ტყეში დაბრუნებიდან 1 წლის შემდეგ ალბინოსი ორანგუტანი თავს კვლავ მშვენივრად გრძნობს
ბორნეოს ეროვნული პარკის კონსერვაციონისტები მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი ალბინოსი ორანგუტანის — ალბას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. ალბა ველურ ბუნებაში ერთი წლის წინ დააბრუნეს, ამჟამად იგი ცოცხალია და, როგორც აღმოჩნდა, თავს მშვენივრად გრძნობს.
ორანგუტანის ისტორია 2017 წელს იწყება, როდესაც ადგილობრივმა სოფლის მოსახლეობამ იგი დაიჭირა. ალბა ორი დღის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ, რის შემდეგაც ის ბორნეოს ორანგუტანთა გადარჩენის ფონდმა (BOSF) 2017 წლის 28 აპრილს იპოვა და სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანა. სტრესის, დეჰიდრატაციისა და პარაზიტული ჭიების გამო ალბას ძალების სრულად აღდგენისთვის ორი წელი დასჭირდა. 2018 წლის 18 დეკემბერს კი იგი ველურ ბუნებას დაუბრუნდა.
რეაბილიტაციის პროცესში კონსერვაციონისტები აქტიურად ზრუნავდნენ იმაზე, რომ ალბა ადამიანებს არ შეჩვეულიყო, რათა დამოუკიდებლობა არ დაეკარგა. თუმცა ალბა ადამიანების მიმართ სიმპათიას არ ავლენდა და როდესაც იგი გალიიდან გამოუშვეს, მწრთვნელების თავიდან მოშორებით საკმაოდ ბედნიერიც ჩანდა.
ერთი წლის შემდეგ კი ალბა ისევ ცოცხალია და BOSF-ის კონსერვაციონისტების თქმით, თავს მშვენივრად გრძნობს. იგი თავისი დროის უმეტეს ნაწილს გამოკვებასა და ახალი ადგილმდებარეობების შესწავლაში ატარებს. მას ასევე დასვენება, ბუდეების შენება და სხვა ორანგუტანებთან ურთიერთობაც მოწონს.
კონსერვაციონისტები ალბაზე დაკვირვებას განაგრძობენ და მათ იმედი აქვთ, რომ ისინი ადამიანების გარეშე გადარჩენას შეძლებენ. ხოლო ალბა ადამიანებთან მოულოდნელ შეხვედრებს დღესაც თავს არიდებს.
ორანგუტანები გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან და მსგავსი კონსერვაციული საქმიანობები მათ შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია.
კომენტარები