დინოზავრების ერას გადარჩენილი ცხოველი ძუძუმწოვრებისა და რეპტილიების გენებს იზიარებს
ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის ტუატარები ძალიან ჰგვანან ხვლიკებს. თუმცა მათი ევოლუციისა და გენეტიკის წყალობით, ისინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხერხემლიანები არიან. ახალი კვლევის მიხედვით კი ისიც ირკვევა, რომ მათ გენომს ცხოველთა სამეფოს სხვა უცნაურ წარმომადგენელთან, კვერცხისმდებ ძუძუმწოვართან — ერთგასავლიანთან აქვს საერთო.
ტუატარები, მათი ხვლიკისებური გარეგნობის მიუხედავად, გენეტიკურად ყველა დღეს ცოცხალი არსებისგან განსხვავდებიან. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა კი ადასტურებს, რომ მათ ხვლიკებთან და ქვეწარმავლებთან საერთო არაფერი აქვთ.
ადელაიდას უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ადელსონის თქმით, ტუატარებს ისეთი "მოხტუნავე გენები", იგივე ტრანსპოზონები აქვთ, რომლებითაც იხვნისკარტებს უფრო ენათესავებიან, ვიდრე რეპტილიებს.
"ტუატარას გენომი რეპტილიებისთვის დამახასიათებელი დაახლოებით 4%-ს შეიცავს, ერთგასავლიანებისთვის დამახასიათებელი ტრანსპოზონების 10%-ს და ძუძუმწოვრებისთვის დამახასიათებელი ტრანსპოზონების 1%-ზე ნაკლებს. რეპტილიებისა და ერთგასავლიანების ელემენტების გაზიარება იმაზე მიგვანიშნებს, რომ ოდესღაც მას შერეული წინაპრები ჰყავდა", — განაცხადა ადელსონმა.
ტუატარას გენომის ანალიზი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რადგან მისი 5-მილიარდიანი ფუძეთა წყვილი სხვა ცხოველებისაზე ბევრად დიდია.
"ცხოველის გენომის ზომასა და მის კომპლექსურობას შორის კავშირი არავის აღმოუჩენია", — აცხადებს ადელსონი.
ადელსონი მიიჩნევს, რომ ეს მიგნებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ მკლევრებმა, ვინც ძუძუმწოვრების, დინოზავრებისა და თანამედროვე რეპტილიების საერთო წინაპრის დადგენას ცვდილობს. მართალია, ტუატარა გენეტიკურად საკმარისად უჩვეულოა იმისთვის, რომ მსგავს კვლევებში ცვლილებები შეიტანოს, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, იმ საერთო წინაპრის კიდევ სხვა განშტოებებშიც თუ გამოვლინდებოდა მსგავსი თვისებები, თუკი ისინი, ტუატარის მსგავსად, დროს გაუძლებდნენ და ჩვენამდე მოაღწევდნენ.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ტუატარა, შესაძლოა, დინოზავრების უახლოესი გადარჩენილი ნათესავი იყოს, თუმცა ადელსონის თქმით, ამის დამტკიცება რთულია, რადგან დინოზავრები ცოცხლები არ არიან და მათ ისე სიღრმისეულად ვერ შევისწავლით, როგორც ტუატარებს.
კომენტარები