საშობაო მსვლელობა თბილისში
თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საშობაო მსვლელობა "ალილო" გაიმართა. მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი დღეს, 7 იანვარს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ტრადიციულად, მსვლელობის მონაწილეებმა ტკბილეული და საჩუქრები შეაგროვეს, რომლებიც, მათი თქმით, ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს უნდა გადაეცეს.
მამა დავით კონჯარია On.ge-ს უყვება, რომ თეატრალიზებული წარმოდგენით ქრისტეშობის დროს მომხდარი მოვლენები აღადგინეს:
"ანგელოზები ღებულობდნენ მონაწილეობას, მწყემსები, რომლებიც მივიდნენ და თაყვანი სცენ, მოგვები, რომლებიც მივიდნენ და ძღვენი მიართვეს, ასევე, ცხოველები".
ანგელოზისა და მწყემსის ფორმაში გამოწყობილმა ბავშვებმა, მებაირაღეებმა და უღელში გაბმულმა, საშობაოდ მორთულმა ხარებმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრება 13 საათიდან დაიწყეს. ერთ საათში ისინი რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.
"ოცხდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო...", — ეს და სხვა საგალობლები და სიმღერები ფონად გასდევდა 7 იანვრის საშობაო მსვლელობას.
თბილისის პარლამენტის შენობის წინ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და დეპუტატი მამუკა მდინარაძე შეხვდნენ საშობაო მსვლელობას.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
კომენტარები