რეალითი შოუ გამარჯვებულის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნას გეგმავს
Space Hero-ს განცხადებით, ის მსოფლიოში "პირველი კომოსური მედიაკომპანიაა" და ამის დასამკიცებლად 2023 წლისთვის საერთაშორისო კომოსურ სადგურზე (ISS) ერთ ადამიანს გაგზავნის.
გეგმა ასეთია: კომპანია რეალითი შოუს გადაიღებს, რომელშიც მონაწილეები მთელი მსოფლიოდან შეირჩევიან. გამარჯვებული კი ჯილდოდ კოსმოსში გასაფრენ ბილეთს მიიღებს.
მონაწილეები ისეთ დავალებებს შეასრულებენ, როგორებიც მათ "ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ გამძლეობას გამოცდის, რადგან სწორედ ამ თვისებებს უნდა ფლობდნენ კოსმოსში მყოფი ასტრონავტები".
პროექტის თანახმად, შოუს ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში მაყურებელს მსოფლიოს ყველა წერტილიდან შეეძლება იმ მონაწილისთვის ხმის მიცემა, რომელსაც ადგილს SpaceX-ის ხომალდ Dragon-ში დაუჯავშნიან. თუმცა შოუ ამით არ დასრულდება და კამერები მონაწილეს ISS-ზეც გაჰყვება.
გამარჯვებული კოსმოსურ სადგურზე 10 დღეს, ასტრონავტების გვერდით გაატარებს.
"ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება სამყარო თვალსა და ხელს შუა. ასეთ დროს ჩვენ გვსურს, ის ადამიანები გავიხადოთ სამაგალითოებად, ვინც ამას იმსახურებენ. ამგვარად, დროა, საკუთარ თავებს შევხედოთ და ის გმირები აღმოვაჩინოთ, რომლებიც ნათელი მომავლის წინაპირობები გახდებიან", — მაღალფარდოვნად აცხადებს პროექტის ავტორი, ტომას რემერი.
ეს სატელევიზიო შოუს კოსმოსში გადაღების პირველი მცდელობა არაა. პირველად მსგავსი იდეა 1990-იანების ბოლოს გაჩნდა. პროექტის თავდაპირველი სახელი დანიშნულების ადგილი: მირი გახლდათ. მირი (იგივე "მშვიდობა" ან "სამყარო") საბჭოთა კოსმოსური სადგური იყო, რომელიც 1986 წლიდან 2001 წლამდე ფუნქციონირებდა. თუმცა, მოგვიანებით, როცა რუსებმა სადგური დატოვეს, მომავალი შოუს სახელი შეიცვალა და დანიშნულების ადგილი: კოსმოსი დაერქვა. უთქმელადაც მიხვდებოდით, რომ საბოლოოდ, პროექტი არ განხორციელებულა.
კომენტარები