კოსმოსში არაერთი საინტერესო ობიექტი თუ ფენომენია, რისი მაგალითიც ასტრონომების ახალი აღმოჩენაა. მათ დააფიქსირეს 4 ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემა, რომელშიც მნათობების სპეციფიკური მოძრაობა დაბნელებების მთელ სერიას იწვევს.

მკვლევრებმა კოსმოსური ტელესკოპი TESS გამოიყენეს, რომელიც ეგზოპლანეტების გამოსავლენად სწორედ ვარსკვლავთა დაბნელებებს აკვირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენი პერსპექტივიდან მათ წინ ციური სხეული გადაადგილდება და სინათლის ნაწილს ბლოკავს. ამას ტრანზიტის მეთოდი ეწოდება.

იმავე ხერხით ბინარული სისტემების დაფიქსირებაცაა შესაძლებელი, რომლებშიც 2 ვარსკვლავია. დედამიწიდან დაკვირვებისას ერთი მათგანი მეორეს აბნელებს ხოლმე. სისტემა, რომელსაც TIC 433545934 ეწოდება, კიდევ უფრო გამორჩეულია, რადგან 4 ვარსკვლავს შეიცავს. ის 2+2 ტიპისაა, ანუ მნათობები დაწყვილებულია.

ჩვენგან TIC 433545934-ისკენ მიმართული ტელესკოპის ობიექტივში ორივე წყვილში არსებული თითოეული ვარსკვლავი თავისი მეზობელი ობიექტის დაბნელებებს იწვევს. ამავე დროს, ერთ-ერთი წყვილი (B) მეორის (A) წევრებს აბნელებს. საინტერესოა, რომ დედამიწის პერსპექტივიდან A არასდროსაა B-ის წინ, ანუ დაბნელება პირიქით არ ხდება.

ფოტო: Science Photo Library

A სისტემაში ვარსკვლავები ერთმანეთს გარს ყოველ 2 დღეში უვლის, მათი მასა კი მზისას 2.2- 2.4-ჯერ აღემატება; B-ში ორბიტალური პერიოდი უფრო ხანმოკლეა — 1.4 დღე. იქ ერთ ობიექტს A-ის წევრების მსგავსი მასა აქვს, მეორისა კი მზეზე 1.3-ჯერ მეტია.

თავად წყვილები ერთმანეთის ირგვლივ მოძრაობას 224.5 დღეს ანდომებს. TIC 433545934 კომპაქტურობის მიხედვით ასეთ სისტემებს შორის მეხუთე ადგილზეა. მისი ასაკი სულ რაღაც 580 მილიონი წელია, თუმცა ვარსკვლავები უკვე ფართოვდება, ანუ ახალ ფაზაში გადადის.

ვარაუდობენ, რომ 152 მილიონ წელში მათგან სამი ყველაზე მასიური მნათობი ე.წ. როშის ღრუს მიაღწევს. ესაა წვეთის ფორმის რეგიონი, რომელიც ვარსკვლავთა გრავიტაციული ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. ამ საზღვრის მიღმა ობიექტიდან მატერიის გადინება/შთანთქმა იწყება. შესაბამისად, მეცნიერთა მიერ შესწავლილ ოთხმაგ სისტემას განადგურება ემუქრება.

ნაშრომი გამოცემა Astronomy & Astrophysics-ში გამოსაქვეყნებლად წარადგინეს და ამჟამად არარეფერირებად პლატფორმა ArXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.