საბკულტურა — კითხვის განახლებული გამოცდილება საბასგან
ელექტრონული პლატფორმა საბა 2012 წელს შეიქმნა ერთი მიზნით – გაეერთიანებინა მკითხველები, რომელთათვისაც წიგნი, როგორც იდეა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი რომელიმე კონკრეტული ფორმა.
დღეს საბას 190 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მის კატალოგში 6000-მდე ელექტრონული წიგნია, თუმცა გაუმჯობესებისთვის სივრცე ყოველთვის არსებობს და ამ გაუმჯობესებას კონკრეტული სახელი აქვს - საბკულტურა.
საბკულტურა არის მოძრაობა, რომლის წევრებსაც სჯერათ, რომ კითხვა ცვლის ფიქრებს, ფიქრები - ქმედებებს, ქმედებები კი - გარემოს.
ეს არის საბასა და ლივინგსტონის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს თავისუფალ სივრცეს, სადაც ლიტერატურაზე საუბარი და დისკუსია ბუნებრივი მოვლენა იქნება.
ამ პროექტის ფარგლებში სრულიად განახლდა აპლიკაცია საბა რიდერი, რომელიც ტექნოლოგიებთან დამეგობრებულ მკითხველს ბევრ სიახლეს სთავაზობს. კითხვა ბევრად მოსახერხებელი გახდა, სხვა მკითხველებისთვის შთაბეჭდილების გაზიარება კი - ძალიან მარტივი.
როგორც რატი ამაღლობელი ამბობს, პლატფორმა ძირითადად გათვლილია ახალგაზრდებზე, რომლებიც ახლოს არიან როგორც ლიტერატურასთან, ასევე ტექნოლოგიებთან. მან ამ პროექტს ახალი ეპოქის დასაწყისიც უწოდა, მის წევრებს კი — საბკულტურისტები.
საბკულტურა
თუ საბა მკითხველებისა და გამომცემლების დასაკავშირებელი პლატფორმა იყო, საბკულტურა ეკოსისტემაა, სადაც მკითხველები არა მარტო გამომცემლებს, ერთმანეთსაც უკავშირდებიან, უზიარებენ გამოცდილებას, შთაბეჭდილებებს - ისინი ამ ეკოსისტემის წევრები ხდებიან.
საბკულტურის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია წიგნის ხელმისაწვდომობაა. ამიტომაც შეიცვალა ბიზნეს მოდელი - ადრე თუ თითოეულ წიგნს ვყიდულობდით ან საბა გვჩუქნიდა, ახალი აპლიკაციით წვდომა გვექნება საბას მთელ ბიბლიოთეკაზე. ლივინგსტონის თანადამფუძნებლის, ვახო ვახტანგიშვილის თქმით, 6000-მდე წიგნისგან შემდგარი თანამედროვე ბიბლიოთეკის ღირებულება თვეში "ერთი ჭიქა ჩაის ფასიდან იწყება და ერთი ჭიქა წითელი ღვინის ღირებულებით სრულდება".
განახლებული აპლიკაცია და კითხვაში დახარჯული მეტი დრო
ახალი აპლიკაცია ტექნიკურად და კონცეპტუალურად განსხვავდება ძველი აპლიკაციისგან. იმისათვის, რომ კითხვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, მკითხველი თავად დაარეგულირებს ფონს, სიკაშკაშეს და ფონტს. ჩანიშვნებისა და კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა საშუალებას იძლევა, თქვენი ყველა კომენტარი ერთ გვერდზე ჩამოშალოთ და ნებისმიერ დროს მიაკითხოთ ინსპირაციისთვის.
ადრე თუ მთავარი აქცენტი კითხვაზე იყო, ახლა ცოდნის და განათლების მიღებაზეა. რის გამოც, მაღალი სტანდარტების ხმოვანი წიგნების გარდა მკითხველს აპლიკაციაში დახვდება პოდკასტები/რადიო გადაცემები, ლექციები, ხელოვნური ინტელექტის მიერ ქართულად გახმოვანებული წიგნები.
"იმედი გვაქვს, ბევრი ახალგაზრდა გაებმება ამ მახეში" — ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
საბას განახლებული აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც iPhone-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 14-დღიანი საცდელი ვერსიით, რომლის საშუალებითაც ორი კვირის განმავლობაში უფასოდ გექნებათ წვდომა ნებისმიერ ხმოვან და ელექტრონულ წიგნზე.
კომენტარები