განახლება: 2020 წლის 11 ივლისს რუსეთის გენპროკურატურამ დაღუპვის ოფიციალურ ვერსიად ზვავი დაასახელა

1959 წელი, 1-2 თებერვალი, უღელტეხილზე, რომელიც ახლა იგორ დიატლოვის სახელს ატარებს, ცხრა მოთხილამურე ამოუცნობი მიზეზით დაიღუპა.

ცნობებს შემთხვევის შესახებ ძირითადად ჯგუფის წევრების დღიურებიდან, მათ კამერებში დარჩენილი ფოტოებიდან და საბჭოთა გამომძიებლების ოქმებიდან ვიგებთ. 2 თებერვლის ღამეს ჯგუფის წევრებმა კარავი შიგნიდან გაგლიჯეს და საბანაკო ადგილის გარშემო, ტუნდრაში მიმოიფანტნენ. ტემპერატურა დაახლოებით მინუს 30 ცელსიუსი იყო, კარვიდან გამოცვენილი მოლაშქრეები კი თითქმის შიშვლები იყვნენ.

სამი კვირის შემდეგ გამომძიებლებმა კარვიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით არსებულ ფერდობზე ხუთი გვამი იპოვეს.

დამატებით ორი თვის შემდეგ ნაპოვნი იქნა კიდევ ოთხი გვამი, რომლებსაც, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მანამდე აღმოჩენილი გვამების კუთვნილი ტანსაცმელი ეცვათ, ოღონდ სანახევროდ. ტანსაცმელზე ჩატარებულმა ტესტებმა რადიაციის მაღალი კვალი დაფიქსირა. გარდა ამისა, გარდაცვლილებს ძლიერი შინაგანი ტრამვები, მათ შორის გაბზარული თავის ქალა და ჩამტვრეული ნეკნებიც აღენიშნებოდათ, თუმცა რუსი გამომძიებლების თქმით, საქმეში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა და გამოძიება შეწყდა.

ჯგუფი ურალის ტექნიკური უნივესიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან შედგებოდა და ექსპედიციებში ყველა მათგანი გამოცდილი იყო.

ლაშქრობა 23 წლის იგორ დიატლოვის მიერ იყო ორგანიზებული, მოლაშქრეების მიზანი ურალის ჩრდილოეთში არსებული ოტორტენის მთის შესწავლა იყო. ექსპედიცია 1959 წლის 28 იანვარს დაიწყო. იური იუძინი ერთადერთი ადამიანია, რომელიც სიკდვილს გადაურჩა, ისიც იმიტომ, რომ მან ექსპედიციის დაწყებამდე თავი შეუძლოდ იგრძნო და მთის მახლობლად არსებულ სოფელში დარჩენა გადაწყვიტა. ჯგუფის დანარჩენმა ცხრა წევრმა გზა განაგრძო. მათ კარავში აღმოჩენილი ფოტოების გამჟღავნების შემდეგ გაირკვა, რომ ჯგუფი 2 თებერვლის საღამოს ოტორტენთან არსებული მთის ფერდობზე დაბანაკდა.

ეს ტერიტორია დიდწილად უკაცრიელია, თუმცა მახლობლად ადგილობრივი ტომის წარმომადგენლები, მანსები ცხოვრობენ, რომლებიც ამ ადგილს Kholat Syakhl-ს, ანუ სიკვდილის მთას უწოდებენ. იგორ დიატლოვის გუნდმა კარავი მთის ფერდობზე გაშალა, რაც საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხეებით დაფარული შედარებით უსაფრთხო ტერიტორია სულ რაღაც 1,6 კილომეტრის სიშორეზეა. ხეების ქვეშ დაბანაკების შემთხვევაში მათი კარავი ნაკლები საფრთხის ქვეშ იქნებოდა. თანაც, სტუდენტებს დასაბანაკებელი ადგილის შესარჩევად საკმარისი დრო ჰქონდათ.

"დიატლოვს, ალბათ, არ სურდა, რომ სიმაღლე დაეკარგა ან, შესაძლოა, ფერდობზე კარვის გაშლა გამოცდილების მიღების მიზნით გადაწყვიტა", — განაცხადა იუძინმა 2008 წელს St. Petersburg Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

იუძინი და დუბინინა დამშვიდობებისას ერთმანეთს ეხუტებიან

დიატლოვს ნათქვამი ჰქონდა, რომ ისინი დაბრუნებას 12 თებერვალს გეგმავდნენ, თუმცა ის აღნიშნავდა, რომ შეიძლება დაეგვიანათ. სამაშველო ჯგუფებმა დაკარგულების ძებნა 20 თებერვალს დაიწყეს, როდესაც სავარაუდო დაბრუნების თარიღიდან უკვე ერთ კვირაზე მეტი იყო გასული. დაბანაკების ადგილი მოხალისე სამაშველო ჯგუფებმა 26 თებერვალს იპოვეს.

