აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებების პარალელურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ საქართველო ამ კონფლიქტში ნეიტრალური მხარე არაა. DFRLab-ის ანალიზი აჩვენებს, როგორ ცდილობენ პრორუსული აქტორები, რეგიონში დაძაბულობა საქართველოს პოზიციების შესარყევად გამოიყენონ. ამ აგორებულ კამპანიას შეუძლია, საქართველოს სომხეთთან ურთიერთობა გაუფუჭოს და ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შორის დაძაბულობის კერები გააჩინოს.

2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეტაკებები განახლდა. 8 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულია 360-ზე მეტი ადამიანი, ათასობით ოჯახს კი სახლების დატოვება მოუწია. სამხედრო დაპირისპირებას თან ახლავს საინფორმაციო ომიც. ტრადიციული და სოციალური მედია ორივე მხრიდან გაჯერებულია ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებითა და ბრალდებებით. საქართველო დაძაბულობის დაწყებიდან ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, რაც განპირობებულია იმით, რომ სომხები და აზერბაიჯანელები ორი უდიდესი დიასპორაა საქართველოში (მთელი მოსახლეობის 6,3% და 4.5%).

მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია მოახლოებული არჩევნების ჭრილში განსაკუთრებით საინტერესოა. ყალბი ინფორმაცია შეიძლება შესაბამის დასახლებებში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენონ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 290 618-ამომრჩეველია, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 9%-ია.

"ესეც თქვენი ნეიტრალიტეტი" — კრემლთან დაკავშირებული აქტივისტი შეცდომაში შემყვან ვიდეოებს ავრცელებს

3 ოქტომბერს ტვიტერის მომხმარებელმა გლებ ბაზოვმა სამი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც, მისი თქმით, აღბეჭდილი იყო სატვირთოების გადაადგილება საქართველოს გზებზე. ის ირწმუნებოდა, რომ ვიდეოებში ასახული იყო სამხედრო ტექნიკის გადაადგილება თურქეთიდან აზერბაიჯანისაკენ, საქართველოს გავლით. ამის მტკიცებულებად კი მომხმარებელს ერთ-ერთ სატვირთოზე მიწერილი Bayraktar მოჰყავდა. ბაზოვი აცხადებდა, რომ საქართველო თურქეთს უფლებას აძლევს, სამხედრო ტვირთი გადაზიდოს და, შესაბამისად, ნეიტრალური არაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზოვი ამ ვიდეოების პირველწყარო არაა, მისი ქცევა ტვიტერზე მაინც საყურადღებოა. მან არა მხოლოდ გადაპოსტა ეს ვიდეოები, არამედ ერთი და იმავე ტექსტით უპასუხა კრიტიკულად განწყობილ მომხმარებლებს და დაამატა, რომ სატვირთოები ღამით კვალის დასამალად გადაადგილდებოდნენ.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

ბაზოვმა ეჭვებსა და კითხვებს ერთი და იმავე ტექსტით უპასუხა

ფოტო: ტვიტერი / არქივი

DFRLab-მა ატვირთული ვიდეოები გადაამოწმა და შეამჩნია, რომ ვიდეოში ნაჩვენებ ერთ-ერთ პოლიციის მანქანას ქართული ნომრები აქვს, რაც დიდწილად (თუმცა არა 100%-ით) მიუთითებს იმაზე, რომ ვიდეო საქართველოშია გადაღებული, თუმცა ბაზოვის ვიდეოში არ ჩანს არანაირი მინიშნება იმაზე, რომ სატვირთოებს სამხედრო ტვირთი გადააქვთ. ეს აზრი მეტწილად წარწერა Bayraktar-ზეა დამყარებული. Bayraktar TB2 თურქული უპილოტო საჰაერო მოწყობილობის სახელია, რომელსაც კომპანია Baykar Makina აწარმოებს. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, აზერბაიჯანი TB2 დრონებს სომხეთის წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, Bayraktar ასევე თურქული სატრანსპორტო კომპანიის, Bayraktar Logistics-ის სიმბოლოცაა, რომელიც კომერციულ გადაზიდევბს ახორციელებს. სხვა სატვირთოებზეც სატრანსპორტო კომპანიების სახელებია დატანილი: Esen, Cavdaroglu, Ozlider, Caglayan და Ipekyol.

მარცხნივ ხედავთ სქრინშოთს ბაზოვის ვიდეოდან, სადაც სატვირთოს Bayraktar აწერია. მარცხნივ კი Bayraktar Logistics-ის სატვირთოა გამოსახული. ფონტი ერთმანეთს ემთხვევა.

