რუსი სახელმწიფო მოხელეები COVID-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინით იცრებიან
რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო 100 პროცენტით ეფექტიანი ვაქცინა შექმნეს. მათივე თქმით, ისინი ამ ვაქცინით თავადაც აიცრნენ და ოჯახის წევრებიც აცრეს. თუმცა, ამ ეტაპზე საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულება, რომ ვაქცინა მართლაც მუშაობს, არ არსებობს.
რუსეთის სახელმწიფო კვლევითი დაწესებულება, გამალეიას კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს, რომ ვაქცინა ტესტირების მესამე, ანუ უკანასკნელი ფაზისთვის მზადაა და მკვლევრები მის გამოცდას ექიმებსა და მასწავლებლებზე აპირებენ. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) ამ ეტაპზე არ მოეპოვება მონაცემები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ვაქცინის შექმნის პროცესი მართლაც იძლევა მსგავსი ოპტიმიზმის საფუძველს.
გამალეიას კვლევითმა ინსტიტუტმა ტესტირების მხოლოდ მცირემასშტაბიან პირველ ფაზაზე გაასაჯაროა მონაცემები, თუმცა შედეგები არ გამოუქვეყნებია. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კირილ დმიტრიევმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ გაზეთს განუცხადა, რომ მკვლევრებს მესამე ფაზის ტესტირებათა დაწყება სურთ და რომ რუსეთს უნდა, მასობრივი ვაქცინაცია სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყოს.
CNN-ის ცნობით, გამალეიას კვლევითი ინსტიტუტი იმედოვნებს, რომ ვაქცინა მასობრივი გამოყენებისთვის ნებართვას აგვისტოს შუა რიცხვებში მიიღებს. ამის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს, რომ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროს მუშაკები აცრას.
მაშინაც კი, თუ დმიტირიევი სიმართლეს ამბობს და ვაქცინამ საწყისი ფაზები სწრაფად და წარმატებით გაიარა, ყველა წესის დაცვით ჩატარებულ მესამე ფაზას, რომელიც ფართომასშტაბიან კლინიკურ გამოცდას მოიაზრებს, თვეები სჭირდება.
WHO-ს წარმომადგენელმა, მარგარეტ ენ ჰარისმა Quartz-ს განუცხადა, რომ ორგანიზაციამ იცის რუსული ვაქცინის ტესტირების მესამე ფაზაში შესვლის შესახებ, მაგრამ არაფერი უთქვამს წინა შედეგებსა თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების არარსებობას რუსი მოხელეებისთვის ხელი არ შეუშლია, კვლევაზე თამამი და საეჭვო განცხადებები გაეკეთებინათ.
"კლინიკური გამოცდების პირველ და მეორე ფაზაზე დაყრდნობით ჩვენ ისიც ვაჩვენეთ, რომ დაახლოებით 100 ადამიანის 100-მა პროცენტმა ანტისხეულთა ძალიან მაღალი რაოდენობა გამოიმუშავა", — განუცხადა დმიტრიევმა The National-ს.
მან დაურთო, რომ ის და მისი 74 წლის მშობლები ვაქცინით უკვე აიცრნენ. დმიტრიევის განცხადებით, ორივე მათგანი მოლეკულური ბიოლოგია და ეს გადაწყვეტილება მათ მეცნიერული ცნობისმოყვარეობის კარნახით მიიღეს.
პროექტის დირექტორმა, ალექსანდრე გინსბურგმა კი CCN-ს განუცხადა, რომ ექსპერიმენტული ვაქცინით ისიც აიცრა.
კომენტარები