ევროპაში მძვინვარე ხანძრები ავსტრალიელი ექსპერტების ყურადღების ცენტრშია, მათ შორისაა კანბერაში მოღვაწე, წარმოშობით ესპანელი პროფესორი მარტა იებრა, რომელმაც ავსტრალიისთვის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანძარსაშიში ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის, ხანძრებთან ბრძოლის გზების შემუშავებას წლები მოახმარა.

ის ტყის ხანძრების კვლევის სრულყოფილების ცენტრს ხელმძღვანელობს, რომელიც ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე მძიმე ხანძრების სეზონის, 2019-2020 წლების შავი ზაფხულის ხანძრების, შემდეგ შეიქმნა. ამ ხანძრებმა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის ტოლი ფართობი გაანადგურა.

მისი გუნდი იკვლევს, ხანძრების უკეთ აღმოსაჩენად, გამოცდილი მეხანძრეების ცოდნასთან ერთად, როგორ შეიძლება თანამგზავრების, დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ავსტრალიაში ათასობით წლის განმავლობაში დაგროვდა და თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ამაშია ავსტრალიის უპირატესობა.

მე-18 საუკუნეში ევროპელების ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ცეცხლის გამოყენება ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის კულტურის ნაწილი იყო, თუმცა ამ ღრმა ცოდნის ღირებულება მხოლოდ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.

თანამგზავრული სურათებისა და აბორიგენული ცოდნის გაერთიანება

ხანძრის გაჩენის ყველაზე სავარაუდო ადგილების დასადგენად, იებრამ ინოვაციური პროექტი წამოიწყო, რომელიც ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის ათასწლეულების ცოდნას უახლესი თანამგზავრული ფოტოებით აერთიანებს.

თანამგზავრული ფოტოები ლანდშაფტში "საწვავის ტენიანობის შემცველობას" აფიქსირებს, რაც მიუთითებს, სად შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით საწვავი. ასეთია, მაგალითად მშრალი ფოთლები, ბალახი, ბუჩქები და ქერქი. თუმცა, ეს მონაცემები უფრო დიდი სურათის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ აქ ერთვებიან ისეთი ადამიანები, როგორიც ადრიან ვებსტერია.

ახალი სამხრეთ უელსის (NSW) სამხრეთ სანაპიროზე გაზრდილმა ვებსტერმა უფროსებისგან ისწავლა გარემოს, ანუ "ქვეყნის" წაკითხვა — ეს ტერმინი მკვიდრმა ავსტრალიელებმა თავიანთი წინაპრების სამშობლოს აღსანიშნავად შემოიღეს. ადგილობრივი მოსახლეობის ეკოლოგიური ცოდნის გამოყენებით, მაგალითად, მცენარის ფერისა და სურნელის ან ხეების ჩრდილის საფარის გათვალისწინებით, მას შეუძლია იებრას გუნდის თანამგზავრული სურათებიდან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს.

მკვიდრმა უხუცესებმა ადრიან ვებსტერს ცეცხლის, როგორც მიწის მართვისა და მასთან სულიერი კავშირის შენარჩუნების საშუალებად გამოყენება ასწავლეს

ფოტო: Nic Vevers

იებრას თქმით, ვებსტერის ცოდნასა და თანამგზავრულ მონაცემებს შორის საოცარი თანხვედრა აღმოჩნდა, რაც აბორიგენული ექსპერტიზისა და დასავლური მეცნიერების კომბინირებულ ღირებულებას ცხადყოფს. გუნდი ახლა მეტ დაფინანსებას და ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობას ცდილობს, რათა მიწის დაცვისა და ხანძრების მართვის საერთო გეგმები შეიმუშაონ.

"გრილი ცეცხლის" მეთოდი

"გრილი ცეცხლი" ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციული პრაქტიკაა, რომელსაც 60 000 წლის ისტორია აქვს. მცირე, დაბალი ინტენსივობის ხანძრებს აბორიგენული თემები თავად აწარმოებენ არა მხოლოდ ხანძრის პრევენციისთვის, არამედ მიწასთან სულიერი კავშირისა და ეკოსისტემის მართვის ნაწილადაც. ეს ხანძრები არათანაბარ ლანდშაფტს ქმნის, რის შედეგადაც საწვავი (მშრალი მცენარეულობა) ერთ ტერიტორიაზე არ გროვდება და დიდი ხანძრის რისკი მცირდება.

დანთებამდე ტერიტორია საგანგებოდ ფასდება, მცენარეულობაში ტენისა და აალებადი ნივთიერების ბალანსი მოწმდება, რათა ცეცხლი კონტროლიდან არ გამოვიდეს.

იებრას თქმით, ევროპაში ლანდშაფტის დაგეგმვის ამგვარი კულტურული ტრადიცია არ არსებობს და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ესპანეთში ტყის ხანძრებამდე საწვავი მასიურად გროვდება.

"ძნელია იმის ყურება, რა ხდება ესპანეთში, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილება სამხრეთ ევროპაში ექსტრემალური ხანძრების სიხშირეს ზრდის", — ამბობს იებრა.

ესპანეთმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან რამდენიმე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

ფოტო: Getty Images

ის ფიქრობს, რომ ევროპას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე უარესი ხანძრების წინაშე დგას, შეუძლია ავსტრალიის ხანძრის ჩაქრობის გამოცდილებით ისარგებლოს.

"ჩვენ დიდი და მაღალი ინტენსივობის ტყის ხანძრებთან ცხოვრების ათწლეულების გამოცდილება გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რასაც ტყის ხანძრების მართვაში ვხედავთ, არის უბრალო რეაგირებიდან რისკის პროგნოზირებასა და ადრეულ მოქმედებაზე გადასვლა. რაც უფრო ადრე შევძლებთ რისკის იდენტიფიცირებას ან აალების აღმოჩენას, მით მეტი ვარიანტი ექნებათ მეხანძრეებს", — ამბობს ის.

