SpaceX თანამგზავრული ინტერნეტის საჯარო ბეტა ტესტირებისთვის ემზადება
Starlink-ის ოფიციალური ვებ-გვერდის განახლების შემდეგ მომხმარებლებს მის თანამგზავრებთან დაკავშირებული სიახლეების ელ-ფოსტაზე გამოწერა შეუძლიათ. საიტზე საკუთარი იმეილის, საფოსტო ინდექსისა და ქვეყნის მითითების შემდეგ, SpaceX გატყობინებთ, რომ კომპანიამ, შესაძლოა, ბეტა ტესტირებაში ჩართვის მოსაწვევი გამოგიგზავნოთ.
"დიდი ალბათობით, დახურული ბეტა ტესტირება ამ ზაფხულს დაიწყება, რის შემდეგაც ის საჯარო ბეტა ტესტირების სახეს მიიღებს. თუ თქვენ მოგვაწოდეთ საფოსტო ინდექსი, მაშინ თქვენს რეგიონში ტესტირების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შესაბამის შეტყობინებას ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ", — ნათქვამია შეტყობინებაში.
SpaceX-მა საკუთარი საიტი მას შემდეგ განაახლა, რაც ორბიტაზე Starlink-ის დამატებით 58 თანამგზავრი გაუშვა. ამჟამად ორბიტაზე სულ 540 თანამგზავრია.
კომპანიის გეგმების მიხედვით, Starlink-ის ათასობით დაბალორბიტალურმა თანამგზავრმა დედამიწის ნებისმიერ წერტილში სწრაფი ინტერნეტი უნდა უზრუნველყოს. პროექტი საბოლოო სახეს 2021 წელს მიიღებს, რის შემდეგაც თანამგზავრული ინტერნეტის სიჩქარე 1 გიგაბიტი/წამში იქნება, რომლის დაყოვნების დრო, მიწისზედა ფართოზოლოვანი კავშირის მსგავსად, 25-35 მილიწამს შეადგენს.
კომენტარები