პირადი ომი ნარკოტიკებთან
მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორ კაკტუს-მედიაზე.
რესპონდენტის სახელი შეცვლილია.
ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე: "რატომ დაიწყეთ ნარკოტიკების მოხმარება", სანდროს პასუხი არ აქვს. შესაძლოა იმიტომ, რომ ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკებს 20 წელზე მეტია მოიხმარს და ეიფორიის პირველი, უკვე შორეული შთაბეჭდილებები, მეხსიერებიდან ამოეშალა.
მალე სანდრო 40 წლის გახდება. ორი თვის წინ ბელგიიდან დაბრუნდა, სადაც დევნილის სტატუსით იცხოვრა. საქართველოდან წასვლის მიზეზი ნარკოპოლიტიკის სიხისტით გამოწვეული პრობლემებიც იყო: ქუჩის ნარკოტესტირება, მოუქნელი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, სამოქალაქო აქტივიზმი, როდესაც ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანზე პირადი მაგალითის მოყვანით გიწევს მედიასთან საუბარი და პოლიციის ლუპის ქვეშ ექცევი.
სანდროს მშობლები ექიმები იყვნენ.
"არცთუ ცუდად ვცხოვრობდით. სკოლაშიც ფრიადოსანი ვიყავი. ვერავის წარმოედგინა ოდესმე, ქუჩა თუ მიმიზიდავდა. მერე მამამ ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო და თავი დაიღუპა. ბევრჯერ მინანია, რომ ჩემი წილი ახალგაზრდული ადრენალინი, რომელიც განათლებით და მოტოზე ქროლვით უნდა მიმეღო, ნარკოტიკებმა მიმაღებინეს. მათ შოვნას და მოხმარებას დავახარჯე ყველა ჩემი რესურსი", — ამბობს სანდრო.
შუა ინტერვიუში მეთერთმეტე კლასი და პირველად მოხმარებული მორფის დოზაც აგონდება, ის გორის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ასაკით უფროს მეგობრებთან "შეკრული" თანხით იყიდა. მაშინ მეგობრების გაფრთხილებამ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დამოკიდებულების ჭაობში აღმოჩენდებოდა, არ გაჭრა.
სანდროს, ათასობით მოზარდის მსგავსად, სჯეროდა, მაშინ დაანებებდა თავს ნარკოტიკების მოხმარებას, როცა მოინდომებდა.
"მახსოვს, რომ პირველმა დოზამ ხასიათზე მომიყვანა, თითქოს უფრო ხალისიანი გავხდი, მაგრამ ეს დროებითი სიხალისე იყო. მეორე დღესვე მარტო ჩავედი გორში და უკვე ნაცნობ ადგილას "მშრალი მორფი" ვიყიდე. იაფი იყო, 10 ლარი ჩემი ასაკის ორ ადამიანს ჰყოფნიდა.
ამ გადასახედიდან ვხვდები, თუ რატომ იწყებენ მოზარდები ნარკოტიკების მიღებას, მათ ასაკში თითქმის ყველას აწუხებს დეპრესია, კომპლექსები. ნარკოტიკების მოხმარების მერე კი უფრო გახსნილები ხდებიან. თან, მაშინ მეგონა, რომ დამოკიდებული არ გავხდებოდი, თუნდაც იმიტომ, რომ არასოდეს მექნებოდა ფული ყოველდღიური მოხმარებისთვის. ამაშიც შევცდი. როცა დამოკიდებული ხდები, ბევრ რამეზე მიდიხარ".
20 წლამდე სანდრო ხშირად არ მოიხმარდა ნარკოტიკებს. არც "ლომკა" (აბსტინენციის სინდრომი) ჰქონია, მაგრამ ნელ-ნელა ნარკომომხმარებელთა და გამსაღებელთა სანაცნობო წრე გაუფართოვდა და ნარკოტიკებზე წვდომა უფრო გაუადვილდა.
