უსაფრთხოების ორმაგი სტანდარტი ტურისტებისა და მოქალაქეებისთვის — სად არის ლოგიკა
არც ისე დიდი ხნის წინ, თითქმის ყოველდღიურად, სხვადასხვა ეთერის თუ ტრიბუნის საშუალებით მთავრობა გვამცნობდა, რომ ვიქნებოდით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნიდა და საერთაშორისო ვიზიტორებს პირველ ივლისს მიიღებდა. მაშინ სიამაყით განიხილავდნენ, რამდენად კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონდა და როგორ ამუშავდებოდა ტურიზმი ჩვენთან იმაზე ადრე, ვიდრე გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში.
როცა ხალხი ბილეთებს ყიდულობდა და სასტუმროებს ჯავშნიდა, ადგილობრივი მცირე მეწარმეები კი პირველი ივლისისთვის სულმოუთქმელად ემზადებოდნენ, მთავრობამ გადაიფიქრა. გვამცნეს, რომ "ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების" გამო ჯობდა საზღვრები არ გაგვეხსნა და ისიც კი თქვეს, არც ღირდა, ფინანსურად ზიანს უფრო მოგვიტანდა, ვიდრე სარგებელსო. სანამ გაუქმებული ფრენების გამო განაწყენებული მოსახლეობა, განსაკუთრებით ემიგრანტები, მთავრობას აკრიტიკებდნენ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მათ საზღვრების გახსნა ისევ გადაწყვიტეს. აი, მაშინ დაიწყო მთავარი თავის ტკივილი.
დღეს, 8 ივლისს გავიგეთ, რომ ერთი ქვეყნიდან ჩამოსული, ერთი ტრანსპორტით ნამგზავრი 2 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე სხვადასხვა დონის "საფრთხეა" ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის. უფრო კონკრეტულად კი, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა "საფრთხე", რომელიც 2-კვირიან სავალდებულო კარანტინში ან იზოლაციაში უნდა იყოს, სანამ იმავე თვითმფრინავით ჩამოფრენილი სხვა პირები საქართველოს კულტურულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და ადგილობრივ სამზარეულოს დააგემოვნებენ.
რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უამრავი რთული კითხვა მოჰყვა ოპოზიციასა და საზოგადოებაში. უცხოელი ტურისტების შემოსვლის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მეტიც, საქართველოში მათ დიდი ხანია ველით, მაგრამ ამ რეგულაციების გამო ყველას აინტერესებს პასუხი მარტივ კითხვაზე — რატომ არის ორმაგი სტანდარტი? იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ, სად არის ლოგიკა ამ რეგულაციებში, ერთად განვიხილოთ, ვის ვუხსნით საზღვრებს, რა პირობით, ვის არ ვუშვებთ ქვეყანაში და რატომ ვუშვებთ ჩვენივე მოქალაქეებს იძულებით იზოლაციაში.
რომელ ქვეყნებს გავუსხენით საზღვარი, რომელს არა და რატომ
პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ საზღვრების გახსნა ეხება საჰაერო მიმოსვლას და არა სახმელეთოს. საქართველოს სახმელეთო საზღვარი ისევ ჩაკეტილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
იმისთვის, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ჩახლართული სქემა უკეთ გავიგოთ, ჯერ უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მის წევრ ქვეყნებს ურჩია საზღვრები გაეხსნათ არაწევრი 15 ქვეყნისთვის, სადაც შედარებით კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ამ ქვეყნებს შორის მოხვდა საქართველოც. ევროკავშირის წევრების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და ამ სიიაში შესულ სახელმწიფოებს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, ნაწილმა გარკვეული დათქმებით, ნაწილმა არ გახსნა, ზოგიერთმა კი საერთოდაც არარეკომენდებულ ქვეყნებთანაც აღადგინა მიმოსვლა.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც მთავრობაში ამბობენ, საზღვრების გახსნისას გაითვალისწინეს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ისიც, თუ როგორ შეასრულეს მათ EU-ს რეკომენდაციები საზღვრების გახსნაზე. სწორედ ამიტომ საქართველომ საზღვრები მხოლოდ 5 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს გაუხსნა და მათ შორის ვერ მოხვდნენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც ჩვენთვის აქვთ გახსნილი საზღვარი. 5 ქვეყანა, რომელთანაც ორმხირივი შეთანხმებით გაიხსნა საზღვარი არის:
- საფრანგეთი;
- გერმანია;
- ლიეტუვა;
- ლატვია;
- ესტონეთი.