ფოტო: Twitter/archive და Facebook/archive

ბაზოვი ცდილობდა, ტვიტერის მომხმარებლები დაერწმუნებინა, რომ სატვირთო მანქანა დრონების მწარმოებელ კომპანია Baykar-ს ეკუთვნის, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მიუთითებს: საქართველოს მთავრობამ ყარაბაღში სიტუაციის დაძაბვისთანავე, 27 სექტემბერს შეაჩერა საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის გადაადგილება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით. გადაწყვეტილების შესახებ ორივე მხარე ინფორმირებული იყო, თუმცა აკრძალვა არ შეჰხებია კომერციულ ტრანსპორტს, რომელიც ახლაც უპრობლემოდ კვეთს საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვრებს. მოქმედი აკრძალვების ფონზე რთული წარმოსადგენია, ვიდეოში ნაჩვენებ სატვირთოს სამხედრო ტვირთი გადაეტანა და თანაც, მასზე საბრძოლო დრონების მწარმოებელი კომპანიის სახელი ღიად ყოფილიყო დატანილი.

ვინ არის გლებ ბაზოვი?

გლებ ბაზოვის ტვიტერის სურათზე პუტინის პროპაგანდის სიმბოლო, გეორგიევსკის ლენტია გამოსახული. ამ ლენტს რუსი აქტივისტები უკრაინის ოკუპაციის ლეგიტიმაციისათვის იყენებენ. ტვიტერის აღწერილობაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბაზოვი Slavyangrad.org-ში წერს სვეტებს. Euromaidan Press-ის განცხადებით, ეს გამოცემა უკრაინის დისკრედიტაციისა და ე.წ ნოვორასიას ლეგიტიმიზაციისთვის შეიქმნა (თვითაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები აღმოსავლეთ უკრაინაში). Slavyangrad.org-ს პარტნიორებში პროპაგანდისტული ქსელი, South Front ჰყავს მითითებული, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

RT-ის კორესპონდენტი საქართველოს ნეიტრალურ პოზიციას ეჭვქვეშ აყენებს

კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ RT-ის კორესპონდენტის, მურად გაზდიევის მხრიდან გაისმა. მან დატვიტა, რომ ყველა თვითმფრინავი, რომელმაც აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლები გადაიყვანა, დანიშნულების ადგილზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით მოხვდა. საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად, გაზდიევმა ტვიტს Flightradar24-ის 29 სექტემბრის სქრინშოთები დაურთო, რომელზეც ასახულია რეისი UZ218, ტრიპოლიდან ბაქომდე. ტვიტის ავტორის თქმით, აზერბაიჯანის Silk Way Airlines-ს ისრაელიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა, რაც "საქართველოს ნეიტრალურობას საეჭვოს ხდის".

მურად გაზდიევი ირწმუნება, რომ სირიელი მებრძოლების გადასაყვანად და ისრაელიდან სამხედრო რესურსების ტრანსპორტირებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე იყო გამოყენებული

ფოტო: ტვიტერი / არქივი

გაზდიევს სქრინშოთის გარდა არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ხოლო Silk Way West Airlines-ს ფრენა, რომელსაც თითქოს ისრაელიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა, კომერციული იყო. საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ ღიად უარყო ბრალდება სირიელი მებრძოლების გადაყვანასა და სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. 7 ოქტომბერს კი სომხეთის პრემიერმინისტრის სამსახურის უფროსმა, ედუარდ აღაჯანიანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ "სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველო და ქართველი ხალხი ამ ომში აზერბაიჯანის მხარეს არიან".

დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველომ სომხეთისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გატარებაზე უარი თქვა

4 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა Eurasia Daily-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ რუსეთში სომხების დიასპორის მიერ აგროვებული ჰუმანიტარული დახმარების გადაზიდვას ხელი შეუშალა. სტატიაში მოყვანილია ქართული წარმოშობის პრორუსი აქტორის, ქართველი და რუსი ერების ერთიანობის ფონდის პრეზიდენტის, ვლადიმერ ხომერიკის სიტყვები. მისი თქმით, სომხეთის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო სამინისტროს ჰუმანიტარული ტვირთის გატარება სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. შედეგად, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 12 მანქანა მოსკოვში ჩარჩა, ხოლო ადგილობრივმა სომხებმა გადაწყვიტეს, გაეროსთვის მიემართათ.

ხომერიკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. საქართველოში სომხეთის საელჩო ამ საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის წაყენებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ხედავთ, კრემლის მიერ მართული აქტორები ცდილობენ, ისედაც მწვავე ვითარებაში დამატებითი გაუგებრობა შეიტანონ და საქართველოს ნეიტრალური პოზიცია ეჭვქვეშ დააყენონ. დეზინფორმაციის კამპანია შეიძლება რამდენიმე მიზანს ემსახურებოდეს, მათ შორისაა არჩევნების წინ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება და ეთნიკურ უმცირესობებს შორის დაძაბულობის კერების გაჩენა.


ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან On.ge და DFRLab. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.