29 ივლისს აშშ-ის კონგრესმა ტექინდუსტრიის 4 გიგანტის, ამაზონის, გუგლის, ფეისბუქის და ეფლის ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში ამ კომპანიების დირექტორებს, ჯეფ ბეზოსს, სუნდარ პიჩაის, მარკ ცუკერბერგს და ტიმ კუკს ვირტუალურად, ვიდეოზარების გამოყენებით მოუსმინა.

ტექნოლოგიური სექტორის ფართომასშტაბიანი გამოძიება გასული წლის ივნისიდან მოყოლებული მიმდინარეობს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის გამოძიება, ძირითადად, ფოკუსირდება იმაზე, ხომ არ გაიზარდა ამ კომპანიების ძალაუფლება იმდენად, რომ ირღვევა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა.

სამართალდამცავებმა მთლიანი გამოძიების განმავლობაში მილიონზე მეტი დოკუმენტი გააანალიზეს.

მთავარი ბრალდებები

ფოტო: House Judiciary

იმის მიუხედავად, რომ თითოეული კომპანია სხვადახვა მიზეზით მოექცა სამართალდამცავთა ყურადღების ცენტრში, ამ კვირის მოსმენაზე კომიტეტმა მათ შორის არსებულ მსგავსებებზე გააკეთა აქცენტი, რაც მომავალში სარეგულაციო რეფორმის საფუძველი შეიძლება გახდეს.

დემოკრატი კონგრესმენისა და წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანტიმონოპოლიური ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ სისილინის მეთაურობით მიმდინარე გამოძიებამ ოთხივე კომპანიის მუშაობაში შემაშფოთებელი ტენდენციები გამოავლინა. მათ შორის იყო კომპანიების მხრიდან დისტრიბუციაზე კონტროლი, კონკურენტებზე თვალთვალი და ძალაუფლების გაძლიერების მიზნით ტექნოლოგიურ სექტორზე კონტროლის ბოროტად გამოყენება.

"მართალია, ეს ოთხი კორპორაცია ერთმანეთისგან არსებითი და მნიშვნელოვანი მიზეზებით განსხვავდება, ჩვენ გამოძიების მსვლელობისას ყველა მათგანისთვის დამახასიათებელი, საერთო ტენდენციები და კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოვკვეთეთ", — აღნიშნა მოსმენის შესავალ სიტყვაში სესილინმა.

გამოძიების ყურადღების ცენტრში ინფორმაციის და პროდუქტების დისტრიბუციაზე არსებული იმ ძალაუფლების შესწავლა მოექცა, რომელსაც ეს ტექნოლოგიური გიგანტები ფლობენ. მაგალითად, ორივე, Apple და Amazon, აკონტროლებს იმას, თუ ვის მიეცემა მათ პლატფორმაზე აპლიკაციების წარდგენის და პროდუქტების გაყიდვის უფლება.

Amazon-ის მიმართ დასმული კითხვები

ჯეფ ბეზოსის დაკითხვის მთავარი ხაზი შეეხებოდა ბრალდებას, რომ კომპანიამ კომიტეტი განზრახ შეიყვანა შეცდომაში. ტექგიგანტმა გამოძიებისას სამართალდამცავებს უთხრა, რომ საკუთარი პროდუქტების გაყიდვების წასახალისებლად მესამე მხარის მონაცემებს არ იყენებდა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, პრამილა ჯაიაპალმა იმ საჯარო ანგარიშებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საპირისპიროზე მიუთითებდნენ. ამის შედეგად, ბეზოსმა — რომელიც კონგრესის წინაშე პირველად წარსდგა — პოტენციური დარღვევის უარყოფა ვერ შეძლო.

"რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ შემუშავებული გვაქვს წესი, რომელიც კრძალავს ჩვენი პირადი ბიზნესის წახალისების მიზნით გამყიდველის სპეციფიკური მონაცემების გამოყენებას. თუმცა მე იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს წესი არასოდეს დარღვეულა", — თქვა მან.

Google-ის მიმართ დასმული კითხვები

ფოტო: House Judiciary

რაც შეეხება Google-ს, ყურადღება გამახვილდა კომპანიის ტენდენციაზე, მკაცრად აკონტროლოს იმ კონკურენტების საქმიანობა, რომლებიც ინტერნეტძიების სფეროში მოღვაწეობენ. სესილინმა საბუთად მოიტანა გამოძიებისას მოპოვებული დოკუმენტაცია: გუგლის თანამშრომლებს შორის გაგზავნილი იმეილები, რომლებშიც ეს უკანასკნელები გამოთქვამენ შეშფოთებას კონკურენტ კომპანიათა ზრდასთან დაკავშირებით. ამასთან, ბრალდების თანახმად, გუგლმა Yelp-ის რესტორნების შეფასებები მიისაკუთრა და როცა კომპანიამ პროტესტი გამოთქვა, დაემუქრა, რომ საერთოდ ამოშლიდა მას თავისი საძიებო სისტემიდან.

