პატრონისგან ნათქვამი "მიყვარხარ" ძაღლის გულისცემას 46%-ით ასწრაფებს — კვლევა
ძაღლებს თავიანთ პატრონებთან განსაკუთრებული კავშირი რომ აქვთ, ამას ყოველგვარი კვლევის გარეშე გეტყვით ნებისმიერი, ვისაც ოდესმე ოთხფეხა მეგობარი ჰყოლია. თუმცა ახალი კვლევის დახმარებით, ამ ემოციური კავშირის რიცხვებში გაზომვაც კი გახდა შესაძლებელი.
Canine Cottages-ის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, 4 ძაღლის გულისცემას ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევამ ანახა, რომ ცხოველების საშუალო პულსი 67 bpm (დარტყმა წუთში) გახლდათ. მაგრამ როცა ძაღლებს მათი პატრონები ეუბნებოდნენ სიტყვებს, "მე შენ მიყვარხარ", მათი გულისცემა მთელი 46%-ით იზრდებოდა და 98 bpm-ამდე ადიოდა.
კვლევამ ასევე ანახა, რომ ერთი რამ, რაც ძაღლებს გულისცემას უმშვიდებს, მოფერებაა: როცა პატრონები მათ ეფერებოდნენ, პულსმა საშუალოდ 23%-ით დაიწია.
მკვლევრებმა პატრონების გულისცემაც გაზომეს და ნახეს, რომ მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ ძაღლებს მცირეხნიანი განშორების შემდეგ ხედავდნენ, მათი პულსი საშუალოდ 10%-ით იმატებდა.
მაინც, რა გზით გამოხატავენ ძაღლები თავიანთ სიყვარულს პატრონებისადმი? ვეტერინარმა, დოქტორ ჰეზერ ვენკატმა ემოციის ჩვენების ხუთი მარტივი ფორმა გამოკვეთა:
- როცა ძაღლი პატრონის სიახლოვეს — მის ფეხებთან ან მუხლებზე კალათდება, ეს სიყვარულის აშკარა გამოხატულებაა, რადგან ლეკვები მხოლოდ იმ ადამიანებს ეყრდნობიან, რომლებთანაც თავს კომფორტულად გრძნობენ;
- საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას ძაღლები კუდს აქიცინებენ და მათ გარშემო დახტიან და ბზრიალებენ;
- როცა ძაღლს ადამიანისთვის სათამაში მიაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობა მას და მასთან თამაში სურს;
- თუკი ძაღლი ადამიანს თავის მუცელს მოსაფერებლად უშვერს ან გულაღმა სძინავს, ესეც სიყვარულსა და ნდობას ნიშნავს, რადგან მუცელი მათი სხეულის დაუცველი ნაწილია;
- ძაღლი სიყვარულს ავლენს მაშინაც, როცა ის ტკივილს განიცდის და ამ დროს ადამიანისკენ თათს იშვერს ან მის სიახლოვეს წვება.
"საოცარია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ უხშირდება გულისცემა ძაღლს მაშინ, როცა ეუბნები, რომ გიყვარს ის", — ამბობს კვლევის თანაავტორი, შენონ კეარი, — "ხოლო როცა მოფერებისას მათი პულსი ეცემა, ეს ნიშნავს, რომ ისინი კმაყოფილები არიან. ისიც საინტერესო დასაკვირვებელია, თუ როგორი უცნაური და საოცარი გზებით გამოხატავენ ძაღლები ჩვენდამი სიყვარულს.
"ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძაღლებს ჩვენ მართლაც ვუყვარვართ!"
კომენტარები