სამოქალაქო აქტივისტები პროპორციული სისტემის პროექტზე კენჭისყრის გადადებას აპროტესტებენ და რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. ისინი დღეს, 13 ნოემბერს, 19 საათზე პარლამენტის შენობასთან გამართავენ აქციას.

"გაგვაწნიან სილას და მიიღებენ პანღურს", — აცხადებს აქციის ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვლი, რომელიც აქციებს აანონსებს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის მოთხოვნით, პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ჩანიშნული კენჭისყრა გადაიდო.

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმეათასიან აქციაზე ითხოვდნენ, კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს უნდა ეყარათ. გუშინაც ვოლსკი იყო ინიციატორი კენჭისყრა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჩატარებულიყო. დღეს უმრავლესობის სხდომა ჩატარდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ, აზრი არ შეიცვალეს.