დასასრული ექნება.
არ დააყოვნებს შეგრძნება, რომ ყელი აგტკივდათ, ფილტვებში სიმძიმეს გრძნობთ, ტემპერატურა მოგემატათ ან, სულაც, სუნთქვა გიჭირთ. ტანში დავლილი ცხელი ალმურის მსგავსად, ეს განცდაც სავსებით ნორმალურია და თუკი ნერვებს არ აჰყვებით, ცრუ განგაში მალე ჩაივლის.
არ მისდიოთ თვიმთმკურნალობას. "ჩემი მეზობლის ქვისლმა 16 კბილი ნიორი შეჭამა, ზედ ორნახადი ჭაჭა დააყოლა და ეგრევე განიკურნა", "ჩემი თანამშრომლის ბავშვის ნათლიამ ზაფრანა დააყენა, ზედ ლიმონი დაასხა და ახლა ჩიტივითაა" და მსგავსი ზღაპრები თავიდან ამოიგდეთ. თვითნებურად არც სისხლის გამათხელებლები მიიღოთ, არც მილების საწმენდი გამოისვათ პირში ვერცხლის კოვზით და ნურც იმდენ ლიმონს მიირთმევთ, რომ სახეზე ავტობუსი "ბოგდანის" ფერი დაგედოთ. პროფესიონალის დანიშნულება და ზომიერება — ამ გზას მისდიეთ.
მე, მაგალითად, REDMED-თან მქონდა მიმოწერა. კარგ პროფესიონალებს რომ თავი დავანებოთ, სოც. მედია მენეჯერიც გადასარევი ჰყავთ — პუნქტუალურობაც უვარგა, თავაზიანობაც, კითხვა-პასუხიც და საქმეს თუ დასჭირდა — იუმორიც. ისე, ძალიანაც ნუ გაუტევთ, ჯანმრთელობაზე დასმული კითხვებით შემოიფარგლეთ, პირად დრამებზე (სალომე აღარ მწერს, ბესოს არ მოვუკითხივარ კაი ხანია და მაინცდამაინც მე რატომ გამომყვა საგვარეულოს კეხიანი ცხვირი) დიალოგისთვის ნუ გადაღლით ადამიანს, სხვებიც ჰყავს მისახედი.
იზოლაციაში, სახლში ან კოვიდ სასტუმროში მყოფებმა ფიზიკურთან ერთად, ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც უნდა უგდოთ ყური. მარტოობა მხოლოდ ბუენდიებისთვის კი არ ყოფილა რთული. არც თქვენთვის უნდა გამოდგეს მარტივი.
შეეცადეთ ხანდახან მაინც დაივიწყოთ, რომ კოვიდინფიცირებული ხართ; ნუ დაისახავთ რთულად მისაღწევ მიზნებს: ამ 12 დღეში წიგნს დავწერ, დისერტაციაზე მუშაობას დავასრულებ, შანსი მომეცა მუცელზე კუბიკები დავიყენო, სიყვარულის ფორმულას ამოვხსნი... ვერ მოახერხებთ და გული გეტკინებათ. მარტივი მიზნები დაისახეთ, რომლებსაც აუცილებლად მისწვდებით და საკუთარი თავით კმაყოფილებაც არ დაახანებს. მოკლედ, საქმე გაიჩინეთ:
დილაობით აუცილებლად გაასწორეთ საწოლი. მერე რა, თუ ისევ მოგიწევთ წამოგორება;
დათქვით, რომ ორ საათში ერთხელ ბუქნებსა და აზიდვებს გააკეთებთ;
ფიქრისას იარეთ. შესაბამისად, სიარულისას იფიქრეთ;
ოთახი დაალაგეთ დღეში ორჯერ;
ოდეს გულს სევდა შემოაწვება, მადამ იცის გაძლიერება და მაინცდამაინც ნუ აყვებით. ამაზე ცალკე სადარდებელი გაგიჩნდებათ. ჯანსაღად რომ იწოდება, ისეთ საკვებს მიეძალეთ;
აივანზე ხშირად გადით ან ფანჯარა გამოაღეთ და ღრმად ისუნთქეთ;
ამ 12 დღეში ნუ მოინდომებთ მაინცდამაინც ტარკოვსკის ან ტერენს მალიკის ფილმოგრაფიის ჩატკბარუნებას და კაცობრიობის ჭეშმარიტი დანიშნულების ამოხსნას. რაიმე მსუბუქებს უყურეთ, კომედიებს ან ბავშვობის დროინდელ ბლოკბასტერებს, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ შვარცნეგერს მეტი იარაღის გამოტანა შეეძლო იმ მაღაზიიდან, რემბომ კი ტყუილად აიტკივა აუტკივარი;
მუსიკა არ მოიკლოთ. სხვათა შორის, მოცარტის გასაღმერთებლად იდეალური პერიოდია;
იბანავეთ და კბილები გაიხეხეთ - ამ გზით ნუ იძიებთ შურს განგებაზე;
კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად ჩაიცვამთ. აი, ვითომ სამსახურში მიდიხართ, ისე;
ექიმთან საუბრისას ის კითხვებიც კი დასვით, რომელიც სულელურად მიგაჩნიათ და სცადეთ სრულად შეასრულოთ მისი მითითებები;
იოცნებეთ;
დაგეგმეთ, ძველ ცხოვრებასთან დაბრუნების შემდეგ სად წახვალთ, რომელ კაფეს ესტუმრებით, ვის ჩაეხუტებით, სად გაისეირნებთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძილის წინ კადრებად წარმოიდგინეთ - ძილი ძილად შეგერგებათ და გეგმა გეგმად დაგრჩებათ.
კლდიაშვილის ენით რომ ვთქვა, ამ მანქანებით 12 დღე კალენდარზე სწრაფად გავა და ვირუსი კიდევ — თქვენი ორგანიზმიდან.
კომენტარები