ვებსტერი ამბობს, რომ მთავარი გაკვეთილი, რაც მსოფლიოს შეუძლია ავსტრალიისგან ისწავლოს, არის "არ დაელოდოთ".

პრევენციული და უკუღმა დაწვა

ავსტრალიაში გამოყენებული უფრო თანამედროვე ტაქტიკაა წინასწარ განსაზღვრული ცეცხლის დანთება, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საფრთხის შემცირების ცეცხლი. ეს ფრთხილად დაგეგმილი, ხშირად მასშტაბური ხანძრები, როგორც წესი, ცივ თვეებში ხორციელდება და ევროპის ნაწილებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება. ეს არის მიდგომა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა "ურბანულ გარეუბნებში", ამბობს ახალი სამხრეთ უელსის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ზედამხედველი, ენდრიუ შურეტი.

2019-2020 წლების შავი ზაფხულის ხანძრები ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე მძიმე ხანძრების სეზონი იყო

ფოტო: Getty Images

ავსტრალიის მოსახლეობის ზრდასთან და გარეუბნების გაფართოებასთან ერთად, ბუჩქნართან ახლოს სულ უფრო მეტი ადამიანი სახლდება, რის გამოც პრევენციული ცეცხლის დანთება მეხანძრეთა მთავარ საშუალებად იქცა. თუმცა გახანგრძლივებული ხანძრის სეზონები და გრილ თვეებში მეტი წვიმა ამ ცეცხლების განხორციელების ვადას ამცირებს.

საწვავის მოცილებას ემსახურება "უკუღმა დაწვის" პრაქტიკაც, რომელიც ავსტრალიაში ფართოდაა გავრცელებული: მთავარი ხანძრის გზაზე განზრახ ანთებენ ცეცხლს, რომელიც მცენარეულობას წვავს და ხანძრის გავრცელებას აჩერებს.

ეს მიდგომა სულ უფრო ხშირად გამოიყენება საზღვარგარეთაც, როგორც კვინსლენდის მეხანძარმა დამიან ჰეტფილდმა აღმოაჩინა. როდესაც ის ავსტრალიელი მეხანძრეების კონტინგენტთან ერთად კანადაში, ალბერტაში გაემგზავრა, რათა ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ხანძრებს დახმარებოდა, უკუღმა დაწვა მაშინ ფართოდ არ გამოიყენებოდა. ერთი წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

"უკუღმა დაწვა ნამდვილად ბევრად უფრო აქტუალური იყო, როდესაც 2024 წელს დავბრუნდი", — ამბობს ის, კანადელმა მეხანძრეებმა თავიანთ ოპერაციებში ეს მიდგომა "ყოყმანის გარეშე" ჩართეს.

დრონების როლი

დრონებმა ასევე შეცვალა, როგორ ებრძვის ავსტრალია ტყის ხანძრებს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ამბობს ტრენტ კურტინი, ახალი სამხრეთ უელსის სოფლის სახანძრო სამსახურიდან.

"ადგილობრივი ჯგუფები ჩამოდიან, სწრაფად აგზავნიან დრონს, ხანძრის ადგილს და მის განვითარებას ათვალიერებენ, გარკვეულ ინფორმაციას ამუშავებენ და გადაწყვეტილებებს იღებენ, სანამ ჩვენი დიდი ვერტმფრენები ან სხვა თვითმფრინავები საერთოდ მოვა ადგილზე", — განმარტავს კურტინი.

დრონები ადგილზე მყოფ ეკიპაჟებს მძიმე აღჭურვილობას აწვდის, "უკუღმა ხანძრებს" ანთებს და ხანძრის მიერ მიყენებული ზიანის შეფასებაში ეხმარება.

მოახლოებული ზაფხული

იებრას ცენტრში გუნდის მუშაობა განსაკუთრებით დროულია, რადგან სინოპტიკოსები ამ ზაფხულს სუპერ ელ-ნინიოს პროგნოზირებენ, რასაც შეიძლება უკიდურესი სიცხის, გვალვისა და ტყის ხანძრების ალბათობის ზრდა მოჰყვეს.

"როგორც ჩანს, ჩვენი შემდეგი ხანძრის სეზონი ცუდი იქნება", — ამბობს იებრა.

მარტა იებრა ხელმძღვანელობს გუნდს, რომელიც დიდი ტყის ხანძრების თავიდან ასარიდებელ ტექნოლოგიებზე მუშაობს

ფოტო: Nic Vevers

ამ შეშფოთებას იზიარებს ჯეისონ ჰეფერნანი, ვიქტორიის შტატის სახანძრო სამსახურის მთავარი თანამშრომელი. მისი თქმით, არცერთ სახანძრო სამსახურს ცალკე გამკლავება არ შეუძლია, ფორმალური და სანდო ეროვნული და საერთაშორისო რესურსების გაზიარების ქსელები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

ასეთივე თანამშრომლობის ფარგლებში ავსტრალიელი მეხანძრეები ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთშიც გაემგზავრნენ, სადაც ქვეყანა რეკორდულ ხანძრებს ებრძვის. ავსტრალია სპეციალიზებულ ჯგუფებს აშშ-სა და კანადას რეგულარულად უზიარებს და საპასუხოდაც იღებს, თუმცა ევროპიდან ამგვარი მოთხოვნა ჯერჯერობით იშვიათია. ეს კი შეიძლება შეიცვალოს, რადგან "გლობალური სახანძრო საზოგადოება ერთმანეთს უფრო და უფრო უკავშირდება", — აღნიშნავს ჰეფერნანი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.