ვიდეო, სადაც მტაცებელი ჩიტი დიდ, ზვიგენის მსგავს თევზს იჭერს, სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა.

CBS-ის მიხედვით, ვიდეო ტენესის შტატის მკვიდრის, ეშლი უაითის მიერ, გასულ კვირასაა გადაღებული. მასზე აღბეჭდილია მტაცებელი ფრინველი, რომელიც კალიფორნიის სანაპიროს თავზე მიფრინავს, კლანჭებში კი დიდი თევზი ჰყავს მოქცეული, რომელიც მისგან თავის დაღწევას ცდილობს.

უაითის მიხედვით, ვიდეო სასტუმროს მე-17 სართულიდანაა გადაღებული.

ჯერჯერობით ჩიტისა და თევზის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა სოციალურ ქსელებში ვარაუდობენ, რომ ჩიტი ამერიკული სვავისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, კონდორი იყო, ზოგი კი არ იზიარებს იმ აზრს, რომ თევზი ზვიგენი გახლდათ. ვიდეო სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.