50 ფოტო Chernobyl-ის გადასაღები მოედნიდან
ჩერნობილის პირველი სერია ამერიკული ტელეარხის, HBO-ს ეთერში 6 მაისს გავიდა და ის უკვე მაყურებელთა შეფასებებით სატელევიზიო სერიალებში ლიდერობს. IMDb-ის 81 454 მომხმარებლის დაფიქსირებული ხმებით, მისი რეიტინგი ამ დროისთვის 9,7-ია.
მინისერიალი 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ქალაქ პრიპიატში მომხდარ ბირთვულ კატასტროფაზე გვიყვება, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის აფეთქებას მოჰყვა.
ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
სერიალის გადაღება 2018 წლის 13 მაისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დაიწყო. ადგილზე შენარჩუნებული საბჭოთა კავშირის ატმოსფეროს გამო, გადასაღებ მოედნად ფაბიონიშკეს ქუჩა შეირჩა. მას სერიალში ვეცნობით, როგორც უკრაინის ქალაქ პრიპიატს. სერიალის გადაღება 16 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, მისი ბოლო სცენები კი უკრაინაშია გადაღებული.
ლიეტუვური გამოცემა 15min Pasaulis Kišenėje გადასაღები მოედნიდან ფოტოებს ავრცელებს. სურათების ავტორები არიან გამოცემის ჟურნალისტები Luko Balandžio და Irmanto Geluno.
კომენტარები