სანდროს შეეძლო ათ წუთში ეშოვა ჰეროინი (90-იანი წლების ბოლოს საქართველოში ჰეროინის მოხმარებამ მოიმატა). პირველი აბსტინენციის სინდრომიც ჰეროინმა აგრძნობინა. იმ პერიოდში საქართველოში რთულად თუ მოიძებნებოდა "ჰეროინის ეპიდემიას" გადარჩენილი ოჯახი.
"ჰეროინი იაფი და სუფთა იყო. დათვლილიც კი მქონდა: 1 გრამში 30 დოზა მოდიოდა. ერთხელ სოფელ კვაისაში, ოსეთსა და რაჭას შორის რომ არის, ვიღაც მოსახლეს 80-ლარიანი დურბინტი ერთ მუჭა ჰეროინში გადავუცვალეთ. ბედი ჯერ კიდევ მწყალობდა - თუ ოსეთისკენ ან პანკისისკენ მანქანით მივდიოდით და პოლიცია გასაჩხრეკად გვაჩერებდა, ვერაფერს პოულობდა, ისე ვმალავდით", — ჰყვება სანდრო.
2000 წლის დასაწყისში სანდროს ოჯახის წევრებმა განგაში ატეხეს, მისი წამალდამოკიდებულება ყველასათვის თვალსაჩინო გახდა, მაგრამ როგორც კი მშობლები ჩხუბს ან ჭკუის დარიგებას იწყებდნენ, მდგომარეობა ორმაგად რთულდებოდა, სანდრო სახლიდან ნარკოტიკის მორიგი დოზის საშოვნელად გარბოდა.
"ერთი წელი ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში ვისწავლე. თუმცა გონება უკვე სხვა მიმართულებით მიმუშავებდა. სულ რაღაც და საიდანღაც უნდა მეშოვა, ხელი ჩავიქნიე უმაღლეს განათლებაზე. ისეთ გარემოში ავითქვიფე, სადაც ნაცნობთა უმეტესობა რაღაცას მოიხმარდა, ნარკოტიკს ან ალკოჰოლს. ჩემს გარშემო უბნის პოლიციელებიც კი მომხმარებლები იყვნენ. თუ ფაქტზე დაგიჭირდნენ, თანხას გძალავდნენ და ციხით იმუქრებოდნენ. ეს თანხაც სულ მუდამ საშოვნელი იყო...
ნარკომანიის განყოფილებაში პოლიციელები ყველაზე დიდი სტაჟის მქონე მომხმარებლები იყვნენ. ამიტომ იოლად ცნობდნენ სხვა მომხმარებლებს და ქუჩაში დაკავებით თუ სახლში მივარდნებით დიდ ფულს აკეთებდნენ.
2003 წლამდე ქუჩაში "შეკაიფებული" [ნარკოტიკების თრობის ქვეშ] პოლიციელები ხშირად გაჩერებდნენ, ჯერ ხელებს გითვალიერებდნენ და თუ ნაჩხვლეტს გიპოვიდნენ, კამოზე, ნარკოლოგიურში გადაჰყავდი, შარდს გაბარებინებდენ და 75-ლარიან ჯარიმას გიწერდნენ.
მაშინაც კი, კანონმდებლობით, ნარკოტიკების მოხმარების გამო, ციხეში არ გიშვებდნენ. იძულებითი მკურნალობაც გაუქმებული იყო, მაგრამ პოლიციის "რეიდების" დროს, ფიზიკური და მორალური წნეხის გამო, იძულებული იყავი სამართალდამცველებთან ფინანსურ გარიგებაში შესულიყავი და მათი მოთხოვნის შესაბამისი თანხა გადაგეხადა.
უბნების მიხედვით თანხაც სხვადასხვა იყო: თუ "პრაკოლებზე" (ნარკოტიკის ინექციური მოხმარების შედეგად კანზე დარჩენილი ნემსის ნაჩხვლეტი) გარეუბანში, მაგალითად, გლდანში, დაგაკავებდნენ, 100 დოლარს, ვაკეში კი 300 დოლარს იხდიდი", — აზუსტებს სანდრო და იხსენებს დაკავების ერთ შემთხვევას, როდესაც ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, მაგრამ მან უარი თქვა შარდის ანალიზის ჩაბარებაზე და არც 75-ლარიანი ჯარიმა გადაიხადა.
