აშშ-ის სპეცსამსახურებმა ახალი რუსული ჰაკერული თავდასხმის დეტალები გაასაჯაროეს
აშშ-ის სპეცსამსახურები ოპერაციული სისტემა ლინუქსის მომხმარებლებს ახალი მავნე პროგრამის შესახებ აფრთხილებენ. რუსული წარმომავლობის Drovorub მავნე კოდი, ან უფრო გასაგები რომ იყოს — ვირუსი, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას ისახავს მიზნად.
მრავალი მომხმარებლის მცდარი აზრით, ოპერაციული სისტემა Linux და მისი სხვადასხვა დისტრიბუტივი საიმედოდაა დაცული ჰაკერული შეტევებისგან და ვირუსებისგან.
თუმცა აშშ-ის სპეცსამსახურებმა საპირისპირო დაამტკიცეს და გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც ვრცლადაა აღწერილი კიბერშეტევა Linux-ზე, რომელიც, დიდი ალბათობით, რუს ჰაკერებს უკავშირდება.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს და დაზვერვის ფედერალური ბიუროს ანგარიშიდან დგინდება, რომ ახალი ვირუსი საფრთხეს უქმნის როგორც Linux-ზე მომუშავე მოწყობილობებს, ისე აშშ-ის "ეროვნულ უსაფრთხოებას".
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მავნე პროგრამა, სახელწოდებით Drovorub, უკავშირდება რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჰაკერთა ჯგუფს. აღნიშნულ კოდს მარტივად შეუძლია დაუცველ ქსელებში შეუმჩნევლად შეღწევა, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება და არასასურველი ბრძანებების კომპიუტერზე შესრულება.
მავნე პროგრამას, მისი მრავაფუნქციურობისა და დაფარულობის გამო, ექსპერტები "შვეიცარიულ დანას" ადარებენ, რომელსაც გრუ-ს კონტროლის ქვეშ მოქმედი ჰაკერების ჯგუფი იყენებს.
NSA და FBI იმ მომხმარებლებს, რომლებიც Linux 3.7 (ან უფრო ახალ) ბირთვზე მუშაობენ, ურჩევენ, შეამოწმონ და დააყენონ უსაფრთხოების ყველა განახლება და დააკვირდნენ, რომ სისტემაში ყველა პროგრამა და დრაივერი საიმედო წყაროებიდან დაყენდეს.
აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები Drovorub-ს უკავშირებენ რუსულ ჰაკერულ დაჯგუფებას, რომელიც ცნობილია სახელით APT 28. აღნიშნულ დაჯგუფებას კიდევ მრავალი სახელი აქვს — Fancy Bear, Strontium, Pawn Storm, Sofacy, Sednit და Tsar Team.
აღნუშნულ ჰაკერულ დაჯგუფებას ბრალს სდებენ ისეთ ქმედებებში, როგორებიცაა: ვინდოუსის სისტემაში პერიფერიული მოწყობილობების გამოყენებით კიბერშეტევა, მსოფლიოს 54 ქვეყანაში Wi-Fi როუტერების მწყობრიდან გამოყვანა, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და 2016 წელს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს პლატფორმების გატეხვა, ასევე გერმანიის სამთავრობო ქსელებზე და რამდენიმე ფრანგულ ტელეარხზე შეტევა.
კომენტარები