ავსტრალიაში ორი ახალი ძუძუმწოვარი აღმოაჩინეს
ავსტრალიის სიყვარულის კიდევ ორი ახალი მიზეზი გვაქვს, მას შემდეგ, რაც ავსტრალიაში "მფრინავი პოსუმის" ორი სახეობა აღმოაჩინეს.
სინამდვილეში, Petauroides Volans პოსუმის მონათესავე სახეობაა, ინგლისურად მას Greater Glider ეწოდება, თუმცა ამ ცხოველისთვის ქართული სახელი არ გვაქვს. ამ არსებას კიდურებს შორის ბეწვით დაფარული, აპკისმაგვარი შეერთება აქვს, რაც მას ჰაერში 100 მეტრის დისტანციაზე გადაადგილების საშუალებას აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხოველს "მფრინავ ძუძუმწოვრად" მოიხსენიებენ, ის სინამდვილეში არ დაფრინავს, უბრალოდ მის კიდურებს შორის არსებული კანი გლაიდერის ფუნქციას ასრულებს, რაც მას რეალურად დიდი ნახტომების გაკეთების საშუალებას აძლევს.
გენეტიკური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ავსტრალიაში "მფრინავი პოსუმის" დამატებით ორი სახეობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ახალი ძუძუმწოვრების აღმოჩენა მაინცდამაინც ხშირი არ არის.
Petauroides Volans ავსტრალიაში გავრცელებულია და ისინი ზომით განსხვავდებიან. მანამდე მიიჩნეოდა, რომ ეს უბრალოდ პოპულაციებს შორის არსებული ვარიაცია იყო, თუმცა, გენეტიკური ანალიზი განსხვავებულ სახეობებზე მიანიშნებს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილება ამ პატარა ცხოველებს საფრთხეს უქმნის. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ ავსტრალიაში "ღამის ექსტერემალური ტემპერატურები" გამოიწვია. როცა ღამით 20 გრადუს ცელსიუსზე მეტია, "მფრინავი პოსუმისთვის" ცხოვრება არაკომფორტული ხდება და მას გასაგრილებლად დამატებითი ენერგიის დახარჯვა უწევს.
კომენტარები