2026 წლის 30 აგვისტოს NASA-მ კოსმოსში ახალი "ფლაგმანი" ტელესკოპი გაუშვა, რომელიც ნენსი გრეის რომანის სახელს ატარებს. ეს მასშტაბური მისია სამყაროს საიდუმლოებების შესასწავლად უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ამ ადამიანის დამსახურებაც დიდი უნდა იყოს, მაგრამ მის შესახებ შეიძლება ბევრმა არც იცოდეს.

მაშ, ვინ იყო ნენსი გრეის რომანი?

მოდი, ასე დავიწყოთ: NASA-ს პირველი მთავარი ასტრონომი და სააგენტოს ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც მაღალი რანგის აღმასრულებლის თანამდებობა დაიკავა. 1959 წელს იქ კოსმოსური ასტრონომიის პროგრამა სწორედ მან დააარსა, ხოლო ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მისიის განხორციელებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ალბათ, უკვე მიხვდებოდით, რატომ უწოდებდნენ ნენსი გრეის რომანს "ჰაბლის დედას" — ეს იდეა მის ხელში განვითარდა და ფრთები შეისხა, რითაც კოსმოსურმა მეცნიერებამ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა.

ახლა კი მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში უფრო ღრმად ჩავიხედოთ.

ნენსი გრეის რომანის ადრეული წლები

იგი 1925 წლის 16 მაისს დაიბადა. მისი დედა მუსიკის მასწავლებელი იყო, მამა კი — გეოფიზიკოსი. ის ხშირად ამბობდა, რომ მეცნიერების მიმართ ინტერესი სწორედ მშობლებმა გაუღვივეს, განსაკუთრებით დედამ:

"მიჩიგანში ღამ-ღამობით ტბასთან მივყავდი, სადაც თანავარსკვლავედებს, პოლარულ ციალსა და სხვა მსგავს მოვლენებს ვაკვირდებოდით. ჩიტებს, ხეებს, ცხოველებსა და მცენარეებსაც მაჩვენებდა ხოლმე, ამიტომ მხოლოდ ასტრონომიით არ დავუინტერესებივარ", — იხსენებდა ის.

წლების მატების პარალელურად მასში კოსმოსის შესახებ მეტის გაგების სურვილიც იზრდებოდა. 11 წლის ასაკში ნენსიმ კლასელებთან ერთად სკოლაში ასტრონომიის კლუბი დააარსა. ასე ეცადა იგი, რომ ასტრონომია თავისი მეგობრებისთვისაც შეეყვარებინა, ინფორმაციის მოსაძიებლად კი ადგილობრივ ბიბლიოთეკას სტუმრობდა ხოლმე. მისი თქმით, კითხულობდა ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებოდა.

ნენსი გრეის რომანი ასტრონავტ ბაზ ოლდრინს ციურ სხეულებს აჩვენებს (ვაშინგტონი, 1965 წელი). ოლდრინი მეორე ადამიანი გახდა, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა.

ფოტო: NASA

გასაკვირი არაა, რომ ზუსტად მოზარდობისას გადაწყვიტა, პროფესიად ასტრონომობა აერჩია.

"მახსოვს, ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას ვფიქრობდი, რომ ასტრონომობა მსურდა", — ამბობდა მეცნიერი და იმასაც აღნიშნავდა, რომ ამ მიზნის მიღწევაში მშობლები ყველანაირად უწყობდნენ ხელს.

იმ დროს სასწავლებლად ქალებს ყველა კოლეჯი არ იღებდა. ამის გამო ნენსი გრეის რომანს მოუწია ისეთი სასწავლებელი შეერჩია, რომლის კარიც ქალებისთვისაც ღია იყო და თან ასტრონომიის ძლიერი პროგრამაც ჰქონდა. ასეთი აღმოჩნდა პენსილვანიაში მდებარე სვორტმორის კოლეჯი, სადაც მან სწავლა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დაასრულა.

მომდევნო საფეხურზე ჩიკაგოს უნივერსიტეტში გადაინაცვლა, სადაც ასტრონომიას სწავლობდა და პარალელურად იერკსის ობსერვატორიაში მუშაობდა. ის იქაურ აკადემიურ პერსონალს შორის პირველი ქალი იყო.

შემდეგი გაჩერება — NASA

კარიერის ადრეული წლები ასტრონომმა აკადემიურ დაწესებულებებში გაატარა, მოგვიანებით კი საქმიანობა აშშ-ის საზღვაო ძალების კვლევით ლაბორატორიაში გააგრძელა. იგი ვარსკვლავებს, გალაქტიკურ სტრუქტურებს, ორბიტალურ მექანიკასა და სხვა ფენომენებს აკვირდებოდა.

1959 წელს ახალი შესაძლებლობა გაჩნდა: აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ჯერ კიდევ ვითარდებოდა და სწორედ მისნაირი მეცნიერები სჭირდებოდა. ნენსი NASA-ში მიიწვიეს და პირველი ასტრონომიული პროგრამის შექმნა შესთავაზეს. იგი დათანხმდა და ამით ის "ტიტულები" დაიმსახურა, რომლებითაც სტატიის დასაწყისში გაგაცანით.

"აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდან პროგრამის წამოწყება, რომელიც, სავარაუდოდ, მომდევნო 50 წლის განმავლობაში ასტრონომიაზე იქონიებდა გავლენას, დიდი გამოწვევა იყო. მასზე უარს ვერ ვიტყოდი", — აცხადებდა ის.

ნენსი გრეის რომანი NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრში, 1972 წელი.

მისი თქმით, პროგრამის დაარსებისას ქვეყნის მასშტაბით ასტრონომიის დეპარტამენტებს ეწვია. მათ NASA-ს გეგმებს აცნობდა და თან იმის გაგებაც სურდა, რისი მიღწევა უნდოდათ მეცნიერებს სააგენტოსთან ერთად. ასე და ამგვარად, ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების 1959 წლის შეხვედრაზე ნენსი გრეის რომანმა NASA-ს ახალი პროგრამა წარადგინა.

იგი კვლევებს სააგენტოს გარეთაც აგრძელებდა, იქ კი ადრეულ კოსმოსურ მისიებს ხელმძღვანელობდა. მაგალითად, ის თანამშრომლობისთვის ასტრონომებს ეძებდა, ინჟინრებთან ერთად მისიების ბიუჯეტის შესადგენად მუშაობდა და გეგმების განსახორციელებლად ძალას არ იშურებდა. NASA-ში მისი მისვლიდან 11 წლისთავზე მთვარეზე პირველი ადამიანები დაეშვნენ, ანუ ეკიპაჟიანი ფრენები უკვე აქტიურდებოდა. ამის მიუხედავად, მეცნიერი ყველანაირად ცდილობდა, რომ ასტრონომიის განვითარებაც არ შეჩერებულიყო, რისთვისაც NASA-ში და მის გარშემო პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინება უწევდა.

"ჰაბლის დედა"

ნენსი გრეის რომანი არაერთ მისიაში, პროექტსა თუ კვლევით პროცესში იყო ჩართული. ზოგი ასეთი ძალისხმევა მთლიანად ასტრონომიის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, რისი მთავარი მაგალითიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპია.

განვითარების ადრეულ ეტაპზე მას "დიდ კოსმოსურ ტელესკოპად" მოიხსენიებდნენ, თავად იდეა კი 1940-იანი წლებიდან არსებობდა. ამის მიუხედავად, ადამიანთა ნაწილი მსგავსი გეგმის განხორციელების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებდა და ღირებულებასთან დაკავშირებითაც ჰქონდა კითხვები. შესაბამისად, NASA-ში მომუშავე ნენსის მოუწია, კონგრესი ამ მისიის მნიშვნელობაში დაერწმუნებინა, რადგან დაფინანსების მოპოვების ერთადერთი გზა ეს იყო.

ასტრონომს, პირდაპირი მნიშვნელობით, იდეა უნდა გაეყიდა, რათა კოსმოსური მეცნიერება მომდევნო ეტაპზე გადასულიყო. ამაში კოლეგებიც დაიხმარა და მიზანს მიაღწიეს. შედეგად, ჰაბლმა სამყაროში ახალი ფანჯარა გაგვიხსნა და კოსმოსის საოცრებები სურათების სახით საზოგადოებამდეც მიიტანა.

სამწუხაროდ, ნენსი გრეის რომანი ვერ მოესწრო დღეს, როცა მისი სახელობის ტელესკოპი კოსმოსში გაუშვეს. ის 2018 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა, 92 წლის ასაკში, თუმცა კაცობრიობას ბევრი ღირებული მიღწევა დაუტოვა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.