ნასა კოსმოსში ჩადენილ პირველ შესაძლო დანაშაულს იძიებს
ნასას ასტრონავტი ენი მაკკლეინი მედიის ყურადღების ცენტრშია. სწორედ ის შეიძლება იყოს დამნაშავე კოსმოსში ჩადენილ პირველ დანაშაულში.
The New York Times-ის ცნობით, მაკკლეინის უკვე ყოფილმა ცოლმა, სამერ ვორდენმა აღმოაჩინა, რომ როდესაც მაკკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდა, მისი ბანკის ანგარიშში ვიღაც შევიდა. ხოლო ანგარიშში შესასვლელად გამოყენებული კომპიუტერი და ქსელი კი ნასას სახელზე იყო დარეგისტრირებული.
ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ვორდენმა მაკკლეინის წინააღმდეგ ნასაში საჩივარი შეიტანა.
კოსმოსურ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მაკკლეინმა აღიარა, რომ ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ვორდენის საბანკო ანგარიშში მართლაც შევიდა, თუმცა, მისი თქმით, მას ვორდენის თანხმობა ჰქონდა.
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ კოსმოსში ჩადენილ პირველ შესაძლო დანაშაულს კოსმოსთან კავშირი არაფერი აქვს, მსგავსი ბრალდებები და დანაშაულები დედამიწაზე განქორწინებისას საკმაოდ ხშირია.
კლივლენდის უნივერსიტეტის კოსმოსური კანონების გლობალური ცენტრის დირექტორის, მარკ სუნდეის თქმით, ეს შემთხვევა გასაკვირი სულაც არაა. ადამიანები კოსმოსში უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ, ადრე თუ გვიან კი მსგავსი შემთხვევები აუცილებლად მოხდება.
"რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ კოსმოსში, იქ "დედამიწისეულ" პრობლემებს უფრო და უფრო ხშირად წავაწყდებით", — აცხადებს ის.
კომენტარები