აღმოჩენა: მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტი ვარდისფერი ჯუჯა პლანეტაა
ახლახან ასტრონომებმა მზის სისტემაში მყოფი ყველაზე შორეული ობიექტი აღმოაჩინეს და ის ვარდისფერი ჯუჯა პლანეტაა. ობიექტის ფორმალური დასახელება "2018 VG18-ია" და ის მზიდან 120 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული (ერთი ასტრონომიული ერთეული დაახლოებით დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილის ტოლია).
ახალი ობიექტი 35 მილიარდი კილომეტრით უფრო შორსაა, ვიდრე მზის სისტემის მეორე ყველაზე შორეული ობიექტი - ჯუჯა პლანეტა ერისი.
"ახალი პლანეტის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ მისი მიახლოებითი დიამეტრი და ფერი ვიცით. ვინაიდან ის მზისგან ძალიან შორსაა, ის მზის გარშემო ერთ ბრუნს სავარაუდოდ 1 000 წელზე მეტს ანდომებს", - აცხადებს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომი დევიდ თოლენი.
თოლენმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ობიექტი მოვარდისფროა და ის სიგანეში დაახლოებით 500 კილომეტრია. მათი თქმით, ობიექტი სფეროსებულია.
2018 VG18-ის აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა. მეცნიერები მზის სისტემის "გარეუბნებს" დიდი ხანია აკვირდებიან. მთავარი მიზანი კი ე.წ. პლანეტა X-ის პოვნაა, რომლის გავლენის შემჩნევაც მზის სისტემის გარე პლანეტებზე შეიძლება.
ახლადაღმოჩენილ პლანეტას, ისევე როგორც სხვა ტრანს-ნეპტუნისეულ ობიექტებს, უჩვეულო ორბიტა აქვს. ამის გამომწვევ მიზეზად კი ხშირად პლანეტა X სახელდება, რომელსაც მეცნიერები ჯერაც ვერ პოულობენ.
მეცნიერების თქმით, დიდი ობიექტების უმეტესობა მზესთან შედარებით ახლოს ჩამოყალიბდა, ამის მიზეზი ისაა, რომ მატერიის უმეტესი ნაწილი მზესთან ახლოს იყო თავმოყრილი. ამჟამად უცნობია, როგორ დაშორდა 2018 VG18 მზეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს მაინც ძალიან დიდი აღმოჩენაა.
"ახლა ჩვენი მზის სისტემა კიდევ უფრო დიდია. არსებობს შანსი, რომ მზის შორეულ ორბიტებზე კიდევ მრავალი ასეთი ობიექტი იმალებოდეს. ჩვენ ახალ ობიექტებს უცნაურ ადგილებში მუდმივად ვპოულობთ", - აცხადებს პლანეტარული მეცნიერებების ინსტიტუტის მეცნიერი ელიზაბეტ ადამსი.
კომენტარები