ამ ქვეყნებთან საზღვარი გახსნილია უპირობოდ, ანუ შემოსვლისას მათთვის არ არის სავალდებულო კარანტინი, თუ მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდებათ. ამ პირობებს ქვევით დეტალურად განვიხილავთ, მანამდე, გავარკვიოთ რა ხდება სხვა სახელმწიფოებთან.
როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, საზღვარს გარკვეული დათქმით უხსნიან იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში ან სხვადასხვა პირობით გაუხსნეს საზღვარი. მაგალითად: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია. ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა, ოღონდ საკუთარი ფულით დაფინანსებული 14-დღიანი კარანტინის პირობით. ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ისიც, რომ ნაწილმა საზღვარი გაუხსნა ისეთ ქვეყნებს, რომლებზეც ევროკავშირს რეკომენდაცია არ გაუცია და სადაც რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ მიუხედავად ევროკავშირის რეკომენდაციისა, არის ქვეყნები, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოსთვის საზღვრის გახსნაზე. პასუხად მათ არც ჩვენ ვუხსნით საზღვარს. ესენია:
- ავსტრია;
- ბელგია;
- ბულგარეთი;
- დანია;
- ნორვეგია;
- მალტა;
- ფინეთი;
- შვეიცარია;
- ჩეხეთი;
- სლოვაკეთი;
- უნგრეთი.
ტურისტებისთვის ასეთი შეზღუდვების ფონზე, მთავრობის თქმით, "შეუფერხებლად" განხორციელდება საქმიანი ვიზიტები, თუ, რა თქმა უნდა, 14-დღიან ფასიან კარანტის და ასევე ფასიან PCR ტესტს არ გავითვალისწინებთ, რომელიც ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ. საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა ნებისმიერი ქვეყნიდან არის შესაძლებელი, წინასწარ სპეციალური ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით.
როგორ და რა პირობებით შემოვლენ ქვეყანაში ტურისტები
საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვას, ლატვისა და ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეუძლიათ. როგორც მთავრობაში ამბობენ, აგვისტოში რეგულარულ რეისებს განახორციელებს Lupthansa და შესაძლოა, airBaltic და Air France-ც, რომლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა შემდეგი პროცედურები უნდა გაიარონ:
- საზღვრის გადმოკვეთამდე მოგზაურმა უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა, მათ შორის, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია;
- მოგზაურმა ანკეტაში უნდა მიუთითოს, სად აპირებს დროს გატარებას საქართველოში ყოფნისას, მათ შორის, მისი საკონტაქტო ინფორმაცია;
- თუ თერმოსკრინინგის დროს დაუფიქსირდება 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, მგზავრს აეროპორტში ჩაუტარდება PCR ტესტი;
- სავალდებულო კარანტინს ან ტესტირებას გაივლიან ის პირები, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია ექნებათ.
- ქვეყანაში დარჩენის პერიოდში მათთან აქტიურ კომუნიკაციაში იქნება სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.
საქართველოს მოქალაქეები კი, ისევე, როგორც ევროკავშირის მწვანე ზონის სხვა ქვეყნის მოქალაქეები და რეზიდენტები, კარანტინში გაატარებენ 2-კვირას.
სად არის ლოგიკა?
დღეს სხვადასხვა ეთერიდან სამთავრობო გუნდი და საკოორდინაციო საბჭოს წევრები გვიმტკიცებდნენ, რომ ეს მიდგომა არც დისკრიმინაციულია, არც უთანასწორო და მეტიც, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვით არის განპირობებული, რაც "ობიექტურმა რეალობამ" მოიტანა. მათი ლოგიკით, სწორედ ჩვენი მოქალაქეები არიან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების "საფრთხე", რადგან მათ უფრო მეტ ადამიანთან აქვთ კონტაქტი ქვეყანაში, ვიდრე ტურისტებს. ამ არგუმენტის გასამყარებლად, მათ ისიც გაიხსენეს, რომ ვირუსი ქვეყანაში სწორედ ევროპაში ნამოგზაურებმა მოქალაქეებმა გაავრცელეს "უნებურად".
"გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით უფრო მეტ ადამიანთან აქვთ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში წვდომა, ვიდრე უცხოეთის მოქალაქეებს. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს მუდმივად კონტროლქვეშ და იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ისევე, როგორც საქართველოში შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და რეზიდენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პირველი არხის ეთერში.
იმის ხაზგასასმელად, რომ ეს რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი დისკრიმინაციული არ არის, დღეს აქტიურად უსვამდნენ ხაზს იმ ფაქტს, რომ მწვანე ზონის 5 ქვეყნიდან მარტო მათი მოქალაქეები კი არა, რეზიდენტებიც ჩამოდიან.
"ეს არ არის დიკსრიმინაციული მიდგომა და არათანაბარი მიდგომა. 5 სახელმწიფოზე, რომლებსაც ვუხსნით საზღვარს, ვსაუბრობთ, როგორც მოქალაქეებზე, ასევე, რეზიდენტებზე და იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში არის უფრო მეტი სიფრთხილე საჭირო. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ უფრო მეტი უსაფართხოებისთვის უზრუნველვყოთ ისინი 14-დღიანი კარანტინით", — განაცხადა პრემიერმინსიტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა რუსთავი 2-ის ეთერში.
პრესსპიკერის არგუმენტი არადისკრიმინაციულ მიდგომაზე ამავე ეთერში გააძლიერა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. ის ამტკიცებდა, რომ სავალდებულო კარანტინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს არ უწევთ და იმავე პირობით შემოდიან ევროკავშირის მწვანე ზონის ქვეყნების სხვა მოქალაქეებიც.
"რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ვინც ყურადღებით მოუსმინა ბატონ ჩიქოვანს, ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც იმ 5 სახელმწიფოდან არ ჩამოდიან. აქედან გამომდინარე, რაიმე მიბმა, მოქალაქეეობასთან არ არის და არც დისკრიმინაციულია", — აღნიშნა მან.
სამთავრობო გუნდი ამტკიცებდა, რომ ეს მიდგომა კომპლექსურია და სწორედ ასეთმა "წინდახედულებამ იხსნა" საქართველო ეპიდემიის აფეთქებისგან. ამის პარალელურად, ვისმენდით მათივე გუნდის ქებას იმის გამო, თუ რამდენად ეფექტურად ამუშავეს საკარანტინო სივრცეები და როგორ აღფროთვანდა ამით მსოფლიო.
"მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა აღიარებს და არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რომ ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ მიგვეღო სწორი შედეგი, რა შედეგიც გვაქვს. აქედან გამომდინარე არის ეს გადაწყვეტილება მიღებული", — განაცხადა ჩიქოვანმა.
მინისტრი და პრესსპიკერი ხაზს უსვამდნენ იმას, რომ საქართველო თავისივე მოქალაქეებს, რომლებსაც იძულებით იზოლაციაში უშვებს, საკარანტინე პირობებს "მათ" ანუ ბიუჯეტის ხარჯზე სთავაზობს და ესეც ზრუნვის გამოხატულებაა.
