კორონავირუსი და სოციალური კრიზისი ცხინვალში
პროდუქტების დეფიციტი, გაზრდილი ფასები, შეზღუდული გადაადგილება და გარე სამყაროსგან რეგიონის, ფაქტობრივად, სრული იზოლაცია — ეს ის პრობლემებია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას კორონავირუსის დროს სულ უფრო გაუსაძლისს ხდის.
"ჩათვალეთ, ტყვეობაში ვართ, თან ისე, რომ გამოსავალიც არ ჩანს. ციხეში ადამიანმა ის მაინც იცის, როდის დასრულდება პატიმრობის ვადა, ჩვენ კი საერთოდ არაფერი ვიცით", — ასე უპასუხა ცხინვალელმა მოქალაქემ (რომლის სახელსა და გვარს მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ) On.ge-ს კითხვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
სოციალური კრიზისი ცხინვალის რეგიონში აშკარაა — ამაზე არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ დე ფაქტო მთავრობას დაქვემდებარებული მედიაც კი აქტიურად საუბრობს. ახალგორის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვის შემდეგ, პანდემიის გამო, რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაც ჩაიკეტა და რეგიონის მოსახლეობა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. თუკი გზების ჩაკეტვის პირველ თვეებში დე ფაქტო მთავრობა მეტ-ნაკლებად ახერხებდა სოციალური სიტუაციის დასტაბილურებას, დღეის მდგომარეობით, ვითარება კრიტიკულია.
მაღაზიის დახლებზე აგვისტოდან უკვე გაქრა პირველადი მოხმარების ნივთები, რძის პროდუქტები, ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის საშუალებები. მოქალაქეები საუბრობენ გასამმაგებულ ფასებზე ყველა სხვა სახის პროდუქციაზეც.
"ბევრი რამე აღარ იშოვება და რაც იშოვება, იმაზეც ფასები ყოველ დღე მატულობს. ეს ეხება როგორც ნახევარფაბრიკატებს, ისე ხილს, ბოსტნეულს და ყველაფერს, რაც ხალხს სჭირდება. აქ, ფაქტობრივად, არაფერი იწარმოება და ყველაფერი შემოტანილია, გზების ჩაკეტვამ კი პროდუქციის შემოტანაც შეაფერხა. ადრე თბილისიდანაც შემოდიოდა საქონელი და ვლადიკავკაზიდანაც. მერე თბილისიდან შემოტანა აკრძალეს და ახლა ვლადიკავკაზიც ჩაიკეტა. მთავრობა კი მხოლოდ ხალხის შეშინებითაა დაკავებული. როდემდე გავძლებთ, არ ვიცით", — აცხადებს On.ge-ს რესპონდენტი.
რუსეთთან საბაჟო საკითხებზე პრობლემების არსებობას ადასტურებს ე.წ. მთავრობაც, რომელმაც რუსეთის წარმომადგენლებთან პრობლემურ საკითხზე სასაუბროდ ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი, მურატ ცხოვრებოვი მიავლინა. შეხვედრა 17 აგვისტოს შედგა და ცხინვალში გარკვეული სახის პროდუქციის შეტანა შესაძლებელი მხოლოდ 3 დღის შემდეგ გახდა. თუმცა, ეს ერთჯერადი აქტი იყო და მხარეები, შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან აღიარებდნენ, რომ პრობლემები სისტემურია და მოგვარებას დრო სჭირდება.
"სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდება", — აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ცხინვალიდან, რომელმაც ვინაობის საჯაროდ დაფიქსირება არ ისურვა — "მას შემდეგ, რაც ადამიანების გადაადგილება შეიზღუდა, ტვირთებს პრობლემა თითქოს არ უნდა ჰქონოდა, თუმცა რუსეთიდან შემომავალ, "სამხრეთ ოსეთისათვის" განკუთვნილ საქონელზე სრულიად გაურკვეველი საბაჟო პროცედურების მომიზეზება სწორედ ახლა დაიწყეს. პროდუქცია ვერ შემოდის, მანქანები კი დღეების განმავლობაში საზღვართან დგანან. ხელისუფლებას ჯიუტად აქვს ჩაკეტილი გზა საქართველოსთანაც, საიდანაც პროდუქციის შემოტანა ასეთ დროს შესაძლებელი იქნებოდა. ხალხი ამოისუნთქებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობაში ეს არ ადარდებთ. ახლა კი, როცა პენსიონერების დიდი ნაწილი პენსიასაც კი ვერ იღებს, რადგან რუსეთში წასვლა არ შეუძლიათ, გაჩერებულია ყველა მშენებლობა და ვაჭრობაც შეფერხებულია, სრულიად წარმოუდგენელია, ამ ხალხმა რა უნდა ქნას. ფაქტობრივად, ეკონომიკურ ბლოკადაში ვართ, თანაც საკუთარი სურვილით. მოსახლეობას არსებული ვითარება უკვე ყელში ამოუვიდა".
ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ აქვთ ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროშიც. უწყებამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
"სამწუხაროდ, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შედეგად, ამ დრომდე სრულიად ჩაკეტილი და ხელოვნურად იზოლირებული რჩება ცხინვალის რეგიონი. ხელისუფლებამ იმთავითვე გამოთქვა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მზადყოფნა როგორც საჯაროდ, ისე საერთაშორისო პარტნიორებისა და ცხელი ხაზის მეშვეობით, თუმცა ამ დრომდე ამის შესაძლებლობა არ არსებობს", — წერია განცხადებაში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებითვე, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაზრდა ცხინვალში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, წითელ ჯვარს სთხოვეს, რასაც უკვე კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა. პარალელურად კი, მათი თქმით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ძალისხმევა, რათა მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეს.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ცხინვალში პროდუქტების დეფიციტზე და ფასების კატასტროფულ ზრდაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ჩაკეტილ გზებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსული სამინისტროს გაუქმებამ, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსაც კურირებდა, დე ფაქტო მთავრობებს სიტუაცია გაურთულა — საბაჟოზე "ფულის გაკეთების" შანსი გაჩნდა და ადგილობრივი კორუმპირებული ჩინოვნიკები ვითარებას კარგად იყენებენ. ამას ემატება ოფიციალური საბაჟო ტარიფებიც, რომლის ღირებულებასაც მოსკოვი სულ უფრო ზრდის, ხოლო პროცედურებს ართულებს.
"ცხინვალში ყველაფერი ყოველდღიურად ძალიან ძვირდება და ეს მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს. 2 კვირის წინ დაანონსებული იყო საპროტესტო აქციაც, თუმცა ძალოვნების განსაკუთრებული მობილიზების გამო, ორგანიზატორებმა ჩატარება ვეღარ გარისკეს. მოსახლეობაში არსებული დიდი საპროტესტო მუხტის განეიტრალებას ემსახურება მკაცრი ზომები, რომელსაც დე ფაქტო მთავრობა აქტიურად მიმართავს. თუმცა თვითმხილველისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მაღაზიის წინ აღშფოთებული ხალხი სპონტანურად შეიკრიბა, გამვლელებიც შეუერთდნენ და გზების გახსნას, მათ შორის თბილისთან, ხმამაღლა მოითხოვდნენ", — აცხადებს ბენდიანიშვილი.
კონფლიქტოლოგის თქმით, დე ფაქტო მთავრობას, შესაძლოა, ჰქონდეს კიდეც გზების გახსნის სურვილი, თუმცა რეალურად მათ არავინ არაფერს ეკითხება და ასეთ საკითხებს მოსკოვი წყვეტს. რუსეთი კი არ დაუშვებს, რომ თბილისთან გზა გაიხსნას, მიმოსვლა აღდგეს, ცხინვალში ქართული პროდუქცია შევიდეს, მოსახლეობამ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების მიღება თავისუფლად შეძლოს და ამ ყველაფრით ურთიერთობებში პოზიტივი დაფიქსირდეს. შესაბამისად, ამ მხრივ პერსპექტივა ბუნდოვანია.
როგორც სიტუაციის ანალიზი და მოვლენების დინამიკა გვიჩვენებს, უახლოეს მომავალში გზების გახსნის წინაპირობა არ ჩანს, კრიზისი ღრმავდება, ხოლო მოსახლეობაში სოციალური პროტესტის მუხტი მატულობს. პარალელურად, ცხინვალში აქციები იმართება საპატიმროში 28 წლის ბიჭის გარდაცვალების გამო. შედეგად, ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა გადააყენა.
კომენტარები