თურქეთში არქეოლოგებმა უძველესი, იდუმალი სამეფოს კვალი აღმოაჩინეს
ძველი ლეგენდის თანახმად, ყველაფერი, რასაც მეფე მიდასი ეხებოდა, ოქროდ იქცეოდა. ლეგენდარული მეფის სახელი და მისი დაცემის ისტორია 2020 წელს თურქეთში, პირდაპირ მნიშვნელობით, ზედაპირზე ამოვიდა.
წინა წელს არქეოლოგები ცენტრალურ თურქეთს იკვლევდნენ, სადაც მათი ვარაუდით, უძველესი ქალაქი იმალებოდა. თუმცა, მოვლენების შემდგომ განვითარებას მეცნიერები არ ელოდნენ.
ადგილობრივმა ფერმერმა არქეოლოგებს აცნობა, რომ წყლის არხში მან დიდი ზომის ქვა შენიშნა, რომელზეც უცნაური წარწერა იყო გამოსახული.
"ის [ქვა] წყალში ნაწილობრივ მოშიშვლებული იყო, ამიტომ მომენტალურად ჩავხტით არხში. წყალი წელამდე გვწვდებოდა", — ამბობს არქეოლოგი ჯეიმს ოზბორნი.
"მაშინვე მივხვდით, რომ ეს უძველესი ქვა იყო. მასზე წარწერა კი ბრინჯაოს ხანის დროინდელ ენაზე, ლუვიურით იყო დაწერილი".
თარჯიმნების დახმარებით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქვაზე გაკეთებული წარწერა სამხედრო გამარჯვების შესახებ იუწყებოდა. უფრო კონკრეტულად კი ის უძველესი (3 ათასი წლის წინანდელი) ანატოლიური სამეფოს, ფრიგიას დაცემაზე მოგვითხრობს.
ფრიგიას მიდასების სამეფო ოჯახი მართავდა (დღეისთვის სულ სამი მიდასია ცნობილი). ლინგვისტურ ანალიზზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქვაზე გაკეთებული წარწერა სწორედ მითოლოგიაში ცნობილი მიდასის დაცემის ისტორიას გადმოსცემს.
წარწერის მიხედვით, მიდასი მეფე ჰარტაპუს ჯარმა შეიპყრო. "შტორმის ღმერთებმა მოწინააღმდეგე მეფეები მის აღმატებულებას მიართვეს", — ვკითხულობთ წარწერაზე.
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ მეფე ჰარტაპუს და მისი სამეფოს შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ცენტრალური თურქეთის თურქმენ-კარაჰოიუკის რეგიონი, რომელიც 120 ჰექტარის ფართობზეა განთავსებული, ერთ დროს ჰარტაპუს სამეფოს დედაქალი იყო.
"ამ სამეფოს შესახებ არაფერი ვიცით", — განაცხადა ოზბორნმა, — "მოულოდნელად რკინის ხანის დროინდელი ახლო აღმოსავლეთის შესახებ ბევრი რამ შევიტყვეთ".
არქეოლოგიური კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეა. წარწერიანი ქვის აღმოჩენა არქეოლოგებს მინიშნებას აძლევს, რომ ახლომახლო დაკარგული ცივილიზაციის დამატებითი სამხილები იმალება. ოზბორნი აღნიშნავს, რომ ქვის აღმოჩენით მეცნიერებს ძალიან გაუმართლათ, თუმცა "ეს მხოლოდ დასაწყისია".
კომენტარები