თბილისის ზოოპარკს 13 ახალი ბინადარი შეემატა
თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ცხოველი შეემატა. მათგან 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვია, რომლებიც საქართველოში ტალინის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. უკრაინის ნიკოლაევის ზოოპარკიდან კი საქართველოს ზოოპარკამ საჩუქრად 1 დომბა მიიღო.
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემური სახეობაა, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით ის საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით კი მოწყვლადი სახეობაა. საქართველოში მისი გავრცელების არეალის აღმოსავლეთ საზღვარი ლაგოდეხის ნაკრძალია, ხოლო დასავლეთით — მწვერვალი შხარა. 2014 წლის მონაცემებით საქართველოში 5000-მდე ინდივიდია დარჩენილი.
დომბა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. ის ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია. ეს სახეობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილი ინდივიდების გამრავლების საშუალებით აღადგინეს.
"თბილისის ზოოპარკი ადგილობრივი სახეობების — დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, ნიამორისა და კეთილშობილი ირმის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ამ სიას კიდევ ერთი სახეობა შეემატა — დომბა, იგივე ევროპული ბიზონი. საქართველოში ეს დომბას რეინტროდუქციის პირველი მცდელობა იქნება. სხვათა შორის, დომბას რეინტროდუქციის პროგრამა უკვე დაწყებულია აზერბაიჯანში. ამჯერად 1 მამრი დომბა ჩამოვიდა. პარალელურად ველოდებით ინფორმაციას მდედრ ინდივიდებთან დაკავშირებით და შემდგომ მათ ტრანსპორტირებაზეც ვიზრუნებთ. სახეობის რეინტროდუქცია რთული, მრავალწლიანი პროცესია, თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი", — აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
აღმოსავლეთ კავკასიურმა ჯიხვებმა და დომბამ ახალ ზოოპარკში, კავკასიის ექსპოზიციის ნაწილში დაიდეს ბინა. ჯერჯერობით უცნობია ახალი ზოოპარკის გახსნის თარიღი. მშენებლობა და ცხოველების გადაყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე სწორედ კავკასიის ექსპოზიციის გახსნა იგეგმება, სადაც საქართველოში გავრცელებული სახეობები განთავსდებიან.
ამჟამად ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია დათვები, მგლები, ირმები, ნიამორები, ჯიხვები, ფოცხვერები და აფრიკული მოხატული ძაღლები, რომლებიც აფრიკის ექსპოზიციის პირველი ბინადრები არიან.
უახლოეს მომავალში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მტაცებელი ფრინველების ავიარიუმის მშენებლობაც დაიწყება.
კომენტარები