თანამედროვე სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება. თითქმის ყველა სფეროში, ტექნოლოგიებმა კაცობრიობას უამრავი სიკეთე მოუტანა და ეს ტენდენცია ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტად იზრდება. მსოფლიო ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ტექნოლოგიურ პროგრესთან, ამიტომ ნებისმიერ ინოვაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ქართველი მოზარდები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ, ამ მიმართულებით გამორჩეულ პროექტებს ქმნიან, რასაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსიც ადასტურებს. 2019 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ოთხასმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ფინალში მხოლოდ 13 საუკეთესო გავიდა.

ფინალი 28 მარტს ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, რომელთა ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო ადგილები მხოლოდ სამმა გუნდმა მოიპოვა, წარმოდგენილი პროექტებით კონკურსი მაინც გამორჩეული იყო. ჩვენ სწორედ იმ მოსწავლეებისა და ინოვაციების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც გაიმარჯვეს და თიბისის ფინანსური მხარდაჭერით NASA-ს ესტუმრებიან, მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი სტენფორდის უნივერსიტეტსა და Euro Space Center-ის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან.

ბარნის სმარტ ლაბირინთი

ფოტო: თიბისი

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველ ადგილზე პროექტი ბარნის სმარტ ლაბირინთი გავიდა. გუნდი სულ ხუთი წევრისგან შედგება, რომელიც საქართველოს სამი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. მოსწავლეების გამოგონება დიდ საქმეს ემსახურება. მისი დახმარებით, შესაძლებელი ხდება თაგვის მეხსიერების შემოწმება და დაკვირვება, თუ რა გავლენა აქვს ამა თუ იმ წამალს მეხსიერებაზე.

"ბიოლოგებს ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად დიდი დრო და რესურსების გამოყენება სჭირდებათ. მათ უწევთ კამერით დაკვირვება ტრაქეტორიაზე, შემდეგ მისი აღწერა და დასკვნების გამოტანა. ჩვენ შევქმენით ტექნოლოგია, რომელიც სენსორების გამოყენებით ამ ყველაფერს ავტომატურად აკეთებს", - ამბობს გამარჯვებული გუნდის წევრი სოფიო ჩიხლაძემ.

ფოტო: თიბის

პატარა გამომგონებლების მიერ შექმნილი სმარტ ლაბირინთი მეცნიერებს დროისა და რესურსების დაზოგვაში დაეხმარებათ. სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს, უფრო ზუსტი დაკვირვების საშუალებას იძლევა, რადგან ის ავტომატურად მიღებულ ინფორმაციას თავად აანალიზებს და შედეგებს პრინტერზე ბეჭდავს.

"ჩვენი პროექტით უკვე დაინტერესდა აგრარული უნივერსიტეტი. ისინი ისედაც იყენებდნენ მსგავს ლაბირინთს, თუმცა ჩვენი გაუმჯობესებული ვერსია ძალიან მოეწონათ. მისი ინტეგრაცია მომავალში სხვადასხვა ლაბორატორიებშიც შეიძლება, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოგონების მიმართ ინტერესი გაიზრდება", - გვითხრა გუნდის წევრმა სოფიო ჩიხლაძემ.

თიბისის ფინანსური ხელშეწყობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრებიან, სადაც NASA-ს ეწვევიან და საგანმანათლებლო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.

მოძრაობის სკანერი

ფოტო: თიბისი

კონკურსის მეორე ადგილი პროექტმა მოძრაობის სკანერი დაიკავა. პროექტი 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს, რომელიც რობოტექნიკის განვითარებას ემსახურება. მეორე ადგილოსნები თიბისის სტიპენდიანტები არიან, რომლებიც იმ 200 ბავშვში შედიან, ვინც თიბისისგან ყოველთვიურად მიიღებს დაფინანსებას.

გუნდის წევრები გვიყვებიან, რომ მათ შექმნეს სენსორები, რომლებიც ადამიანის სხეულის ნაწილებზე მაგრდება, მოძრაობისას კი სენსორიდან მიღებული ინფორმაცია რობოტს გადაეცემა, რომელიც იმეორებს ადამიანის მოძრაობებს.

