ძაღლის 1 წელი ადამიანის 7 წელს არ უდრის — კვლევა
ძაღლები ადამიანებთან შედარებით 7-ჯერ უფრო სწრაფად არ ბერდებიან, აცხადებენ მეცნიერები ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში და აღნიშნავენ, რომ ძაღლები, შესაძლოა, უფრო მოხუცები იყვნენ, ვიდრე გვგონია. სტატია ჟურნალში Cell Systems გამოქვეყნდა და მისი ავტორები კალიფორნის უნივერსიტეტის სან-დიეგოს სამედიცინო სკოლის მკვლევრები არიან.
ახალი კვლევის მიხედვით, რაოდენ გასაკვირადაც უნდა ჟღერდეს, 1 წლის ასაკის ძაღლი "ადამიანური წლებით", შეიძლება, 30-ის იყოს. მეცნიერები ამ დასკვნამდე ძაღლების დნმ-ის ეპიგენეტიკური ცვლილებების ანალიზით მივიდნენ. ეს უკანასკნელი დნმ-ის ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობას არ ცვლის, თუმცა მას გენების ჩართვა-გამორთვის ფუნქცია აქვს.
მეცნიერთა გუნდმა ადამიანების გენომის გარკვეულ უბნებში კონცენტრირებული მოლეკულები, მეთილური ჯგუფები გამოიკვლიეს, რომელთან რაოდენობაც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. მკვლევრებმა ძაღლების გენეტიკური ნიმუშები 100 ლაბრადორ რეტრივერისგან აიღეს, რომელთა ასაკიც ლეკვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე მერყეობდა. მიღებული შედეგების შედარებმა ნათელი გახადა, რომ ძაღლის 1 წელი ადამიანის 7 წელს ნამდვილად არ უდრის.
როგორც აღმოჩნდა, სიცოცხლის პირველ წლებში ძაღლების გენომში მეთილური ჯგუფები, ადამიანებთან შედარებით, გაცილებით უფრო სწრაფად გროვდება. შესაბამისად, ისინი ასაკში უფრო სწრაფად შედიან. დროთა განმავლობაში კი ეს პროცესი ძაღლებისთვის ნელდება.
შესაბამისად, 1 წლის ძაღლის "ადამიანური ასაკი" 30 წელს შეადგენს, 4 წლისთვის — 54 წელს, ხოლო 14 წლის ძაღლის ასაკის "ადამიანური" შესატყვისი 70-დან 80 წლამდე მერყეობს.
მეცნიერებმა ძაღლების ასაკის გამოსაანგარიშებელი ფორმულაც შეიმუშავეს. იგი ამგვარად გამოიხატება: ადამიანის ასაკი = 16∗ln(ძაღლის ასაკი) + 31. (ln რიცხვის ნატურალურ ლოგარითმს ნიშნავს). მეცნიერთა განცხადებით, შემდგომი კვლევები სხვა ჯიშის ძაღლებში უნდა გაგრძელდეს.
აღნიშნული კვლევა დადებითად შეაფასა ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლუსი აშერმა. ეს უკანასკნელი ძაღლების გარდატეხის ასაკის ექსპერტი გახლავთ. მან ხაზი გაუსვა, რომ ძაღლის ზუსტი ასაკის დადგენას დიდი სავეტერინარო მნიშვნელობა აქვს.
თუმცა, მან იქვე შენიშნა, რომ ძაღლის ზრდა მხოლოდ მისი უჯრედების ასაკით არ განისაზღვრება და რეალურად ეს უფრო კომპლექსური საკითხია, რომელშიც ჰორმონების დონისა და ძაღლის ქცევის ცვლილებაც შედის.
"ძაღლის განვითარება ადამიანის განვითარების შემოკლებულ ვერსიას არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც, ადამიანის და ძაღლის ასაკის შესაბამისობაზე მსჯელობა რთულია", — აღნიშნა აშერმა.
კომენტარები