როგორ უნდა მიეპაროთ თევზებს, თუ გიგანტური ვეშაპი ხართ
ოკეანის ბევრი ბინადრისთვის, უსაფრთხოებას რაოდენობრივი უპირატესობა განაპირობებს. პატარა, სწრაფად მოძრავ თევზებს შეუძლიათ დააბნიონ უფრო დიდი, მარტოხელა მონადირე, როგორიცაა, მაგალითად, ზღვის ლომი. მაგრამ პატარა თევზების თავდაცვის მექანიზმი ნაკლებად მუშაობს ისეთ გიგანტურ ცხოველებზე, როგორიცაა კუზა ვეშაპი (Humpback whale), რომელსაც პირის ერთი გაღებით ანჩოუსების დაჯგუფების 2/3-ის ჩაყლაპვა შეუძლია.
იმის გასაგებად თუ როგორ ახერხებს გიგანტური ვეშაპი შეუმჩნევლად მიეპაროს ძალიან მოქნილ მცირე თევზთა დაჯგუფებას, მკვლევარებმა საფრთხის გამოჩენის დროს ანჩოუსების (ქაფშიასებრნთა გვარი) ქცევა შეისწავლეს. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ინდივიდუალურ ანჩოუსებს სხვადასხვა ცხოველის ანიმაცია "აჩვენეს" და მათ ქმედებებს დააკვირდნენ.
როგორც ჩანს, კუზა ვეშაპების ზომა იმდენად დიდია, რომ როცა ვეშაპი თევზების დაჯგუფებას შორიდან უახლოვდება, პატარა თევზი მას მტაცებელ ცხოველად და საფთხედ ვერც კი აღიქვამს.
მკვლევარები ასევე დააკვირდნენ ანჩოუსთა ქცევას ველურ ბუნებაში. მათ აღმოაჩინეს, რომ პატარა თევზები გაქცევას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა ვეშაპს უკვე პირი აქვს დაღებული, ამ დროს კი გაქცევა ცოტა დაგვიანებულია.
პატარა თევზებს ევოლუციურად თავდაცვის მექანიზმები მცირე მტაცებლების საპასუხოდ აქვთ განვითარებული, რადგანაც პატარა მტაცებლებთან მათ შეხება უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ვეშაპებთან.
ვეშაპებს ანჩოუსების საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი იარაღი აქვთ, ისინი მათი გადაყლაპვისას ფარფლებს იყენებენ, რათა წყლის ნაკადის გამოყენებით ის თევზები, რომლებიც თავის დაღწევას ცდილობენ, საკუთარი პირისკენ მიმართონ.
ასე რომ, თუ ვეშაპი ხართ, იმედი გვაქვს, ეს სტატია დაგეხმარებათ.
კომენტარები