The Wall Street Journal-ის მიხედვით, ფეისბუქის ახალ კრიპტოვალუტას, რომლის წარდგენაც მომავალ კვირას მოხდება, მხარს ათეულობით ცნობილი კომპანია დაუჭერს, რომელთა შორისაც არის PayPal, Uber, Booking.com, Visa და MasterCard.

თითოეული კომპანია კრიპტოვალუტაში $10 მილიონს ჩადებს, რის შემდეგაც ისინი დამოუკიდებელი კონსორციუმის წევრები გახდებიან, რომელიც კრიპტოვალუტას ფეისბუქისგან დამოუკიდებლად უხელმძღვანელებს.

ისეთი კომპანიების ჩართულობა, როგორიც Visa და Mastercard-ია, საინტერესოა, რადგან კრიპტოვალუტები ხშირად ამ კომპანიების იაფ ალტერნატივად და კონკურენტად მოიხსენიება ხოლმე. The Wall Street Journal სპეკულირებს, რომ ამ კომპანიებს საქმეში ჩართვა, შესაძლოა, ფეისბუქის სამომავლო ამბიციების ნაწილობრივ გასაკონტროლებლად სურდეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, თუ ფეისბუქის ახალი კრიპტოვალუტა წარმატებული იქნება, ამით აღნიშნული კომპანიებიც იხეირებენ.

ფეისბუქს საკუთარი მასშტაბების გამო მომხმარებლები და რეგულატორები ხშირად აკრიტიკებენ, დამოუკიდებელი კონსორციუმის შექმნით კი კომპანია მსგავსი საფრთხეებისგან ნაწილობრივ თავს დაიზღვევს და პასუხისმგებლობას გადაანაწილებს.

TechCrunch-ის ცნობით, ახალ კრიპტოვალუტას Libra ერქმევა და ფეისბუქი მას 18 ივნისს წარადგენს, მიმოცვლაში კი ის 2020 წელს გაეშვება. როგორც ცნობილია, Libra-ს შემთხვევაში მაქსიმალური ყურადღება მის სტაბილურობაზე იქნება გაკეთებული. ფეისბუქს სურს, რომ Libra განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი, ნაკლებად მყარი ვალუტების ალტერნატივად იქცეს.

სავარაუდოდ, ფეისბუქი მომხმარებლები კრიპტოვალუტის ერთმანეთისთვის გაგზავნას Messenger-ითა და WhatsApp-ის საშუალებით შეძლებენ. ასევე, ფეისბუქი იმედოვნებს, რომ მომხმარებლები Libra-ს გამოყენებას ელექტრონული კომერციის სხვადასხვა ვებგვერდზეც შეძლებენ.

როგორც ცნობილია, კომპანია ახალი კრიპტოვალუტისთვის სპეციალურ ბანკომატებსაც შექმნის, რომლის დახმარებითაც ადამიანებს თანხის Libra-ში გადაცვლა შეეძლებათ.