მკვლევრებმა ატლანტის ოკეანეში 16 ათასი წლის წინანდელი წყალმცენარე იპოვეს
მეცნიერებმა შოტლანდიის, ირლანდიისა და საფრანგეთის სანაპიროების სიახლოვეს, ატლანტის ოკეანის ფსკერზე ლამინარიასნაირების სახეობის ისეთი წარმომადგენლები იპოვეს, რომელიც 16 ათასი წლის წინაც არსებობდა.
ექსპერტებმა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში 14 განსხვავებული ტერიტორიიდან აღებული ლანიმარიასნაირების გენეტიკური კომპოზიცია გააანალიზეს. შედეგად სამი ძირითადი გენეტიკური ჯგუფი გამოვლინდა. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენა კლიმატის ექსტრემალური ცვლილებების დროს წყლის მცენარეების გადარჩენის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმარებათ.
"შოტლანდიაში და ირლანდიაში ნაპოვნი ლამინარია არქტიკულ პოპულაციებს უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ჯგუფისას. როდესაც უკანასკნელი გამყინვარების დროს ყინულის ფენებმა ჩრდილოეთ ევროპის სანაპირომდე გადმოინაცვლა, მას თან ლამინარიაც მოჰყვა. ლამინარიასნაირები ატლანტის ოკეანეში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, თუ რგორ ვრცელდებიან ისინი და რამდენად მგრძნობიარეები არიან გარემოს ცვლილებების მიმართ", — განაცხადა დოქტორმა ენდრიუ ვონტმა.
მკვლევართა გუნდმა, რომელიც პორტუგალიელი და ფრანგი მეცნიერებისგან შედგება, აშშ-სა და კანადის აღმოსავლეთ ნაპირებზე ლამინარიის მეორე გენეტიკური ჯგუფი იპოვეს. კიდევ ერთი კი ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში აღმოაჩინეს.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ წყლის ორგანიზმები კლიმატთან ერთად იცვლებიან და მიგრირებენ. ეს მიგრაციები ისეთ მექანიზმებს უზრუნველყოფენ, რომელთა მეშვეობით წყლის მცენარეები გლობალური კლიმატის ცვლილებებს ამცირებენ", — განაცხადა დოქტრომა ჯოაო ნივამ, — "სახეობა გლობალური მასშტაბით გადაშენების წინაშე არ იმყოფება, მაგრამ მრავალფეროვნების შემცირებას, შესაძლოა, ცუდი შედეგები მოჰყვეს".
გუნდის მიერ ჩატარებული კვლევა ევროპულ ჟურნალში, European Journal of Phycology დაიბეჭდა.
კომენტარები