გამომძიებლებმა ადგილზე მისვლისას აღნიშნეს, რომ კარავი შიგნიდან იყო გაჭრილი და იქიდან რვა ან ცხრა ადამიანის ნაკვალევი გამოდიოდა, რომლებიც ფერდობზე დაღმა, ხეებისკენ მიემართებოდნენ. გამომძიებლებზე დაყრდნობით, ჯგუფის წევრების ფეხსაცმელები და აღჭურვილობა კარავში იყო დატოვებული, ნაფეხურების ნაწილი კი მიანიშნებდა, რომ ზოგს ფეხზე მხოლოდ წინდები ეცვა, ზოგს - საერთოდ არაფერი, ზოგს კი - მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 9-ვე წევრი კარვიდან გადმოხტა და ყოველგვარი შემზადების გარეშე წელამდე თოვლში გაიქცა.

პირველი ორი გვამი ხეებით დაფარულ ტერიტორიაზე, გიგანტური ფიჭვის ქვეშ იპოვეს. როგორც აღვნიშნეთ, ხეები კარვიდან 1,6 კილომეტრის დისტანციაზე იყო, ხეებისკენ მიმავალი ნაფეხურები კი დაახლოებით 500 მეტრის შემდეგ ქრებოდა, თუმცა ეს შესაძლოა ამინდის ბრალი იყოს, გამომძიებლები ადგილზე შემთხვევიდან სამი კვირის შემდეგ მივიდნენ.

ორივე გარდაცვლილი ფეხშიშველი იყო და მხოლოდ ქვედა საცვლები ეცვათ. აღწერის თანახმად, ფიჭვის ხეზე, რომლის ქვეშაც გვამები იპოვეს, ტოტები ხუთი მეტრის სიმაღლემდე იყო დატეხილი, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ვიღაც ხეზე აძრომას ცდილობდა. იქვე ცეცხლის კვალიც ჩანდა.

კიდევ სამი გვამი, მათ შორის დიატლოვისაც, დიდ ხესა და კარავს შორის სხვადასხვა წერტილში იპოვეს. მათი ორიენტაციის მიხედვით, ისინი თითქოს კარავში დაბრუნებას ცდილობდნენ. ერთ-ერთ გვამს თავის ქალა გაბზარული ჰქონდა, თუმცა ექიმების თქმით, ეს დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო არ იქნებოდა. დაღუპვის ოფიციალურ მიზეზად ჰიპოთერმია დასახელდა.

ორი თვის შემდეგ ფიჭვის ხიდან კიდევ უფრო დაბლა, დაახლოებით 70 მეტრის სიშორეზე კიდევ ოთხი სხეული იპოვეს. ისინი ღრმულში ჩაცვენილიყვნენ. ოთხივე სხვადასხვა ტრავმის შედეგად იყო დაღუპული. ნიკოლასს თავის ქალა ჰქონდა გაბზარული, ზოლოტარიოვს ნეკნები ჩამტვრეოდა. ჩამტვრეული ნეკნები აღენიშნებოდა ლუდმილა დუბინინასაც და მას ენაც არ ჰქონდა.

შეიძლება დავუშვათ, რომ ეს უკანასკნელი ოთხი ადამიანი მაინც ეძებდა მშველელებს, მიუხედავად უკაცრიელ ადგილას ყოფნისა. ამ დროს ისინი ღრმულში ჩავარდნენ, თუმცა ეს მოსაზრება ვერ ხსნის, თუ რატომ ჰქონდა დუბინინას ენა. შემთხვევის გამოძიებასას გაჩნდა მოსაზრება, რომ ჯგუფს ადგილობრივები დაესხნენ თავს, თუმცა ჯგუფის წევრებისათვის მიყენებული დაზიანებები ადამიანის ძალას აღემატებოდა, თანაც, მათ გარედან სხეულზე დაზიანებები არ ეტყობოდათ.

"ეს დაახლოებით ისეთივე სიძლიერის ტრავმებია, როგორიც, შესაძლოა, ადამიანმა ავარიაში განიცადოს", — აცხადებდა ერთ-ერთი ექიმი ბორის ვოზროჟდენი.

ფოტოზე ჩანს, როგორ გამოიყურებოდა კარავი, როცა მაშველებმა აღმოაჩინეს

ისტორია ამით არ მთავრდება. ბოლო ოთხი ადამიანი უკეთ იყო აღჭურვილი, ვიდრე წინა ხუთი. როგორც ჩანს, მათ გარდაცვლილ მეგობრებს ტანსაცმელი გახადეს, სანამ გადარჩენის უიმედო მისიას შეუდგებოდნენ. ზოლოტარიოვს დუბინინას ქურთუკი ეცვა და მისი ქუდი ეხურა. დუბინინას კი ტერფზე ფიჭვის ხის ქვემოთ აღმოჩენილი ორი ადამიანიდან ერთ-ერთის ნაქსოვი შარვალი ჰქონდა შემოხვეული. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მათი ტანსაცმელი რადიაციას ასხივებდა.