პიჩაიმ ეს ბრალდება უარყო. "დღეს ჩვენ 1.4 მილიონ მცირე ბიზნესს ვუჭერთ მხარს და მათი ეკონომიკური საქმიანობის დასახმარებლად $385 მილიარდზე მეტი გვაქვს გამოყოფილი", — განაცხადა მან, — "ჩვენ ვხედავთ, როგორ წარმატებას აღწევს მრავალი ბიზნესი, ეს პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აღსანიშნავია".

Facebook-ის მიმართ დასმული კითხვები

ფოტო: House Judiciary

გამოძიებამ ახლადშექმნილი ტექკომპანიების კონტროლის მცდელობაში ფეისბუქსაც დასდო ბრალი. კერძოდ, ხაზი გაესვა ფეისბუქის მცდელობას, მიეთვისებინა მათი მიღწევები ან შეესყიდა ისინი — როგორც ეს ინსტაგრამის შემთხვევაში მოხდა. წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ჯეროლდ ნადლერმა კომპანიის დირექტორის დაკითხვისას ახსენა ცუკერბერგის 2012 წლის მესიჯი, რომელშიც ის ამბობდა, რომ ინსტაგრამის შესყიდვას ცდილობდა, რადგან შიშობდა, რომ მას შეეძლო "მნიშვნელოვნად დაეზარალებინა" ფეისბუქი. ასევე ხაზი გაესვა კომპანიის თანამშრომელთა სხვა მიმოწერებსაც, რომლებზე დაყრდნობითაც ფეისბუქის მიდგომა კომიტეტმა "მიწის მითვისების" მსგავს სტრატეგიად შეაფასა.

"პოტენციურად კონკურენტი კომპანიების შერწყმა და შესყიდვა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის საშიშროებას შეიცავს. თქვენივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ, თქვენ ინსტაგრამი იმისთვის შეიძინეთ, რომ კონკურენციის საფრთხე გაგენეიტრალებინათ", — ამ სიტყვებით მიმართა ნადლერმა ცუკერბერგს.

"ჩვენ მთელი ძალით ვწევთ მეტოქეობას. ჩვენ სამართლიანად ვწევთ მეტოქეობას. ჩვენ ვცდილობთ, რომ საუკეთესონი ვიყოთ", — ეს სიტყვები კი ცუკერბერგმა მოსმენის დასაწყისში წარმოთქვა.

Apple-ის მიმართ დასმული კითხვები

ფოტო: House Judiciary

Apple-მა დანარჩენ სამ კომპანიასთან შედარებით ნაკლები კითხვა მიიღო.

წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ვალ ბატლერ დემინგსმა Apple-ის დირექტორს, ტიმ კუკს კომპანიის აპლიკაციების მაღაზიის, App Store-ის წესებზე დაუსვა კითხვა, კერძოდ კი დაინტერესდა კომპანიის გადაწყვეტილებით, წაეშალა მესამე მხარის "მშობლის კონტროლის" ის აპლიკაციები, რომლებიც მობილური ხელსაწყოების მართვის ტექნოლოგიას (MDM) იყენებდნენ. ეს კითხვა იმ კუთხითაა რელევანტური, რომ Apple-ს თავად აქვს საკუთარი "მშობლის კონტროლის" პროგრამული უზრუნველყოფა.

ამასთან, რამდენიმე სამართალდამცავმა ხაზი გაუსვა Apple-ის პოლიტიკას, რომლის თანახმადაც კომპანიებს აპლიკაციების შიდა გაყიდვებისგან და გამოწერებისგან 30 პროცენამდე საკომისიოს გადახდა უწევთ.

"ჩვენ არ ვავიწროებთ და არ ვჩაგრავთ ხალხს. ეს ჩვენი კომპანიის პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება", — ასეთი იყო კუკის პასუხი ბრალდებებზე.


კომიტეტი შემაჯამებელი ანგარიშის გამოქვეყნებას ზაფხულის ბოლოს გეგმავს. მართალია, კონგრესს არ აქვს იმის ძალაუფლება, რომ პირდაპირ ჩაერიოს ტექნოლოგიური გიგანტების საქმიანობაში, მაგრამ მას შეუძლია შექმნას კანონმდებლობა, რომლის მიზანიც ამ სექტორის რეგულაცია იქნება. ამასთან, ტექკომპანიების წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ ისეთ სააგენტოებს აქვთ, როგორებიცაა ფედერალური სავაჭრო კომისია და იუსტიციის დეპარტამენტი.