მეცნიერებმა მეტეორში კომეტის ნაწილი აღმოჩინეს
მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მეტეორში 0.1 მილიმეტრის ზომის ნახშირბადით მდიდარი ქვის ფრაგმენტი იპოვეს. მათი ინტერპრეტაციით, ეს კომეტის პატარა ნაწილაკია, რომელიც მზის სისტემის ფორმირების დროს მეტეორში ჩაიჭედა.
დედამიწაზე კომეტის ნიმუშები ფაქტობრივად არ გვაქვს, რის გამოც ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს ფრაგმენტი "შესაძლოა კომეტებისათვის დამახასიათებელ ნივთიერებებს შეიცავდეს. კომეტების ნიმუშები ძალიან იშვიათია, რადგან ისინი ატმოსფეროში შემოსვლას ვერ უძლებენ", - ნათქვამია Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
საკითხის უკეთ გასაგებად რამდენიმე რამ უნდა განვმარტოთ. მეტეორიტი არის დედამიწის ზედაპირზე ჩამოვარდნილი კოსმოსური ქვა. ის შესაძლოა ასტეროიდის ნაწილი იყოს, ასტეროიდი ქვოვანი სხეულია, რომელიც მზის სისტემის ფორმირების პროცესის ნარჩენია, ის ასევე შესაძლოა კომეტის ნაწილი იყოს, კომეტა ასტეროიდის მსგავსი სხეულია, მთავარი განსხვავება ისაა, რომ ის აქროლად ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც გაცხელებისას ატმოსფეროს, ანუ კომეტის კუდს წარმოქმნის.
ნაწილაკის ელექტრონული მიკროსკოპით შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მისი შემადგენლობა ამ დრომდე აღმოჩენილი იმ კოსმოსური ნაწილაკების შემადგენლობას ემთხვევა, რომელთა წარმოშობასაც მეცნიერები კომეტებს მიაწერდნენ.
დედამიწის ზედაპირამდე მოგზაურობას კომეტების უმრავლესობა ვერ უმკლავდება, თუ მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ნაწილაკის წყარო მართლაც კომეტაა, მისი საშუალებით კოსმოსური სხეულების წარმოშობისა და ჩამოყალიბების პროცესს უკეთ გავიგებთ.
კომენტარები