ამჟამად დიდ ბრიტანეთში ერთი მილიონი ვეგეტარიანელი და 500 000 ვეგანია, ეს რაოდენობა კი მუდმივად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ვეგანურ საზოგადოებაზე დაყრდნობით ამ ადამიანთა ასაკი 15 წელს აჭარბებს, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ვეგეტარიანიზმის და ვეგანიზმის პოპულარიზაციასთან ერთად, უხორცო რაციონზე უფრო და უფრო მეტი ბავშვი იზრდება.

პატარებისთვის, საჭირო რაოდენობის მინერალებისა და ვიტამინების მიწოდება ყველანაირი შეზღუდვების გარეშეც რთულია. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ბავშვების დიდი ნაწილი საკმარის ვიტამინებსა და მინერალებს ვერ იღებს. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ვეგანური რაციონი ამ პრობლემას შესაძლოა კიდევ უფრო ამძაფრებდეს.

რამდენად შესაძლებელია ბავშვების ვეგეტარიანულ ან ვეგანურ რაციონზე აღზრდა?

ბავშვებს უამრავი სხვადასხვა ნივთიერება სჭირდებათ. დაბადებიდან ერთ წელიწადში ბავშვის მასა პრაქტიკულად სამმაგდება - ისინი კანის, ძვლის, სისხლისა და სხვა ორგანოების ქსოვილებს ძალიან სწრაფად წარმოქმნიან, რასაც, ბუნებრივია, რომ დიდი ენერგია სჭირდება.

როდესაც საქმე საკვების ტიპს შეეხება, ბავშვებს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ, მაგალითად, მოზრდილთათვის რეკომენდებულია ნაკლები ცხიმი და მეტი ბოჭკო, ორ წლამდე ბავშვებისთვის კი ეს მიდგომა სრულად არასწორია.

ექვს თვემდე, ბავშვები დედის რძიდან ან სპეციალურად ახალშობილთათვის შექმნილი საკვებიდან ყველა საჭირო ნივთიერებას იღებენ. ხოლო ექვსი თვის შემდეგ კი შეგვიძლია, რომ პატარებს ნელ-ნელა სხვა ტიპის საკვებიც გავაცნოთ.

მათი რაციონი უნდა შედგებოდეს ცილებისა და ცხიმების კარგი წყაროსგან, ასევე ბოსტნეულის, ხილისა და მარცვლეულისგან. უმჯობესია, რომ ბავშვებს მაქსიმალურად ბუნებრივი, მინიმალურად გადამუშავებული საკვები მივაწოდოთ. რაც უფრო მრავალფეროვან საკვებს მიიღებს ბავშვი, მით უფრო ნაკლები შანსია, რომ მას შეიძლება რაიმე ნივთიერება აკლდეს. არსებობს გავრცელებული მით იმის შესახებ, რომ ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის ცილების საჭირო რაოდენობით მიღება რთულია. განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების მიერ მოხმარებული ცილების დაახლოებით ნახევარი მცენარეული წარმოშობისაა, თუმცა ის ნამდვილად სიმართლეა, რომ მცენარეები უფრო მეტ ნახშირწყლებს შეიცავენ, ვიდრე ცილებს. ხოლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტები კი ცილებით უფრო მდიდარია.

ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მცენარეულ საკვებზე დამოკიდებული რაციონი დიდი ყურადღებით უნდა იყოს შერჩეული. ის უნდა შეიცავდეს ლობიოს, ბარდას, სოიოს, მუხუდოს და სხვა მცენარეებს, რომლებიც ცილებით შედარებით მდიდარია.

ვიტამინები და მინერალები

ვეგანური კვებისას ცილების მიღებაზე უფრო დიდი პრობლემა საკმარისი ვიტამინებისა და მინერალების მიღებაა, მაგალითად, ისეთების, როგორიც არის რკინა, კალციუმი, იოდი, თუთია, ვიტამინი B12 და D ვიტამინი. მცენარეებში ეს ნივთიერებები შედარებით იშვიათია, თანაც, მცენარეული წყაროებიდან ამ ნივთიერებების ათვისება ორგანიზმისთვის უფრო რთულია.

ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინები და მინერალები რძის პროდუქტებსა და კვერცხში მოიპოვება - ნაკლები შანსია, რომ ამ პროდუქტების შემცველმა ვეგეტარიანულმა რაციონმა ბავშვებში რაიმე პრობლემა გამოიწვიოს.

ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნშვნელობა რკინას აქვს, რადგან პატარებს, მოზრდილებთან შედარებით, ეს ნივთიერება უფრო მეტად სჭირდებათ. რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია მსოფლიოში მინერალების დეფიციტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები კი ამ პრობლემის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან.

ბავშვებს რკინის მიღება კვერცხის, მუხუდოსა და თხილის კარაქით შეუძლიათ, რკინას ასევე შეიცავს მუქი მწვანე ბოსტნეული, მაგალითად ბროკოლი. ასევე გამოსადეგია რკინით გამდიდრებული მარცვლეული, ფქვილი და რძე.

ვეგანებისთვის დაბალანსებული რაციონის შექმნა უფრო რთულია. მრავალფეროვანი ვეგანური რაციონის ქონის დროსაც კი, შესაძლებელია, რომ ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და განვითარებას პრობლემები შეექმნას. მინერალებითა და ვიტამინებით სავსე კვერცხსა და რძეზე უარის თქმა განსაკუთრებით დიდ დანაკლისს იწვევს.

ვეგანურ საკვებში ნაკლებია ცხიმიც, რაც ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ვეგანური დიეტა შეიძლება ღარიბი იყოს ბუნებრივი შაქრებითაც, მაგალითად, ლაქტოზით, რომელსაც რძე შეიცავს.

ცხოველებისგან წარმოებულ პროდუქტებზე უარის თქმით ვიტამინ B12-ის მიღების ერთადერთი გზა რჩება - ხელოვნური დანამატები. B12-ის ნაკლებობამ კი შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. მცენარეულ სამყაროში იშვიათია იოდიც, თუმცა მისი მიღება გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია. იოდიზირებული მარილის ყიდვა კარგია, თუმცა ეს ბავშვების შემთხვევაში არ გამოგვადგება, რადგან მათთვის დამატებითი მარილის მიღება რეკომენდებული არ არის. არც იოდის დანამატები გამოდგება, რადგან არსებობს დოზის გადამეტების რისკი. იოდის მიღების ერთ-ერთი ვეგანური გზა წყალმცენარეებია, თუმცა შეიძლება დრო დაგჭირდეთ, სანამ წყალმცენარეების კერძებში გამოყენებას ისწავლით.

მცენარეული დიეტა იდეალურისგან შორსაა

ბავშვები ძალიან "მოქნილები" არიან და მათ გადარჩენა მრავალფეროვან პირობებში შეუძლიათ, თუმცა, ჩვენ ახლა არა გადარჩენაზე, არამედ ოპტიმალურ ზრდასა და განვითარებაზე ვსაუბრობთ. ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ ვეგანური რაციონით შეუძლებელი არ არის, თუმცა ეს გზა იდეალური არ არის.

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა გრძელვადიან გავლენას ახდენას ვეგანური რაციონი ბავშვებზე. თუმცა, ბავშვის აღზრდისას შექმნილი პრობლემები ვეგანურ რაციონს ხშირად ბრალდება ხოლმე.

ნიდერლანდებში 18 თვიდან ექვს წლამდე ვეგანური რაციონის მქონე ბავშვებზე დაკვირვებით გაირკვა, რომ ისინი გარკვეული მინერალების დეფიციტს და შეფერხებულ ზრდას განიცდიდნენ.

თუ მშობლებს ვეგანური კვების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, სავსებით შესაძლებელია, რომ მათ ბავშვი მრავალფეროვან მცენარეულ საკვებზე გაზარდონ, დროდადრო კი, საჭიროების მიხედვით, ბავშვის რაციონში კვერცხი და რძეც ჩართონ, რათა პატარას აუცილებელი მინერალები და ნივთიერებები არ მოაკლდეს.