დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების ყველაზე დიდი შერეული კვლევა წამოიწყო, რომელსაც RECOVERY უწოდეს. კვლევის მიზანი მკურნალობის ეფექტიანი გზის გამოვლენაა.

კვლევაში 165 საავადმყოფოდან 5 300 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას და მას ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები სხვადასხვა ჰოსპიტალის ექიმებთან ერთად გაუძღვებიან.

სპეციალურად კვლევისთვის შექმნილი ვებგვერდის მიხედვით, შედეგები დაახლოებით ივნისის დასაწყისისთვის გახდება ცნობილი, ხოლო კვლევის შედეგები ჰოსპიტალში გატარებული დროის, სასუნთქი აპარატის საჭიროებისა და თირკმელების დაზიანების დონის მიხედვით შეფასდება.

კვლევა სხვადასხვა მედიკამენტის ტესტირებასა და მათი ეფექტიანობის ერთმანეთთან შედარებას მოიცავს. ცდების ერთ-ერთი ვარიანტი აივ ვირუსის სამკურნალო ლოპინავირისა და რიტონავირის, მალარიის სამკურნალო ჰიდროქლოროქინის და პოპულარული ანტიბიოტიკების — აზიმაკისა და დექსამეტაზონის კომბინაციაა.

ლოპინავირისა და რიტონავირის კომბინაციამ ლაბორატორიაში ტესტირებისას SARS-ისა და MERS-ის წინააღმდეგ ეფექტიანობა აჩვენა. აღსანიშნავია, რომ კომბინაციას გვერდითი მოვლენებიც ახასიათებდა, დიარეისა და ღებინების სახით. დექსამეტაზონი კი იმუნომოდულატორია, რომელიც იმუნური სისტემის რეაქციას აწესრიგებს, ხოლო მისი გვერდითი მოვლენები ჰიპერგლიკემიასა და ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს მოიცავს.

ჰიდროქლოროქინმა ლაბორატორიაში ასევე ეფექტიანობა აჩვენა, თუმცა მისი გამოყენება საკმაოდ სარისკო გვერდითი მოვლენების გამო საფრთხეს შეიცავს. იგი გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, ისევე როგორც ანტიბიოტიკი აზიმაკი.

მკვლევრები იმუნომოდულატორ ტოცილიზუმაბის გამოცდასაც გეგმავენ, რომელიც რევმატოიდური ართრიტის მკურნალობისას გამოიყენება. კვლევაში, შესაძლოა, პლაზმის თერაპიაც გამოიყენონ, ეს მეთოდია, რა დროსაც გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლს, რომელიც ანტისხეულებს შეიცავს, დაავადებულებს უსხამენ.

"კვლევა COVID-19-ით ინფიცირებულთათვის მკურნალობის საუკეთესო გზას შემოგვთავაზებს. რაც უფრო მეტი პაციენტი მიიღებს მასში მონაწილეობას, მით უფრო ეფექტურად შევძლებთ დაავადების მკურნალობას", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა პიტერ ჰორბმა.

"ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ყველა იმ პაციენტის მიმართ, ვინც კვლევაში იღებს მონაწილეობას", — აცხადებს ჰორბი.