ტანსაცმლის რადიოაქტიურობა ნამდვილად რთული ასახსნელია, თუმცა ინციდენტის სხვა თავისებურებების ახსნისათვის ისტორიაში უცხოპლანეტელებისა და გასაიდუმლოებული ექსპერიმენტების ჩართვა საჭირო არ არის.

ჰიპოთერმიის დროს ადამიანებს პარადოქსული გახდა ხშირად ახასიათებთ, ისევე, როგორც ჰალუცინაციები. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ჯგუფის კარავი ზვავმა დაფარა, ეს ასევე ხსნის შიგნიდან გაჭრილ კარავსა და ფიზიკური დაზიანებების ნაწილს. თუ ჯგუფი გარკვეული დროის განმავობაში თოვლის საფარის ქვეშ იმოფებოდა, ჰიპოთერმია რეალური შესაძლებლობაა. ჰიპოთერმიის დროს ადამიანები რეალობის აღქმას ხშირად კარგავენ, შეიძლება სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჯგუფი კარვიდან ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დახმარების საძებნელად გამოიქცა.

თუმცა, აღმოჩენილი რადიოაქტიურობა ნამდვილად დამაეჭვებელია. კითხვებს აჩენს გამოძიების პროცესიც. მოკვლევის შეწყვეტის შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები დაილუქა და ისინი ხელმისაწვდომი მხოლოდ 1990-იან წლებში გახდა. ლევ ივანოვის ინტერვიუები, რომელიც საქმის მთავარი გამომძიებელი იყო, ამ შემთხვევის უცნაურობას კიდევ უფრო ადასტურებს.

ივანოვი პირველი იყო, რომელმაც შეამჩნია, რომ გვამები და მათი აღჭურვილობა რადიაციას ასხივებდა, მისი თქმით, გეიგერის მთვლელი, რომელიც მან ადგილზე მიიტანა, ბანაკის გარშემო რადიაციას უწყვეტლივ აფიქსირებდა. მას ასევე ნათქვამი აქვს, რომ საბჭოთა ხელისუფლება მას გამოძიების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, მიუხედავად ცნობებისა, რომ 1959 წლის თებერვალსა და მარტში ამ რეგიონში "კაშკაშა მფრინავი სფეროები" იყო შემჩნეული.

ნაკვალევი

უცნაურ ნათებებს სტუდენტების სხვა ჯგუფის წევრებიც ადასტურებენ, რომელიც ამავე პერიოდში შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში იყვნენ დაბანაკებულები. ერთ-ერთი მათგანი გამომძიებლებისათვის მიცემულ ჩვენებაში წერდა, რომ მან დაინახა მანათობელი მრგვალი ფორმის სხეული, რომელმაც სოფელს სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაუფრინა.

შემთხვევის გარშემო არსებული გასაიდუმლოებული ფაქტებისა და რადიაციის გამო, ჩამოყალიბდა კიდევ ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც ჯგუფი შემთხვევით საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, გაურკვეველია, თუ რას შეიძლება გამოეწვია ჯგუფის წევრების სხეულზე არსებული დაზიანებები.

დასაშვებია, რომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ცაში რაღაც უცნაური სინათლე დაინახა, რის შედეგადაც ჯგუფი პანიკამ მოიცვა, შემდეგ კი ისინი კარვიდან გაიქცნენ, თუმცა ადგილზე აფეთქების, ან რაიმე მსგავსი მოვლენის კვალი არ დაფიქსირებულა. ეს მაინც არ ხსნის, რას შეიძლება გამოეწვია თავის ქალის ტრამვები. ამ ტრამვების ნაწილი, შესაძლოა, ღრმულში ჩავარდნით აიხსნას, მაგრამ თავის ქალა სლობოდინსაც გაბზარული ჰქონდა, რომლის გვამიც გამომძიებლებმა არა ღრმულში, არამედ უკან კარვისკენ მიმავალ "გზაზე" იპოვეს.

ცეცხლის კვალი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯგუფის ნაწილი მაინც საღ გონებაზე იყო, მაგრამ რთულია იმის ახსნა, თუ რატომ გაიქცნენ ისინი კარვიდან ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე.

აღნიშნული შემთხვევა დაუსრულებელი გამოძიებისა და ბურუსით მოცული დეტალების გამო შეთქმულების თეორიების მოყვარულთათვის საყვარელი განხილვის საკითხია, თუმცა მათ ვერ გავამტყუნებთ, დიატლოვის გუნდის ამბავი მართლაც ბევრ კითხვას აჩენს. საქმის მთავარი გამომძიებელი ლევ ივანოვი ახლა უკვე გარდაცვლილია, თუმცა საზოგადოების ინტერესი არ განელებულა.

2019 წლის 4 თებერვალს გამოძიება კვლავ განახლდა. გამომძიებლების თქმით, მათ გარდაცვლილების ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების იმედი აქვთ, რომელიც 60 წლის წინ ხელმისაწვდომი არ იყო.