იმედზე (უიმედობის ხანაში)
"ვინც მიყვარს, თითქმის ყველას ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს. ეს სტატია იმედის შესახებაა — მაგრამ არა იმ გაგებით, რომლითაც მასზე ხშირად ვსაუბრობთ", — Wired-ის ჟურნალისტი და მწერალი, ლორი პენი, თანამედროვე სამყაროში დეპრესიის მზარდი შემთხვევების უკან მდგარ მიზეზებსა და ამ მდგომარეობიდან თავის დაძვრენის გზებზე საუბრობს.
კაცობრიობის ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან გამკლავების მცდელობა წააგავს პანიკის დაუსრულებელ შეტევას. წყალდიდობები. ხანძრები. არჩევნები. იმპიჩმენტები. ღვარძლიანი ავტორიტარი კლოუნები პოლიტიკასა და ბიზნესში პლანეტას ნაწილებად ყოფენ და უღრენენ ყველას, ვინც მათ შეჩერებას ცდილობს. ნიჰილიზმით შეიარაღებული ძალაუფლების მქონეთა არმიები მზად არიან, სამყარო ცეცხლის ალში გაახვიონ, ოღონდ კი არ გაუზიარონ იგი ქალებსა და არათეთრკანიანებს. ეს ყველაფერი დროითი განზომილებების ჩამონგრევის ერთგვარ ქაოსურ გარდაუვალობად მოჩანს. ზოგჯერ იმის განცდა გეუფლება, რომ კრიზისი ზედმეტად ყოვლისმომცველია და არაფრის გაკეთებას არ აქვს აზრი. ზოგჯერ მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, იმდენი საზრუნავია, რომ ითრგუნები და უფრო ადვილია, უბრალოდ, არაფერი აღარ გადარდებდეს.
არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ ღამეს, მეგობრისგან მესიჯი მივიღე. ცუდად იყო. ვერაფერში ვერ ხედავდა აზრს. საკუთარ თავზე ზრუნვაც უაზრობად ეჩვენებოდა. და ჩემგან სურდა გაეგო, როგორ ვინარჩუნებდი იმედს. ამ დროს კი მე საბანათა ფენების ქვეშ ვიწექი და უკვე მერამდენედ თავი დამერწმუნებინა, რომ სტრესი სულაც არ იყო ჩემს უძილობაში დამნაშავე. უკვე თვეები იყო, ვმუშაობდი წიგნზე, რომელიც ტრავმის პოლიტიკასა და დეპრესიას შეეხებოდა. ამ წიგნზე ახლაც ვმუშაობ; იმიტომ, რომ ზარმაცი ვარ, საშინელი, არაფრის მაქნისი და არავის სრულ ჭკუაზე მყოფს არ მოუნდება ჩემი წიგნის წაკითხვა ან ჩემთან მეგობრობა და საკუთარ თავზე ზრუნვა იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ამას იმსახურებს და, ამ გახსენებაზე, რატომაა, რომ სულ მცივა და დაღლილი ვარ, თითქოს შიგნეულობა გამომიფატრეს და ორგანოები სველი ცემენტით ჩაანაცვლესო და... აჰ. როგორი უხერხულია. დროა, დეპრესიისგან განკურნების ძველ, მოსაწყენ გზას ყველა დანარჩენის მხარდამხარ ხელახლა შევუდგე.
როცა საკუთარი თავის დარწმუნებას ვიწყებ, რომ უსარგებლო ჯართი ვარ, რომლის ერთადერთი ღირებულება იმით განისაზღვრება, თუ რამდენად დავაკმაყოფილებ საკუთარი თავისადმი დაწესებულ პროდუქტიულობის სიზიფესეულ სტანდარტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში დეპრესია ალაპარაკდა. ეს ასევე ის ენაა, რომლითაც, რაღაც დონეზე, კულტურა გვესაუბრება იმ თითოეულ ჩვენგანს, ვისაც ცხოვრება გვიჭირს. ესაა იდეა, რომ ვერასდროს ვიქნებით საკმარისად შრომისმოყვარეები ან საკმარისად კარგები; რომ საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის ის, რომ ონლაინ შოპინგით ტკივილი გაიყუჩო და არ გადაიწვა პლანეტაზე ადრე. რომ საკუთარი ნებით შეეგუო შენს უმწეობას, სანამ გარედან გაიძულებენ ამას.