"რატომ ხორციელდება უფრო მეტი კონტროლი და თან ჩვენს ხარჯზე? მარტივი პასუხია: იმიტომ, რომ ის ჩვენი მოქალაქეა და ვალდებული ვართ, მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ საქართველოს მოქალაქის მიმართ. ნურავინ მიიღებს ამას სხვაგავარად, ეს არ არის ვინმეს უფლებების შეზღუდვა", — განაცხადა თურნავამ. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ არ უწესებენ იგივე მოთხოვნებს თავის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნები, მინისტრმა ისევ სამთავრობო გუნდის ქებით უპასუხა:
"ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენს მოქალაქეებზე და იმასაც არ უნდა მოვერიდოთ, ვთქვათ, რომ ბევრ განვითარებულ სახელმწიფოსთან შედარებით, გაცილებით ეფექტურად ვმართეთ პანდემია და ჩვენი ეპიდვითარება. აქედან გამომდინარე, იმასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ეფექტურები ვართ. იმ მეთოდებმა და კარანტინმა ძალიან კარგად გაამართლა".
მზრუნველობასა და უსაფრთხოებაზე გაჟღერებული ამდენი ფრაზის შემდეგ, დარჩა კიდევ ერთი კითხვა, თუ მთავრობა თავის მოქალაქეებს იმიტომ უშვებს იზოლაციაში, რომ ვირუსის გავრცელება აირიდოს, რატომ არ მიიჩნევს საჭიროდ ან რა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ამ 5 ქვეყნიდან შემოსული პირები უფრო მკაცრად გადაამოწმოს და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.
"ამ ხუთი ქვენის მოქალაქეებს არ ვამოწმებთ გამომდინარე იქიდან, რომ ვართ საერთო ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებულებიც ვართ, რომ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ — ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს", — განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება უსაფრთხოების ბერკეტებს, თურნავა ამტკიცებდა, რომ თერმოსკრინინგი და მოგზაურობის ისტორია ამ შემთხვევაში საკმარისია.
"არავინ თქვას, რომ ჩვენ უკონტროლოდ ვტოვებთ მათ მოქალაქეებს. თერმოსკრინინგი ტარდება, ელექტრონული ფორმა ივსება. იმ შემთხვევაში, თუ ამ 5 ქვეყნის მოქალაქეს, 14 დღის განმავლობაში, ვიდრე ჩვენთან ჩამოფრინდებოდა, ისტორიაში აქვს მოგზაურობა ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენს ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მასაც ჩვენ ვთავაზობთ სავალდებულო ფასიან PCR-ს და აქედან გამომდინარე, კონტროლი ხორციელდება".
მინისტრმა ამავე ინტერვიუში ნაწყენ ემიგრანტებსაც მიმართა, რომლებსაც ქვეყანაში დაბრუნება ან დროებით ჩამოსვლა სურთ, მაგრამ 14-დღიანი კარანტინი და რეგულარული რეისების არარსებობა აბრკოლებთ. თურნავამ მათ განუცხადა, რომ "საერთო საჭიროება უფრო მაღლა უნდა დააყენონ".
"მე მესმის ყველასი, მესმის რომ ადამიანებს უჭირთ არსებული გეგმები შეცვალონ, თუმცა თითოეულ ჩენთანგანს, მეც, თქვენც, ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, წელს მოუწია გეგმების შეცვლა. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საერთო საჭიროება და ზოგჯერ საერთო საჭიროება უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე ჩვენი პერსონალური. რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩვენ მათზე განსაკუთრებით ვზრუნავთ", — განაცხადა მინისტრმა.
ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, მთავრობა გირჩევთ, სანამ საერთაშორისო ვიზიტებს დაგეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ "ობიექტური რეალობის" და ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სამშობლოში დაბრუნებულებს 2-კვირიანი კარანტინი გელით. ამიტომ, თუ გერმანელ, ფრანგ, ესტონელ, ლიეტუველ ან ლატვიელ მეგობართან ერთად აპირებთ ქვეყანაში დაბრუნებას, მათ თვითმფრინავშივე დაემშვიდობეთ, რადგან გამოსვლის შემდეგ ის თავისუფლად დატოვებს ტერიტორიას, თქვენ კი უსაფრთხოების მოტივით, ხალხს მოგარიდებენ.
კომენტარები