2000 წლის წინ ამაზონის ჯუნგლები სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. დაახლოებით ძვ.წ. 600 წლიდან ჩვ.წ. 850 წლებში აკვირის ცივილიზაციამ ამაზონის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილები სრულიად გარდაქმნა.

ახალი კვლევის თანახმად, ეს ცივილიზაცია იმაზე დიდიც კი იყო, ვიდრე არქეოლოგებს აქამდე ეგონათ. სავარაუდოდ, მათ 30 000 მიწის ნაგებობა შექმნეს, მათი მოსახლეობის პიკი კი 3 მილიონ ადამიანს შეადგენდა (ჩვ.წ. 200 წლისთვის).

აკვირის ცივილიზაცია ერთი სამეფო ან იმპერია არ ყოფილა. ეს უბრალოდ საერთო ტრადიციების მქონე მჭიდროდ დაკავშირებულ საზოგადოებებს მოიცავდა. მათ შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი: ჩანაწერები არ დაუტოვებიათ.

მათგან მხოლოდ მონუმენტური მიწის ნაგებობებია შემორჩენილი: გეომეტრიული სივრცეები, რომლებიც რამდენიმემეტრიანი არხებითაა შემოსაზღვრული. ამ სივრცეებს სწორი გზები აერთებთ. სავარაუდოდ, ამ გზებზე ხალხი სხვადასხვა ცერემონიაზე დასასწრებად იკრიბებოდა.

როგორც აღვნიშნეთ, ეს ცივილიზაცია ჩვ.წ. 850 წლისთვის განადგურდა. საუკუნეების განმავლობაში მათი ნაგებობებიც გაქრა: ყველაფერი ჯუნგლებმა დაფარა. ტერიტორიის ბოლოდროინდელი წმენდის შედეგად მათი აგებული სტრუქტურების შესახებ მინიშნებები მივიღეთ, თუმცა უმეტესი ნაწილი მაინც გამქრალია.

ამ ყველაფრის კვლევაში მეცნიერებს LIDAR-ის ტექნოლოგია ძალიან დაეხმარა. ეს საფრენი აპარატიდან ლაზერული იმპულსების გაშვებას გულისხმობს. ზოგი მათგანი ტყის კალთაში არსებულ ნაპრალებში აღწევს და მიწაზე ირეკლება. ეს მკვლევრებს საშუალებას აძლევს ფარული ლანდშაფტის რეკონსტრუქცია ისე მოახდინონ, რომ ჯუნგლებს სერიოზული ზიანი არ მიაყენონ.

მკვლევრებმა ამ გზით ჯუნგლების 4497კმ2 შეისწავლეს. საბოლოოდ მათ მონაცემებში 432 მიწის ნაგებობა აღმოჩნდა. მათგან 396 აქამდე უცნობი იყო. ამ მტკიცებულების ექსტრაპოლაციით მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ აკვირის ცივილიზაციას 183000 კმ2 ჰქონდა ათვისებული. ამ ფართობზე 1,2-3 მილიონი ადამიანი დაეტეოდა. სავარაუდოდ, ეს ტერიტორიები მაშინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა: ჯუნგლების ნაცვლად აქ საცხოვრებლები, ფერმები და თავშეყრის ადგილები იქნებოდა.

მკვლევრების აზრით, ოდესღაც ამ ადგილებში ცერემონიები, შეკრებები, მუსიკა, ცეკვა, სპორტული შეჯიბრებები და სხვა ღონისძიებები იმართებოდა. ჯუნგლების ნაცვლად აქ ხის გრძელი ქოხები და სიმინდის, მანიოკის, გოგრისა და ბამბის მინდვრები იქნებოდა.

ახალი კვლევა აკვირის ცივილიზაციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს, თუმცა მათი ისტორიის უდიდესი ნაწილი დღემდე უცნობია. პასუხი არც მთავარ შეკითხვაზე გვაქვს: რატომ გაქრა ეს ცივილიზაცია?

ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.