დღეს დეპრესიისა და შფოთვის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო იმატებს. კი, დეპრესიაც და შფოთვაც ორივე ფიზიოლოგიური ფენომენია; ქიმიური პროცესი, რომელიც ჩვენს ტვინში მიმდინარეობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი გამომწვევი მიზეზები მხოლოდ ჩვენს თავებშია. მსგავსი მოსაზრება ფუყე ნეოლიბერალური კლიშეა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ დაიჯერებ, რომ მენტალური ჯანმრთელობა საიდუმლოებით მოცული ფენომენია, რომელიც სპონტანურად იფურჩქნება ავადმყოფ გონებაში — ანევრიზმის ან ვარსკვლავური ომების პირველი პრიქველის მსგავსად.
სინამდვილეში, მენტალური ჯანმრთელობა არის ფიზიოლოგიური და პოლიტიკური საკითხი. თითქმის ყველას, ვინც მიყვარს, ახლა ძალიან რთული დრო უდგას. თითქმის ყველა, ვისაც ვიცნობ, სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც გვიანდელი კაპიტალიზმის ბორბალი მიწასთან გაასწორებს და ცდილობს, რაიმენაირად გაუსწოროს ნაფლეთებად ქცეული გონების თვალი იმ რელობას, რომ ადამიანთა მთლიანი მოდგმა გადაშენების საშიშროების წინაშეა. და თითქმის ყველა მათგანი თვლის, რომ გამორჩეულად საშინელი არის; რომ სხვებს მასზე გაცილებით მეტად უჭირს და მისი სისუსტე და სიზარმაცე რომ არა, ამ მდგომარეობიდან მყისიერად დაიძვრენდა თავს. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს გადარჩენის მცდელობათა პარალელურად, ბევრს საკუთარ დეპრესიასთან გამკლავებაც უწევს. და როდესაც დეპრესია გაქვს, გამოჯანმრთელება ისევე წარმოუდგენელი გეჩვენება, როგორც — სამყაროს გადარჩენა.
ბევრ ჩვენგანს, ვისაც უნდა, რომ უკეთესი, მეტად სამართლიანი ცხოვრების წესის შესაძლებლობის სჯეროდეს, დაეკარგა მომავლისთვის იმედიანად ყურების უნარი. და ეს შემთხვევითობა არ არის. დეპრესია ამოკლებს პერსპექტივას. ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც ყველაზე ხშირად აღენიშნებათ მძიმე დეპრესიის მქონე ადამიანებს, არის ის, რომ მათ მომავლის წარმოსახვის უნარი ერთმევათ. საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ მათ მომავალში რაიმე კარგის წარმოდგენა უჭირთ, არამედ, ზოგადად, მომავლის წარმოდგენა არ შეუძლიათ.
ფსიქიატრმა, ბესელ ვან დერ კოლკმა, ხანგრძლივადმოქმედი ტრავმის შედეგების შესახებ შექმნილ უმნიშვნელოვანეს კვლევაში თავის პაციენტებს ცნობილი რორშახის მელნის ლაქების ტესტი ჩაუტარა. ტესტის შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ ტრავმირებულნი, შეეძლოთ, გადღაბნილ ლაქებში წარმოედგინათ ყველა სახის სურათი, კარგიც და ცუდიც — ყვავილები, მონსტრები, მკვლელები. და რა წარმოიდგინა ტრავმირებულმა ხალხმა?
არაფერი. მათ არაფერი წარმოუდგენიათ. შეხედეს მელნის ლაქებს და დაინახეს მელნის ლაქები. ტრავმა და დეპრესია გვაკარგვინებს წარმოსახვის უნარს, მათ შორის იმის შესაძლებლობასაც, რომ წარმოვიდგინოთ გამოსავალი ტრავმისა და დეპრესიისგან. ასეთ დროს შენ არაფერზე ფიქრი არ შეგიძლია, გარდა იმ აკვიატებული აზრისა, რომ "ჩვენ ყველა მოვკვდებით". რაც, რა თქმა უნდა, სრული სიმართლეა, მაგრამ არაფერში გვეხმარება.
დეპრესიის დროს მომავლის წარმოდგენა შეუძლებელია. როდესაც დეპრესიაში ხარ, შენი მდგომარეობის შეცვლა წარმოუდგენლად გეჩვენება; კბილების გამოხეხვაც კი წარმოუდგენლად გეჩვენება. განსაკუთრებით მაშინაა ეს ასე, როცა ეს მდგომარეობა გამოწვეულია ძალიანაც რეალური, ხანგრძლივი და ხშირად ჯერ კიდევ მიმდინარე ტრავმისგან. ახლა რასაც ბევრი ჩვენგანი განიცდის, არის ერთგვარი კულტურული დეპრესია, რომელსაც პატრისია ლოქვუდი უწოდებს "კოლექტიურ თავში მიმდინარე ციებ-ცხელებას". თავის უძლურად გრძნობა ადვილია. ეს დეპრესიას ერთობ გამოსადეგ იარაღად ხდის მათთვის, ვისაც ურჩევნიათ, რომ შენ უძლური დარჩე.
მე არ ვიცი მარტივი და ზედმიწევნით გაწერილი გამოსავალი ამ ყველაფრისგან და გირჩევთ, რომ სასწრაფოდ მოშორდეთ ყველას, ვინც გეუბნებათ, რომ იცის. რაც ვიცი, არის ის, რომ დეპრესია იტყუება. ასევე ვიცი, რომ კუნთები, რომლებიც გვჭირდება დეპრესიის შეტევისგან გადასარჩენად, იგივე კუნთებია, რომლებიც დღევანდელობის ამ ბნელ ტალღასთან შესაწინააღმდეგებლადაა საჭირო. დიახ, ეს ტექსტი იმედის შესახებაა — მაგრამ არა იმ გაგებით, რომლითაც მასზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე.
იმედი არ არის პოზიტიური ფიქრი. იმედი არ არის საკუთარი თავის მოტყუება. იმედი არის, ცხოვრებისგან გადმოგდებული სამაშველო ნავი, რომელსაც ეჭიდები მაშინაც კი, როდესაც ნაპირი არ ჩანს. იმედი კუნთია. სხვა კუნთთა მსგავსად, პირველი გავარჯიშების შემდეგ ისიც ძალიან გვტკივა. მაგრამ რაც უფრო ძლიერდები, მით მარტივი ხდება. შენ კი იმით ძლიერდები, რომ ვარჯიშის ერთი შეხედვით უშედეგო რუტინას თავდაუზოგავად მისდევ. ეს შესაძლებელია. ეს იოლი არ არის. ეს ისეთ ყოველდღიურ შრომას მოითხოვს, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე, საკუთარ გარემოცვაზე, საკუთარ საზოგადოებაზე ზრუნვისთვისაა საჭირო. ეს უნდა გააკეთო მაშინაც, როდესაც ამის გაკეთება საოცრად გიძნელდება; როდესაც გირჩევნია, წამოწვე და დაისვენო ხუთი წუთით ან ხუთი თვით ან მთელი ცხოვრება. ესაა იმედი. ეს არ არის განწყობა. ეს ქმედებაა. ეს ისეთი ქცევაა, რომელიც მომავლის არსებობას მოიაზრებს მაშინაც კი, როცა მსგავსი აზრი სასაცილოობამდე უსაფუძვლოდ გეჩვენება.
მე უკვე დიდი ხანია, დეპრესიისგან, შოთვისგან და სხვა მონათესავე ფსიქიკური აშლილობებისგან გამოჯანმრთელების გზას ვადგავარ. ამ დროის განმავლობაში მეც გადამიტანია ერთობ საშიში პერიოდები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი. მე გამიმართლა, რადგან ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის პროცესში ადამიანები მიდგანან გვერდით; მე ვარ საშუალო ფენის წარმომადგენელი თეთრკანიანი; ვარ ქვეყნიდან, სადაც მედიცინა სოციალიზებულია. მაგრამ ყველა ამ რესურსის მიუხედავად, იყო დრო, როდესაც იმდენად ცუდად ვიყავი, რომ თითქმის ყველა მზად იყო, ჩემზე ხელი ჩაექნია. დრო, როცა მეც ჩაქნეული მქონდა საკუთარ თავზე ხელი. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აღარაფერი იქნება ისეთი რთული, როგორც იმ ყველაფრისგან თავის დაღწევა იყო — როცა ბრმა რწმენას მივენდე.
გამოჯანმრთელებისთვის არსებობს სტანდარტული პროცედურა. და, კი, ის სტანდარტულია იმდენად, რომ ყველას, ვისაც ჰგონია, უნიკალურ ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის, მომენტალურად უქარწყლებს ამ ილუზიას. პროცედურის დიდი ნაწილი შედგება თავის იძულებისგან, აკეთო ისეთი რამ, რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ გინდა და დარწმუნებული ხარ, რომ ამისთვის საჭირო ენერგია არც გაგაჩნია. ეს შეიძლება იყოს სახლის დასუფთავება, ალკოჰოლზე უარის თქმა, დაწყევლილი ვარჯიში და სხვა ადამიანების მოთხოვნილებებზე ისე ფიქრი, რომ საკუთარი სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობამ არ გაგანადგუროს... და მერე ამ ყველაფრის გამეორება; და არამხოლო ერთხელ და არამხოლოდ მაშინ, როდესაც ამისთვის მზად ხარ, რადგან — სიტყვაზე მენდე — მზად არასდროს იქნები. დიდი ხნის განმავლობაში წინ გადასადგმელ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯს დაინახავ. მაგრამ ეს არაფერია — მთავარია, წინ სიარული არ შეწყვიტო.
მე მრავალი თვალსაზრისით გამიმართლა: ძალიან ადრე გადავიწვი და მქონდა შესაძლებლობა, მესწავლა, როგორ გადავრჩენილიყავი ჩემს თავში და მის გარეთ არსებული იმ შემაძრწუნებლად გონივრული ხმების დაიგნორებით, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ დანებება ადვილია. მე შევეგუე, რომ გამოჯანმრთელება არ იქნებოდა მარტივი და ცხოვრების ბოლომდე ბრძოლა მომიწევდა და რომ ეს ბრძოლა იქნებოდა უწყვეტი. გულწრფელი რომ ვიყო, ჩემი პოლიტიკური პოზიცია არის ის ძალა, რომელიც დანებების უფლებას არ მაძლევს. მე გავიაზრე, რომ სიცოცხლის ბოლომდე ჭიდილში ვიქნები; რომ იქნება დროები, როდესაც სასოწარკვეთა გონივრულად მომეჩვენება, მარცხი კი — გარდაუვალად. მაგრამ ამ გზაზე კარგი რაღაცები მაინც შემხვდება: სენდვიჩები, ძაღლების თმის შეჭრის და კატებისთვის სასუსნავის მიცემის ვიდეოები, საყვარელი სერიალის ახალი სეზონი. ჯერ კიდევ ზემდეტად ნაადრევია სამყაროზე ხელის ჩაქნევა და დარდის ალკოჰოლში ჩახრჩობაზე ფიქრი.
იმედი და გამოჯანმრთელება ნიშნავს, ადგე ყოველდღე იმის ცოდნით, რომ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა და რომ ჩვენ ყველანი მოვკვდებით უაზროდ და ძალიან მალე — და შენი საქმე მაინც გააკეთო. ეს ნიშნავს, არ მოუსმინო შენი ტვინის ნახევრად-რაციონალურ ნაწილს, რომელიც გეუბნება, რომ საწოლში დარჩენა და ნაყინის ჭამა უკეთესი არჩევანია. და საბოლოოდ, — შესაძლოა, მალე, თუმცა უფრო მაინც გვიან, — რაღაცები შეცვლას დაიწყებს. შეიძლება, ეს დღეს არ მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ შენ თავს უკეთ აუცილებლად იგრძნობ. სწორედ ეს არის იმედი. სულ ესაა. სულ ესაა. ეს სისულელეა და საჭიროა და ამის გაკეთება ყველას შეუძლია. შეგერგოთ — მადლობად არ ღირს.
ისეთ დროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გადარჩენა — ანუ იმის განცხადება, რომ შენი ცხოვრებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვისი — პოლიტიკური ქმედებაა. როდესაც სამყარო გამუდმებით გიჩიჩინებს, რომ ის, რაც და ვინც შენ ხარ, გულკეთილობას არ იმსახურებს, დარჩე საკუთარი თავისადმი კეთილი, აჯანყების ტოლფასია. ეს არ არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აჯანყება, მაგრამ სხვა დანარჩენების საფუძველი კია. და ეს საშიშია. დამღლელია, გრძნობდე ყველაფერს ყოველთვის. ზოგ ადამიანს ურჩევნია, გაეხვიოს დამამშვიდებელი ტყუილების თბილ საბანში ან დაიმალოს საკუთარი ძალადობრივი ნიჰილიზმის ქვეშ. იმიტომ, რომ ზოგი ადამიანი მშიშარაა. მაგრამ შენ არ ხარ.
სწორედ ეს ვუთხარი ჩემს მეგობარს მესიჯში, რომელიც მას შუა ღამეს პასუხად მივწერე. შენ მშიშარა არ ხარ, არც მე ვარ. და როდესაც გადაურჩები ყველაფერს, რასაც საკუთარი ტვინი გასანადგურებლად გესვრის, სამყაროს გადარჩენა უფრო მეტად შესაძლებელი გეჩვენება. თანაც, არასდროს იცი, რა მოხდება — ჩვენ, შეიძლება, მოვიგოთ კიდეც.
კომენტარები