ეს გამბედაობა ძვირად დაუჯდა, პოლიციამ მასზე ნადირობა გამოაცხადა.
"მაშინ თუ ძალოვანები რამეს, რეალურად, ვერ გიმტკიცებდნენ, შეეძლოთ ნარკოტიკის ჩადებით წლობით გამოეკეტე ციხეში".
სანდროს თქმით, საბჭოთა დროიდან მოყოლებული ძალოვანებისთვის ნარკოპოლიტიკა ყოველთვის იყო და რჩება ოპერატიული მუშაობისა და ადამიანების დაშინების ეფექტიან ბერკეტად.
2006 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანაშაულის მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობის" პირობებში, როდესაც ათასობით ნარკოტიკის მომხმარებელთა მიმართ საქმე ერთდროულად აღიძრა, სანდროც აღმოჩნდა ერთ-ერთი მსხვერპლი. თუმცა, ოჯახმა და სამეგობრომ საპროცესო შეთანხმების, რამდენიმე ათასი ლარის აგროვების, ხუთწლიანი პირობითი მსჯავრისა და ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, მოახერხა მისი ციხიდან დახსნა.
"ოჯახიც შევქმენი. მინდოდა, ჩემი ცხოვრება სხვანაირი ყოფილიყო, თუმცა ცოლს მალევე გავეყარე. ვცდილობდი თავი შემეკავებინა აქტიური მოხმარებისგან. ხუთი წელი მეთადონით ჩანაცვლებით პროგრამაში ვიარე, 150 მილიგრამიდან 10-ზე ჩამოვედი.
ვმუშაობდი მშენებლობაზე, დასუფთავების სამსახურში, უძრავი ქონების აგენტად, მაგრამ ეს დროებითი სამუშაო იყო. ნარკოსტატუსის გამო არ მიღებდნენ სამსახურებში, არ მეძლეოდა რომელიმე კონკრეტული მიმართულებით განვითარების პერსპექტივა. ჩემი პრობლემების წინაშე საბოლოოდ ყოველთვის მარტო ვრჩებოდი და ერთადერთი, რასაც ვახერხებდი, სტაციონარული დეტოქსის კურსის გავლა იყო. მერე კი, უმნიშვნელო მიზეზიც მოხმარებისკენ მიბიძგებდა.
დამოკიდებული ადამიანი ყოველთვის განიცდის დისკომფორტს, მაგრამ გაცილებით დიდი დისკომფორტი აქვს, თუ არაფერს იღებს და უმოქმედოა, უუნარო. ეს პირდაპირი გზაა დეპრესიამდე, სასოწარკვეთამდე", — აღნიშნავს სანდრო.
ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის "დიდი დეპრესიის ხანაში" (2006 წლიდან შავი ბაზრიდან გამქრალი ჰეროინის, ოპიუმის, სუბოტექსის პერიოდი) სანდრომ კუსტარული ნარკოტიკის, "ნიანგის" გამოყენება დაიწყო.
"ნიანგი", იგივე "კრაკადილი", სამედიცინო ენაზე "დეზომორფინი" აზიანებს კანს, სისხლძარღვებს, ძვლებს, შინაგან ორგანოებს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
"ნიანგმა" სანდროს მნიშვნელოვნად დაუზიანა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ფეხზე ჩირქოვანი ღრუს გაჩენის გამო რთული ოპერაციის გაკეთებაც მოუწია.
2011 წელს სანდრო მოხალისედ მივიდა ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია ახალ ვექტორში, რომელიც უფლებათა ადვოკატირებასა და მომხმარებლებისთვის ზიანის შემცირების სერვისების მიწოდებაზე მუშაობდა.
რამდენიმეწლიანი აქტივიზმის შემდეგ, სანდრო ამავე ორგანიზაციის სოციალური მუშაკი გახდა. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია იყო ერთადერთი ადგილი, სადაც არავინ ძრახავდა ნარკოტიკების მოხმარების გამო, მეტიც, მისი ნარკოგამოცდილება სხვა ადამიანების სასარგებლოდ ამუშავდა და საზოგადოებრივ ცხოვრებასაც გაცილებით მეტი აზრი მიეცა.
