ჩვენს ძვლებში და კბილებში არსებული კალციუმი ერთ დროს ვარსკვლავებს ეკუთვნოდა — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, სამყაროში არსებული კალციუმის ნახევარი ამ ნივთიერებით მდიდარი ზეახალი ვარსკვლავებისგან წარმოიშვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ძვლებში და კბილებში შემავალი კალციუმი, ძირითადად, აწ უკვე მკვდარ ვარსკვლავებს ეკუთვნოდა, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ აფეთქდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ეს აფეთქებები საოცრად იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. შესაბამისად, მეცნიერები მასზე დაკვირვებას და ანალიზს ვერ ახერხებდნენ. ამიტომაა, რომ დღემდე დარწმუნებულები არ იყვნენ, თუ როგორ წარმოიშვა კალციუმი.
ვარსკვლავების აფეთქება, როგორც ცნობილია, სხვა მძიმე მეტალების შექმნასაც იწვევს — მაგალითად, ოქროს და პლატინას. თუმცა კალციუმი ნამდვილ საიდუმლოებას წარმოადგენდა. ეს მდგომარეობა მაშინ შეიცვალა, როდესაც მთელი მსოფლიოდან 70 მეცნიერი გაერთიანდა და მოვლენის კვლევა გადაწყვიტა.
2019 წლის აპრილში ჯოელ შეფარდი კაშკაშა აფეთქებას აკვირდებოდა და წერტილი შენიშნა, რომელიც ღია სტაფილოსფერი იყო. მან ამის შესახებ ასტრონომებს გააგებინა და სულ მალე ყველას ყურადღება ამ ანომალიისკენ იყო მიპყრობილი. ეს, საბოლოოდ, კალციუმით მდიდარი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება აღმოჩნდა და მას SN 2019ehk უწოდეს.
მკვლევრების თქმით, აფეთქებისას ტემპერატურის მატება და წნევა იმ ქიმიურ რეაქციებს იწვევს, რომლებიც კალციუმს ქმნიან. როგორც წესი, თითო ვარსკვლავის წვისას კალციუმის ძალიან მცირე ოდენობა წარმოიქმნება. ხოლო როდესაც კალციუმით მდიდარ სუპერნოვასთან გვაქვს საქმე, წამებში კალციუმის ძალიან დიდი ოდენობა წარმოიქმნება და გამოთავისუფლდება.
"აფეთქების შემდგომ პროცესი ნელდება. ამ დროს ციურ სხეულს ენერგიის გაცემა სურს და კალციუმის გამოყოფა ამისთვის ეფექტიანი გზაა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა რაფაელა მარგუტიმ.
"სუპერნოვა აფეთქების დროს დამატებით იმდენ კალციუმს წარმოქმნის, რამდენიც ფოტონების გამოსაყოფად საჭირო გარემოს შესაქმნელადაა საკმარისი", — განმარტავ ვინ გალანი.
მკვლევრების თქმით, SN 2019ehk-მა ყველაზე მეტი კალციუმი წარმოქმნა იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებზეც მათ აქამდე დაკვირვება განუხორციელებიათ.
მკვლევრების მიგნებების მიხედვით, ვარსკვლავები, რომლებიც ამ აფეთქებებზე არიან პასუხისმგებლები, ამ პერიოდში რაღაც ტიპის არასტაბილურობას განიციდან, რაც შემდეგ, ზუსტად აფეთქების წინ, ვარსკვლავის გარეთა ფენების გამოტყორცნას იწვევს.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ. ისინი განსაკუთრებით იმ რენტგენულ სხივებზე ფოკუსირებას გეგმავენ, რომლებიც კალციუმით მდიდარი ზეახალი ვარსკვლავიდან მოდის.
კომენტარები