"ჩვენი პროექტი არის მოძრაობის სკანერი. სხეულის თითოეულ კიდურზე მაგრდება სენსორი, სენსორიდან ვიღებთ ვაიფაის მეშვეობით ინფორმაციას და გადავცემთ კომპიუტერსა და რობოტს, ისინიც შეძლებისდაგვარად იმეორებენ ადამიანის მოძრაობას", - ამბობს გუნდის წევრი.

ინოვაციის ავტორები ფიქრობენ, რომ მათ გამოგონებას დიდი პერსპექტივა აქვს. მის შექმნაზე სულ რაღაც ორი თვე მუშაობდნენ და უკვე ხელშესახები შედეგი მიიღეს, მომავალში კი მის დახვეწას აპირებენ.

ფოტო: თიბის

"დაახლოებით ორი თვე ვმუშაობდით. ახლა რადგან იაფფასიან და გავრცელებულ სენსორებს ვიყენებთ, მაგიტომ ხარისხი ძალიან კარგი არ არის. ჯერჯერობით, რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს. თუმცა, გარდა ამისა, ვაპირებთ, მექანიზმს სხვა სენსორებიც დავუმატოთ. ამაზე უკვე ვმუშაობთ, თუმცა დასრულებული არ გვაქვს", - ამბობს მეორე ადგილოსანი გუნდის წევრი.

მოძრაობის სკანერის შემქმნელები რობოტექნიკის კურსებზე სტენფორდის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან, სადაც უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებენ. იქ მიღებული განათლება კი საკუთარი ინოვაციის დახვეწაში დაეხმარებათ.

ესკულაპე

ფოტო: თიბისი

კონკურსში მესამე ადგილი პროექტმა ესკულაპემ დაიკავა. მათ შექმნეს ხელსაწყო, რომელიც ექიმის რეალური კაბინეტის იმიტაციას ქმნის. ხელსაწყო საშუალებას იძლევა ექიმმა პაციენტი დისტანციურად გასინჯოს, მისცეს მათ მითითებები და ჩაუტაროს დიაგნოსტიკა.

„ასეთი ხელსაწყო ჯერ არ შექმნილა. მართალია, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც მხოლოდ კონსულტაციის გავლით შემოიფარგლება, თუმცა ყველა ამ აპლიკაციისგან განსხვავებით, ჩვენ ვახდენთ ექიმის რეალური კაბინეტის იმიტაციას, ვქმნით მინი დიაგნოსტიკურ ცენტრს, სადაც ექიმი პაციენტს მისცემს როგორც მითითებებს, ასევე შეძლებს პაციენტის გასინჯვას დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად", - ამბობს გუნდის ერთ-ერთი წევრი ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან საუბრისას.

ფოტო: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი

გუნდის წევრები ბელგიაში, Euro Space Center-ის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც საშუალება ექნებათ გაიცნონ უცხოელი ინოვატორი თანატოლები, მიიღონ მრავალმხრივი გამოცდილება და დაესწრონ სხვდადასხვა სემინარებს.

გამარჯვებული გუნდების გარდა, ფინალში კიდევ 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მართალია მათ საპრიზო ადგილები ვერ მოიპოვეს, მაგრამ ყურადღების მიღმა არც ისინი დარჩენილან. კონკურსის სხვადასხვა პარტნიორებმა რჩეულ გუნდებს საკუთარი საჩუქრები გადასცეს:

საქპატენტის რჩეული "მომავალი მშენებლების" გუნდი გახდა, რომლებმაც უცემენტო ბეტონი შექმნეს, აზროვნების აკადემიამ და National Geographic-მა კი პრიზები გადასცეს გუნდს, რომელმაც ნანორობოტის საშუალებით სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაციის მეთოდი გამოიგონა. ტეგეტამ 5000 ლარი გადასცა მოსწავლეებს, რომლებსაც Carქესის იდეა ეკუთვნოდათ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი თავის რჩეულებს 50%-იანი ვაუჩერი გადასცა.

ამავე თემაზე: