ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, წლიდან წლამდე, სამეცნიერო და ტექნოლოგიური გარღვევები სულ უფრო სწრაფად მიიღწევა. ზოგ შემთხვევაში მოვლენების განვითარება წარმოუდგენელი ტემპით ხდება. ის რაც გუშინ ფანტასტიკის სფერო იყო, დღეს შეიძლება რეალობად იქცეს.

მართალია, წინა საუკუნის 80-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმების წინასწარმეტყველებები არ გამართლდა და XXI საუკუნის დასაწყისში მფრინავი მანქანებითა და სკეიტბორდებით არ გადავაადგილდებით, მაგრამ ბოლო წლების ტექნოლოგიური მიღწევებიც არანაკლებ საოცარია და რაც მთავარია, ასეთი გარღვევები კიდევ უფრო საოცარი მომავლის პერსპექტივას გვიხატავენ.

იმუნური უჯრედების ინჟინერია

იმუნიტეტის გენეტიკურად დამუშავებული უჯრედები კიბოს პაციენტებს დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარებიან.

სისხლის თეთრი უჯრედები გენეტიკურად მოდიფიცირდება რათა ებრძოლოს და გაანადგუროს ლეიკემიის უჯრედებს. T ანუ ე.წ. მკვლელი უჯრედები იმუნური სისტემის ნაწილია. 2011 წელს ამერიკულმა კომპანია Celletics-მა გამოაცხადა, რომ ამ ტიპის უჯრედების კონტროლის გზას მიაგნეს. T უჯრედებს ადამიანის სისხლიდან იღებენ, ვირუსის საშუალებით ახალ დნმ ინსტრუქციას უწერენ, რის შემდეგაც კვლავ სისხლში აბრუნებენ. ტექნოლოგია უკვე სამასზე მეტ პაციენტზე წარმატებით გაიტესტა, ხშირია სრული რემისიის შემთხვევაც. ფარმაცევტული კომპანიები უკვე მუშაობენ აღნიშნული ტექნოლოგიის ბაზარზე შემოტანისთვის.

მცენარეების გენების ზუსტი მოდიფიკაცია

გენური ინჟინერიის ტექნოლოგია CRISPR გენების მოდიფიკაციის ისეთ საშუალებას იძლევა, რომ შესაძლებელი იქნება შეიქმნას სხვადასხვა დაავადებების, ამინდისა და ბუნებრივი პირობების გამძლე მცენარეები, რომლებიც ნაყოფს ნებისმიერ პირობებში გამოიღებენ.

ჩინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში უკვე შექმნა სოკო-გამძლე ხორბალი. იგივე ტექნიკას გამოიყენებენ ბრინჯის მოსავლიანობის გასაზრდელადაც. ბრიტანეთში წარმატებით შეიქმნა გვალვაგამძლე ქერი. გენ-მოდიფიცირებული მარცვლეულის ბაზარზე დაშვებას აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთის შესაბამისი უწყებები სწავლობენ და მათ ბაზარზე დაშვებას განიხილავენ.

მრავალჯერადი რაკეტები

რაკეტები გამოყენებისთანავე ნადგურდება, რაც კოსმოსურ კვლევებსა და მგზავრობას აძვირებს და ნებისმიერი ახალი მისია, იქნება ეს სატელიტის გაშვება ორბიტაზე თუ ტვირთის ატანა საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე ასტრონომიულ თანხებთანაა დაკავშირებული. გარდა თანხებისა ახალი რაკეტების შექმნას დროც სჭირდება. სწორედ ამიტომ მრავალჯერადი რაკეტები უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური გარღვევაა, რომელიც გააორმაგებს კოსმოსური კვლევებისა და მოგზაურობის ტემპს.

გაშვებული რაკეტის დედამიწაზე დაბრუნება უკვე ორმა კომპანიამ მოახერხა, Space X-მა და Blue Origin-მა. ტექნოლოგია ჯერ-ჯერობით დასახვეწია და მხოლოდ ტესტირების ფაზაშია, თუმცა ორივე კომპანიამ შესანიშნავი შედეგები აჩვენა.

რობოტები, რომლებიც ერთმანეთს ასწავლიან

რობოტექნიკა სწრაფად ვითარდება და საწარმოებში მათი რაოდენობა დღითი დღე იმატებს, თუმცა ჯერ კიდე პრობლემურია რობოტების მიერ ყოველდღიური ნივთების მიმართ მოპყრობა ან მარტივი დავალებების შესრულება, მაგალითად წინდების დაკეცვა, ბანანის აღება და ყუთში ჩაწყობა და ა.შ.

ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფანი ტელექსი "მილიონი საგნის გამოწვევის" თეორიის ავტორია. მას სურს, რომ მსოფლიოს გარშემო არსებულ მილიონობით რობოტს ერთიანი სასწავლო ბაზა შეუქმნას. ქსელში ჩართული ყველა რობოტი თავის ცოდნას სპეციალურ ქლაუდ სერვერზე ატვირთავს და სხვა რობოტებს საშუალება ექნებათ ახალ ახალი ინფორმაციები ჩამოტვირთონ და ცოდნა გაიღრმავონ.

დნმ-ის App-store

კომპანია Helix-ის დამფუძნებელ ჯასტინ კაოს დნმ ინფორმაციის ონლაინ ბანკის შექმნის იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც რადიოში ე.წ. "ტკბილი გენის" აღმოჩენის შესახებ მოისმინა. "ტკბილი გენის" მატარებელი ადამიანებს უფრო მეტად აქვთ მოთხოვნილება მიიღონ ტკბილეული ან ზოგადად შაქარი. კაოს მაშინვე მოუნდა გაეგო, იყო თუ არა თავად ამ გენის მატარებელი და სწორედ აქედან დაებადა იდეა.

მისმა კომპანიამ უკვე $100 მილიონის ინვესტიცია მიიღო, რათა შექმნას სპეციალური აპლიკაცია, რომლის მომხმარებლისგანაც კომპანია აიღებს ნერწყვის ნიმუშს, გააკეთებს მისი გენების აღწერას და ატვირთავს ბაზაში. შესაბამისი ციფრული აპების დახმარებით მომხმარებელს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია რომელი გენების მატარებელია, რისკენ შიძლება ჰქოდეს მიდრეკილება, რა ავადმყოფობა შეიძლება მომავალში განუვითარდეს და ა.შ. Helix თანამშრომლობს დნმ-ის სწრაფი ანალიზის მოწყობილობებზე მომუშავე კომპანია Illumina-სთან. მათი თანამშრომლობის შედეგად ბაზარზე შემოვა აპლიკაცია, რომელიც ადამიანის 20,000-მდე გენს გააანალიზებს და აპლიკაციის მფლობელს სრულ ინფორმაციას მიაწვდის. მომხმარებელს შეეძლება აკონტროლოს თავისი მონაცემები და სურვილის შემთხვევაში სხვა დეველოპერებსაც მისცეს ინფორმაციაზე წვდომა, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა დნმ აპლიკაციებს შესთავაზებენ მათ.

ეს მოსალოდნელ აღმოჩენათა მცირე სიაა და წელს, ისევე როგორც მომავალში, კიდევ უფრო მეტ წინსვლას უნდა ველოდოთ.