პოლიციის მიერ გაწვრთნილ ძაღლს ყნოსვით ელექტრონული ხელსაწყოების ამოცნობა შეუძლია
ძაღლები პოლიციელებს სხვადასხვა არალეგალური ნივთიერების აღმოჩენაში ხშირად ეხმარებიან. თუმცა, როგორც ჩანს, "პოლიციელი ძაღლების" შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მინესოტას პოლიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მათ ბრიტანული ლაბრადორი, სახელად სოტა, ისე გაწვრთნეს, რომ USB და SD ბარათებს ყნოსვით მიაგნოს.
ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენია, რა პრაქტიკული გამოყენება ექნება ძაღლს, რომელსაც ელექტრონული ხელსაწყოების პოვნა შეუძლია. თუმცა, Star Tribune-ის სტატიის მიხედვით, სოტა პოლიციას დამალული მეხსიერების ბარათების აღმოჩენაში უკვე დაეხმარა. ამ ბარათებზე კი პედოფილიის შემცველი სცენები და კრიმინალური ფინანსური ჩანაწერები იყო ჩატვირთული.
მეხსიერების ბარათებზე და მსგავს ელექტრონულ ხელსაწყოებზე კრიმინალები ხშირად მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავენ, რომელზე წვდომაც პოლიციელებს გამოძიებაში ეხმარებათ.
ცხადია, სოტას — და არც სხვა რომელიმე ძაღლს — იმის გამოცნობა არ შუეძლია, თუ კონკრეტულად რა ინფორმაცია ინახება მეხსიერების ბარათზე. თუმცა ის კი შესაძლებელია, რომ ძაღლმა საგულდაგულოდ დამალულ ელექტრონულ მოწყობილობას ადამიანზე უკეთ მიაგნოს.
კომენტარები