შავი ხვრელი, რომელიც ყოველდღიურად მზის მასის მქონე ობიექტებს შთანთქავს
სამყაროში ცნობილ ერთ-ერთ ყველაზე დიდ შავ ხვრელს, როგორც აღმოჩნდა, თავისი ზომის შესაფერისი მადა აქვს — იგი მზის მასაზე 34 მილიონჯერ დიდია და ყოველდღიურად თითქმის მზის ზომის ვარსკვლავს შთანთქავს. ეს მას ჩვენთვის ცნობილ ყველაზე სწრაფად მზარდ შავ ხვრელად აქცევს.
"მისი მასა ირმის ნახტომში მდებარე შავი ხვრელის მასაზე 8 ათასჯერ მეტია. თუკი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელი მსგავ ზომამდე მიღწევას გადაწყვეტდა, მას გალაქტიკის ორი მესამედის შთანთქვა დასჭირდებოდა", — განაცხადა ასტრონომმა კრისტოფერ ონკენმა.
ბეჰემოთი შავი ხვრელი პირველად 2018 წელს აღმოაჩინეს და მას SMSS J215728.21-360215.1 უწოდეს, შემოკლებით J2157. აღმოჩენის დროს ასტრონომებმა იგი სუპერმასიური შავი ხვრელის კატეგორიაში გაიყვანეს.
მას შემდეგ მკვლევრები შავი ხვრელის ზომებს იღებდნენ და დაადგინეს, რომ მისი მოვლენათა ჰორიზონტის რადიუსი დაახლოებით 670 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს. შესადარებლად, პლუტონი მზიგან 39,5 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული, ჰელიოპაუზა კი 100 ასტრონომიული ერთეულით. J2157-ის მოვლენათა ჰორიზონტი ჩვენს მზის სისტემაზე ხუთჯერ დიდია.
J2157 ყველაზე დიდი და მძიმე შავი ხვრელი არ არის. ერთ-ერთი ულტრამასიური შავი ხვრელი მზის მასაზე 40 მილიონჯერ დიდია და Holm 15A გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. იგი ჩვენგან 700 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. კიდევ ერთი ულტრამასიური შავი ხვრელი, TON 618 მზის მასაზე 66 მილიონჯერ დიდია და იგი 10,4 მილიარდი სინათლის წელიწადითაა დაშორებული.
ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, სუპერმასიური შავი ხვრელები ადრეულ სამყაროში არამხოლოდ არსებობდნენ, არამედ ისინი საკმაოდ გავრცელებულიც იყვნენ. ჩვენი კოსმოლოგიური მოდელებისთვის ეს აღმოჩენა უდიდესი გამოწვევაა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ობიექტების შექმნას ძალიან დიდი დრო და მატერია სჭირდება.
კვლევა 30 ივნისს ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები