ინდონეზიის ჯუნგლებში მსოფლიოში უდიდესი ყვავილი იპოვეს
სუმატრაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი (Rafflesia tuan-mudae) იპოვეს, მისი ზომა 111 სანტიმეტრს აღწევს და ის რაფლეზიების გვარის წარმომადგენელია. ყვავილმა აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა, რომელიც ამავე გვარის წარმომადგენელს, Rafflesia arnoldii-ის ეკუთვნოდაა, რომელიც ასევე სუმატრაში იზრდებოდა და 107 სანტიმეტრი სიგრძის იყო.
ზომის გარდა, რაფლეზია სხვა მახასიათებლებითაც განსაკუთრებულია, მას არც ფოთლები აქვს, არც ღეროები და არც ფესვები. მას არ შეუძლია ფოტოსინთეზი. საკვებსა და წყალს ის სხვა მცენარსგან, კერძოდ კი ვაზის ერთ-ერთი სახეობისგან იღებს — იგი პარაზიტული ორგანიზმია, თანაც ძალიან პრეტენზიული, რადგან ის მხოლოდ ამ კონკრეტული სახეობის ვაზის სიახლოვეს იზრდება.
საკვების მისაღებად ყვავილი გრძელ, თხელ ფილამენტებს იყენებს, რომლებიც სოკოვან უჯრედებს ჰგავს. რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ იგი კვირტად გადაიქცევა, ის უშუალოდ პარაზიტულად იკვებება. სასურველი ზომის მიღწევის შემდეგ კი ყვავდება.
რაფლეზიას კიდევ ერთი შთამბეჭდავი უნარი აქვს, ის ვაზის დნმ-ს იპარავს და მას საკუთარ გენომში აქსოვს, თუმცა დაუდგენელია რატომ.
რაფლეზიას განადგურება ემუქრება, რადგან მისი კულტივირება შეუძლებელია. სამწუხაროდ, ყვავილის სიცოცხლე ტრაგიკულად მოკლეა. მისი ღრუ მხოლოდ ერთი კვირით არის ღია, შემდეგ კი ის ლპება და კვდება.
კომენტარები