სანდრო აქტიურად ჩაერთო სოციალურ მუშაობაში. გაიარა არაერთი პროფესიული ტრენინგი, მონაწილეობდა არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ ხმაურიან აქციებში, იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც მედიაში ღიად აცხადებდა, რომ მომხმარებელია და დასჯის ნაცვლად, ჯანდაცვის სერვისები, საზოგადოების მხარდაჭერა და იმ ადამიანად აღიარება სჭირდება, რომელსაც აქვს არჩევანის უფლება იცხოვროს ისე, როგორც სურს ან შეუძლია.
"შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ აქტივიზმი ქუჩის ტესტირების მანკიერი პრაქტიკისგან დამიცავდა, მაგრამ პირიქით მოხდა. 2016 წლამდე პოლიცია თვეში რამდენჯერმე მაჩერებდა ქუჩაში და ნარკოლოგიურში გადაყვანას მაიძულებდა, რასაც, მათი წარმოდგენით, მაღალი ჯარიმა ან დაპატიმრება უნდა მოჰყოლოდა".
სანდრო დღესაც დარწმუნებულია, რომ ნარკოტესტირება საქართველოში არის ადამიანის დამნაშავედ ქცევის იაფფასიანი ტრიუკი შარდის ან ნერწყვის ანალიზის საფუძველზე. მისი აზრით, ეს არის თავისუფლების შემზღუდავი, ღირსების შემლახავი პროცედურა, რომელიც სინამდვილეში ზეგავლენას ვერ ახდენს ნარკოტიკების მოხმარების შემცირებაზე.
ყველაზე მძიმედ, რაც სანდროს ამ თემასთან დაკავშირებით დაამახსოვრდა, საკუთარ ეზოში, ხუთი წლის შვილის თვალწინ მისი დაკავება იყო.
2014 წელს ეზოში მცირეწლოვან შვილს ველოსიპედით ასეირნებდა. უცებ ნასვამი პოლიციელები მიუახლოვნდნენ. ოთხიდან ორს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. უხეშად მიმართავდნენ. სანდრომ ტელეფონის ვიდეო ჩართო და პოლიციის განყოფილებაში წაყვანაზე უარი განაცხადა: თვლიდა, რომ უხეშად არ იქცეოდა, არც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და შვილსაც ვერავის დაუტოვებდა.
პოლიციელები თავისას არ იშლიდნენ და ფიზიკურ შეხებაზეც გადადიოდნენ. ამ დროს სანდრომ ერთ-ერთ პოლიციელს სამხრე ააძრო. მაშინვე განყოფილებაში გააქანეს, სარდაფში სკამზე ბორკილებდადებული მიაბეს და რამდენიმე საათი სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ.
სანდრო ბავშვზე დარდობდა, რომელიც ეზოში მარტო დატოვა.
მამაზე პოლიციის ძალადობით შოკირებული ბავშვი მეზობლებმა შეიფარეს.
რამდენიმე საათი განყოფილებაში ყოფნის შემდეგ სანდრო ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. ამბობს, რომ ეს იყო წამება, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის სასამართლო აღიარებდა, მაგრამ პროცესზე პოლიციელებმა საქმე ისე შეატრიალეს, თითქოს სანდრო მათ წინააღმდეგობის გაწევის დროს ცემასაც უპირებდა, სამხრეც ამიტომ მოაძრო. პოლიციელები მის დასჯას სისხლის სამართლით მოითხოვდნენ.
"მეც ჩემ უფლებებს ვედავებოდი. კარგი ადვოკატის დახმარებით, ყველაფერი სიტყვიერი გაფრთხილებით დასრულდა, რაც იმ პერიოდში დიდ მიღწევად ითვლებოდა".
ამ შემთხვევის მერე სანდროს ისევ აჩერებდნენ ქუჩაში მიუხედავად იმისა, რომ იცნობდა და პრაქტიკაშიც იყენებდა თავისი უფლებებს (კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, შეგიძლია უარი თქვა ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე, არ მისცე ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ).
2016 წელს სანდრო საქართველოდან ორი კვირით გაემგზავრა, ბავშვი ბელგიაში, იქ მცხოვრებ დედასთან წაიყვანა და საქართველოში თვითონაც აღარ დაბრუნდა. იმ დროისთვის მისი შვილის დედა მისი ყოფილი ცოლი იყო.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ბელგიაში სანდრომ მხოლოდ ერთი კვირა იარა ყოველდღიურად. ექიმი დარწმუნდა, რომ მოწესრიგებული პაციენტი იყო, რეცეპტი გამოუწერა, სუბოტექსის ერთი თვის მარაგი აფთიაქში იყიდა და მშვიდად გააგრძელა ცხოვრება.
"ექიმისთვის მნიშვნელოვანი იყო თავი კარგად მეგრძნო, საღად მეაზროვნა და რაც მთავარია, შრომისუნარიანი ვყოფილიყავი. ასეც მოხდა. არ ვიყავი შებოჭილი, დილა-საღამოს ჩემ დოზას ვიღებდი, არ მეშინოდა, რომ "ლომკაში" გავიღვიძებდი და ყველა კოშმარი თავიდან დაიწყებოდა. არავინ მაჩერებდა ქუჩაში, არავინ მაწუხებდა ტესტირებით. ხანმოკლედ მაინც ვიგრძენი ის თავისუფლება, რომელსაც ახლა თქვენ გრძნობთ", — ამბობს სანდრო.
საქართველოში დაბრუნებულს, კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა დახვდა. მისი თქმით, ახლა ხელახლა უწევს ჯოჯოხეთის გავლა, აკრძალული პრეპარატების მიღება, უფასო დეტოქსიკაციისთვის რამდენიმეთვიან რიგში დგომა, ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარად გამწესება, რაც საკმაოდ რთულია ფინანსურად და დროის ფაქტორის გამოც.
"როდესაც არცერთი მომხმარებელი აღარ იქნება ციხეში, დავიჯერებ, რომ საქართველო ლიბერალურ ღირებულებებზეა ორიენტირებული, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყანა არ ცვლის მკაცრ მიდგომებს, არ ცნობს ჩვენს უფლებებს. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებაც ამას ადასტურებს: პირველი აპრილიდან ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებს მართვის უფლება ჩამოერთვათ. საქართველოში ჩემისთანა ადამიანებისთვის მანქანა თვითდასაქმების ერთადერთი შესაძლებლობაა, მაგრამ არავინ მოუსმინა ნარკოლოგებს, რომლებიც აცხადებდნენ: ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები არ იწვევენ თრობას!
ხელისუფლება კვლავ ჩვენი ბიოლოგიური მასალის, ამჯერად, ნერწყვის შეგროვებამ გაიტაცა და არა ახალი გამოწვევების საპასუხო ღონისძიებებზე ზრუნვამ, თუნდაც იმ დიზაინერული ნარკონივთიერებების წინააღმდეგ, რომელთა სრული შემადგენლობა და დამღუპველი მოქმედების პოტენციალი ჯერ არავინ იცის", — ამბობს სანდრო.
რემისიების, ნარკოტიკების "გადაგდებების" უამრავი მცდელობების მიუხედავად, სანდრომ ვერ მოახერხა თავისი ცხოვრების შეცვლა, თუმცა პირად ომს ნარკოტიკებთან ბოლომდე წაგებულად ჯერ არ ცნობს.
პრობლემის მიუხედავად, ძველ სამსახურში, ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციაში, სოციალურ მუშაკად დაბრუნებას გეგმავს, პარალელურად კი დამოკიდებულების მკურნალობას და რეაბილიტაციას, მეგობრებთან ერთად სოციალურ ქსელში საერთო ბიზნესის დაწყებას და, რაც მთავარია, ფხიზლად ყოფნით სიამოვნების მიღებას.
კომენტარები